თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით იწყება კამპანია „ნუ მოჭრი - მორთე", ნათქვამია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წინასაახალწლო კამპანიის „ნუ მოჭრი - მორთე" ინიციატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, მხარდამჭერი კი თბილისის მერიაა.
ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებენ, ჩაერთონ აღნიშნულ კამპანიაში, რომლის ფარგლებში აქტივისტებს შესაძლებლობა ექნებათ თავად მორთონ ნაძვის ხეები ქუჩებში, პარკებში, სკვერებში, საცხოვრებელ სახლებთან და ა.შ.
აქციის მიზანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენცია და ქვეყანაში წიწვოვანი ხეების შენარჩუნება. კამპანია „ნუ მოჭრი - მორთე" პირველად 2016 წელს განხორციელდა.
„საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან საახალწლოდ დეკორატიული დანიშნულებით გამოიყენება აღმოსავლეთის ნაძვი (Picea orientalis) და კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), რომელთა ზრდაც 100-120 წელს და მეტ ხანსაც გრძელდება და 50 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს. როგორც ნაძვი, ასევე სოჭიც ცოცხლობენ 150-300 წელს", – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, გააძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები.