„მე ხმას ვაძლევ..." - ვის უჭერს მხარს ქართული შოუ-ბიზნესი?

© courtesy of Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კარგია თუ ცუდი, თუმცა, საქართველოში წინასაარჩევნო ისტერია ყველას და ყველაფერს შეეხო. ქვეყნის ბედისადმი გულგრილი პრაქტიკულად არავინ დარჩა.

საზოგადოება „ნაცებად" და „ქოცებად" და პოპკორნმომარჯვებულ მოსეირეებად დაიყო. გამონაკლისი არც ქართული ესტრადის ვარსკვლავები აღმოჩნდნენ, რომლებიც საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებენ.

ყველანი არჩევნებზე: ბახტაძე მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს>>>

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება, ერთმანეთს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი (№48 ) და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე (№5) დაუპირისპირდებიან, რომლის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე ოპოზიციურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" წარადგინა.

© Sputnik / Levan Avlabreli

„Sputnik საქართველომ" დაწვრილებით შეისწავლა ქართველი ცნობადი სახეების საჯარო გამოსვლები და სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიციები.

ალბათ, ყველაზე მეტად, საპრეზიდენტო არჩევნები მომღერალ სოფო ხალვაშის ცხოვრებასა და საქმიანობაზე აისახა. მას შემდეგ, რაც მომღერალმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და თბილისსა და ბათუმში მონაწილეობა მიიღო მის მხარდამჭერ კონცერტებში, „აჭარის ტელევიზიის" ადმინისტრაციამ, სადაც იგი მუშაობდა, საყვედური გამოუცხადა. მალე სოფომ თავად დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ იგი ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა.

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა რიგებშია ასევე თბილისსა და მოსკოვში პოპულარული მომღერალი აჩი ფურცელაძე.

ფურცელაძე აქტიურად მონაწილეობს ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტებში და საკუთარ მოწინააღმდეგეებს ემუქრება კიდეც: „ვინც ჩემზე ცუდი რამე თქვას, გული გაუპოს დანამა...". ეს არის ციტატა სიმღერიდან „ჟუჟუნა წვიმა", რომელსაც აჩიკო ფურცელაძესთან ერთად ასრულებენ ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია, აჩიკო მეფარიძე და ა.შ.

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„ჩვენ მოვიგებთ ამ არჩევნებს! ჩვენ უფრო მეტი ვართ, ვიდრე წარმოგიდგენიათ!!! გაიგეთ ბოლობოლო, რომ თქვენ უკან ვერ დაბრუნდებით, თქვენ ხალხს არ უნდიხართ და თუ შეიძლება, თავი დაგვანებეთ საერთოდ!", - წერს ქარსელაძე.

ჰეშთეგით #არამიშას სოციალურ ქსელში ხელოვნების სფეროში მოღვაწე არაერთი სახე გამოვიდა - მსახიობები მიშა მესხი, ნინელი ჭანკვეტაძე, ზურაბ და გიორგი ყიფშიძეები, მომღერლები თემურ თათარაშვილი, ზურაბ ხაჩიძე, პანჩო, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ელდარ კურტანიძე და ა.შ.

პოპულარული შემსრულებელი მაია დარსმელიძე საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებს. მომღერალი შეუერთდა მოძრაობა #არასალომეს, რომელიც საკუთარ Facebook-გვერდზე წერს: „ევროპელი" სალომეს ირგვლივ პრორუსული ძალა გაერთიანდა, „რუსი" ვაშაძის ირგვლივ კი პროდასავლური".

მომღერალი სოფო ნიჟარაძე მხარს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს და აქტიურად იზიარებს ოპოზიციური ტელეკომპანია Rustavi2-ის გენდირექტორის, ნიკა გვარამიას კომენტარებს.

პრეზიდენტობის მომხრეთა არცერთ მხარეს არ უჭერს მხარს მოსკოვში მოღვაწე გიგა გვენეტაძე. „თქვენ, ორივე მხარემ, ქართველ ხალხს დაანახა, რომ არცერთის ნდობა არ შეიძლება. საკუთარი შვილების ტალახში გასვრას მაინც უთხარით უარი", - წერს იგი.

2019 წლის დადგომამდე საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

 

ყველა ახალი ამბავი
0