თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ბენზინგასამართ სადგურებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
უკმაყოფილო მძღოლები და მოქალაქეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან დანაპირების შესრულებას ითხოვენ.
რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო ვაჟა-ფშაველას გამზირი. საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა თამარ მეფის გამზირზეც. ნახევარი საათის განმავლობაში პიკეტირებული იყო ლუკოილის ბენზინგასამართი სადგური.
აქციის მონაწილეებმა პროტესტი სიგნალებით და შეძახილებით გამოხატეს. ბენზინგასამართ სადგურებთან მათ ტრანსფარანტები მიიტანეს, სახელწოდებით - „დასწიეთ ფასები!“, „არა კარტელურ გარიგებას!“
„ეს არ არის ის ტარიფები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას 2012 წელს ჰპირდებოდა. ეს ადამიანი, თავის ხელის ბიჭებთან ერთად, არის გარიგებული კერძო ნავთობიმპორტიორებთან. თვითონ ადგენენ ამ საწვავის ფასს, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, მათ ჯიბეზე აისახება,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაალ გოროზიამ.
მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მძღოლები საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, საცალო ქსელში საწვავის ფასი საქართველოში ორ მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული – ესაა ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი Platt's–ის მიხედვით და ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ.