თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით დღეიდან მგზავრებს საშუალება აქვთ თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან GEORGIAN BUS-ის გარდა, მეორე სატრანსპორტო კომპანიის – OMNIBUS EXPRESS-ის მომსახურებითაც ისარგებლონ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი სამჯერ უფრო მეტ მგზავრს მოემსახურება>>>
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისები ახალი, 78-ადგილიანი, კომფორტული, გერმანული SETRA-ს ფირმის ორსართულიანი ავტობუსებით შესრულდება.
ავტობუსები აღჭურვილია ხანგრძლივი მგზავრობისთვის გათვალისწინებული კომფორტული და რბილი სავარძლებით, უფასო WiFi გადამცემით და მინიმაცივრით. ბორტზე შესაძლებელია გამაგრილებელი სასმელებისა და წასახემსი პროდუქტების შეძენა.
OMNIBUS EXPRESS-მა თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი რეისი დღეს, 09:00 საათზე შეასრულა.
თბილისიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ავტობუსი რესპუბლიკის მოედნიდან გავა. რაც შეეხება ბათუმსა და ქუთაისს, ვებ-გვერდზე www.omnibusexpress.ge ონლაინ–ჯავშნის დროს მგზავრი უთითებს საკუთარ მისამართს და კომპანია მას სახლიდან აეროპორტამდე მიყვანის სერვისს შესთავაზებს.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს ლოუკოსტერი კომპანიები ახორციელებენ. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ-ში მდებარეობს. აეროპორტის ოფიციალური გახსნა 2012 წლის სექტემბერში გაიმართა.
ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნა წარმოადგენს.