სკოლის გამოსაშვები გამოცდების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, საატესტატო სისტემა 2020 წლისთვის რადიკალურად შეიცვლება.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. სკოლის გამოსაშვები გამოცდების (CAT) რაოდენობა, შესაძლოა, შემცირდეს და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს რვა გამოცდის ნაცვლად ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწიოთ, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებაზე დაყრდნობით.

სტუდენტები აუდიტორიაში - Sputnik საქართველო
იწყება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია

დღეს მოქმედი წესებით, გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად მე-11 და მე-12 კლასებში ტარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) ტესტირებას მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.

მარიამ ჯაშის განცხადებით, შესაძლოა, გამოიყენონ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც გამოცდები მხოლოდ ოთხ ძირითად საგანში ბარდება – მშობლიური ენა, მათემატიკა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი.

„ცალსახად ვფიქრობ, რომ რაოდენობრივად ძალიან ბევრი გამოცდაა, თან გარკვეულ კონფლიქტში მოდის კონკრეტული გამოცდები – სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლემ შეიძლება ჩააბაროს იგივე გამოცდები, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებს, ეს კი ახდენს დუბლირებას და ჯანსაღი პროცესი არ არის", – განაცხადა ჯაშმა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლისთვის რადიკალურად შეიცვლება საატესტატო სისტემა.

„განათლების მინისტრმა დააანონსა გადაწყვეტილება, რომ 2020 წლისთვის რადიკალურად შეიცვლება საატესტატო სისტემა. რაც შეეხება საგამოცდო ტესტების გართულებას, 2019 წელს ეს გამორიცხულია. აბიტურიენტებს შეუძლიათ მშვიდად განაგრძონ მომზადება როგორც სკოლის, ასევე უნივერსიტეტების ეტაპისთვის", – აღნიშნა ჯაშმა.

მანამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სფეროში დიდი ცვლილებები დააანონსა. რეფორმა განათლების სისტემის ყველა დონეს შეეხება. კერძოდ, ცვლილებები შეეხება სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0