რა სიახლეებით ხვდებიან სკოლები ახალ სასწავლო წელს

© photo: Sputnik / Stringerსასკოლო ოთახი
სასკოლო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს კერძო და საჯარო სკოლებში 57 ათასი პირველკლასელი დარეგისტრირდა

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი განახლდა.

ახალი სასწავლო წლისათვის 500-მდე სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა, მათ შორის სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 31 სკოლას, აქედან 28-ის რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის" ფონდმა დააფინანსა. ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით.

რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღებს, წელს მარტო თბილისში 61 ათასზე მეტი აღსაზრდელი დარეგისტრირდა; აშენდა ცხრა ახალი ბაღი, ორს კი ახალი შენობა დაემატა.

მოსწავლეები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
საქართველოში პედაგოგების ხელფასი 1500 ლარამდე გაიზრდება

ახალ სეზონს სკოლები რამდენიმე სიახლით ხვდებიან. კერძოდ, სწავლის დაწყებით საფეხურზე (პირველი-მეექვსე კლასები) მოსწავლეებს ახალი, გრიფირებული სახელმძღვანელოები გადაეცემათ, თუ აქამდე I-V კლასის თითოეული სახელმძღვანელოს წონა დაახლოებით 400 გრამამდე იყო, წელს 200 გრამამდე შემცირდა. სახელმძღვანელოების წონიდან გამომდინარე, ზოგიერთი სახელმძღვანელო დაყოფილია ორ, ზოგი კი სამ ნაწილად.

პირველ-მეოთხე კლასებში, ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმით, ქულით შეფასება არ ხდება და მხოლოდ განმავითარებელი შეფასება მოქმედებს. სიახლეა ის, რომ ნიშნები არც მეხუთე კლასის პირველ სემესტრში დაიწერება.

ასევე, სწავლის დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებს ინგლისური ენის გარდა, არჩევანის გაკეთება მოუწევთ ორ უცხო ენას შორის. მათ შორის ერთ-ერთი აუცილებლად ევროპული უნდა იყოს.

რაც შეეხება გაკვეთილების ხანგრძლივობას, მეორე კლასში გაკვეთილები ხუთი წუთით შემცირდა და ნაცვლად 45 წუთისა, 40-წუთიანი გახდა. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 35 წუთით, მეორე კლასში – 40 წუთით, ხოლო მესამე-მეთორმეტე კლასებში – 45 წუთით.

ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2085 საჯარო სკოლაა, სადაც 500 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხება. წელს კერძო და საჯარო სკოლებში 57 ათასი პირველკლასელი დარეგისტრირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0