„ჩვენ გურჯები ვართ და თქვენს კლასში გვინდა": მუსიკის ელიტარული ქართველი პედაგოგი სტამბულში

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ თურქეთში მცხოვრები ქართველი პიანისტის სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრებას გაგაცნობთ.

ნესტან სოფაძეს შეიძლება ითქვას, მთელი მუსიკალური სტამბული იცნობს. ამ ქალაქის მცხოვრებლები დიდ პატივად თვლიან თუ მათი შვილები მის კლასში მოხვდებიან. საქართველოში სხვადასხვა პრესტიჟული კონკურსებისა და ფესტივალების ჯილდო აქვს მიღებული. დღეს ცხოვრება და საქმიანობა თურქეთის ცნობილი მსახიობებისა და ხელოვანების გვერდით უწევს. თავის დროზე, პროფესიონალი ქართველი მუსიკოსი სტამბულში თურქეთის სახელმწიფომ ოფიციალურად მიიწვია. დღეს ის ორკესტრს ხელმძღვანელობს, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობს და თურქული სერიალების მუსიკალურ გაფორმებაში იღებს მონაწილეობას…

თბილისში, მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა. ფორტეპიანოზე უკვე ხუთი წლის ასაკში უკრავდა, პედაგოგად 19 წლის ასაკში მოინათლა. მოგვიანებით მისმა მოსწავლეებმაც არანაკლებ წარმატებას მიაღწიეს. მისი უშუალო ინციატივითა და თურქი ბიზნესმენების სპონსორობით არაერთ ქართველ სტუდენტს დაეხმარა. ქალბატონ ნესტანს სტამბულში დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Nestan Sopadzeნესტან სოფაძე სცენაზე
ნესტან სოფაძე სცენაზე - Sputnik საქართველო
ნესტან სოფაძე სცენაზე

- ქალბატონო ნესტან, როდის მიიღეთ თურქეთის სახელმწიფოსგან ოფიციალური მოწვევა?

— ეს იყო 2001 წელს, როცა თურქეთის სახელმწიფოს მოწვევით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და განათლების კომიტეტის შუამდგომლობით, ქალაქ ანკარის სახელმწიფო საფორტეპიანო ინსტიტუტის კათედრაზე ფორტეპიანოს პედაგოგად გამაგზავნეს. გარდა ამისა, მიწვეული ვიყავი იზმირის სახელმწიფო ინსტიტუტში, ვმუშაობდი იზმირის კონსერვატორიაში, სადაც ქალაქის მერმა, ბატონმა სეფა სირმენმა, სტამბულის სახელმწიფო კონსერვატორიაში ცნობილი მოცეკვავის საბალეტო აკადემიაში კონცერტმეისტერად მიმიწვია. ამის შემდეგ თავად გავხსენი ფორტეპიანოს კურსები სხვადასხვა კოლეჯებში. ამავე დროს მიმიწვიეს საქართველოსა და თურქეთის მეგობრობისა და თანადგომის ფონდში, რომლის თავმჯდომარე გახლდათ ცნობილი ბიზნესმენი ახმედ აჩაჰარი.

- საქართველოში ცნობილი პედაგოგები და კურსელები გყავდათ, ბედნიერი და გამორჩეული სტუდენტობა გექნებოდათ…

— თბილისის კონსერვატორიაში მართლა ძალიან წარმატებული და ბედნიერი სტუდენტობა მქონდა. ძალიან გამიმართლა, რადგან ჩავირიცხე ცნობილი პიანისტის, თემურ მათურელის კლასში, რაც ყველა სტუდენტის ოცნება იყო. თანაც, ჩემი კურსელები იყვნენ ისეთი საამაყო მუსიკოსები, როგორებიც არიან: ელისო ბოლქვაძე, იანო ალიბაგაშვილი, ლადო ათანელი, ეთერ ჭყონია, ჯუმბერ ამანათაშვილი, ელისო ორჯონიკიძე, დალი ჩილატაძე… მოკლედ, დღეს თითქმის მთელი ჩემი კურსი ცნობილი მუსიკოსი ან ხელოვანია. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, როგორც მათურელის სტუდენტი მიმიწვიეს მაშინდელი პუშკინის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტის რევაზ ლაღიძის კათედრაზე ფორტეპიანოს პედაგოგად და კონცერტმეისტერად. პარალელურად ვმუშაობდი ერთადერთ მუსიკალურ კოლეჯში, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი ციცო ჯაფარიძე იყო. იქ მივიღე პირველი ნათლობა და დიდი პედაგოგიური გამოცდილება. ასევე ვმუშაობდი მესამე მუსიკალურ სასწავლებელში, რომელიც თავის დროზე დავამთავრე. ჩემთვის დიდი პატივი იყო ყოფილი პედაგოგების გვერდით ყოფნა.

© photo: courtesy of Nestan Sopadzeნესტან სოფაძე
ნესტან სოფაძე - Sputnik საქართველო
ნესტან სოფაძე

- ალბათ, სტამბულში ჩასული მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ქართველი პედაგოგისთვის ენის ბარიერი ყველაზე მთავარი პრობლემა იყო…

— სტამბულში ცხოვრების პირველი დღეები ძალიან გამიჭირდა, რადგან ეულად ვგრძნობდი თავს, თანაც მაშინ აქ ამდენი ქართველი არ იყო. როდესაც საკონსულომ უცხოელ პედაგოგთა საერთო საცხოვრებელში გამომიყო ბინა, იქ მარტო უცხოელები იყვნენ. ენის ბარიერის გამო სულმოუთქმელად ველოდებოდი გათენებას, როცა საკონსულოდან მომაკითხავდნენ. მთელი ღამე ვტიროდი, მაგრამ თავს ვინუგეშებდი და ვაგულიანებდი, რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. ღამ-ღამობით 20-30 თურქულ სიტყვას ვიზეპირებდი და შემდეგ დაღლილი ჩემს ერთადერთ მეგობართან — თურქულ- ქართულ ლექსიკონთან ერთად ვიძინებდი. ეს იყო ჩემი ერთადერთი ნუგეში. ასე ნელ-ნელა ავლაპარაკდი თურქულად.

- დღეს სტამბულის ცხოვრებას საკმაოდ კარგად იცნობთ და თავად სტამბულიც კარგად გიცნობთ…

— ბევრ ცნობილ ადგილობრივ ხელოვანს ვიცნობ. ვმუშაობ სტამბულის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში არსებულ მუსიკალურ აკადემიაში, სადაც ყოველდღე მიწევს ურთიერთობა იმ მსახიობებთან, რომლებსაც ჩვენი მაყურებელი სხვადასხვა სერიალებიდან თუ ფილმებიდან იცნობს. მათ გვერდით ძალიან ბედნიერი ვარ. ერთ სერიალში პატარა ეპიზოდიც მათამაშეს. ისინი უკვე თავისიანად მთვლიან და ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს. არანჟირებას ვუკეთებ თურქულ სიმღერებს, ისინი ქართულ სიმღერებსაც მღერიან, მოკლედ, ერთი ოჯახივით ვართ.

© photo: courtesy of Nestan Sopadzeკონცერტზე
კონცერტზე - Sputnik საქართველო
კონცერტზე

- მართალია, რომ თქვენს კლასში მოხვედრა პრესტიჟულად ითვლება?

— არ ვაჭარბებ, ყველა ცდილობს, რომ მოხვდეს ჩემს კლასში და ამისთვის ხშირად ლოდინიც უწევთ. განათლების სამინისტრო ჩემს მოსწავლეებს ხშირად აჯილდოებს. ფორტეპიანოს გარდა, ვასწავლი აკორდეონზე დაკვრას და ჩემი კლასის კონცერტები ყველასაგან განსხვავებულია. ისინი უკრავენ ორკესტრში, რომელსაც თავად ვხელმძღვანელობ. მოსწავლეებს შორის თურქი ქართველებიც მყავს. ისინი ხშირად მოდიან ჩემთან და ამაყად მეუბნებიან: ჩვენ გურჯები ვართ და თქვენს კლასში გვინდა! მათ ქართული არ იციან, მაგრამ მიხარია, როცა ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს ვასწავლი.

- შეუძლებელია, რომ თურქ მოსწავლეებზე რაიმე არ გქონდეთ გასახსენებელი….

— ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: ერთხელ, გაკვეთილის შემდეგ, ჩემი მოსწავლე რაღაც გახვეულს მაძლევს. მე საჩუქარი მეგონა და მადლობა გადავუხადე… დაჟინებით მოითხოვა, რომ გამეხსნა და მენახა. როცა გავხსენი შოკში ჩავვარდი: ეს იყო ხაჭაპური, ჯერ კიდევ თბილი და მადისაღმძვრელი ხაჭაპური… იქვე წერილი დამხვდა ასეთი ტექსტით: "ეს ჩემგან, დარწმუნებული ვარ- გენატრებათ. ეს ხაჭაპური საქართველოდან ჩამოტანილი იმერული ყველითაა გაკეთებული. მიიღეთ ჩემგან, როგორც დედის გამომცხვარი. მეამაყებით, რომ ქართველი ქალი ამ სიმაღლეზე დგახართ და თურქების მონა არ ხართ, მიირთვით გემრიელად"… მოსწავლეს ვკითხე — ეს ხაჭაპური ვინ გამომიგზავნა-თქო? ჩვენმა ქართველმა მოსამსახურემ, როცა ვუთხარი, რომ ჩემი პედაგოგიც ქართველია-მეთქი, ძალიან გაუხარდა და ხაჭაპური გამოგიცხოთო. მე ცრემლები მომერია და ხმა ვერ ამოვიღე. მოსწავლეები გაკვირვებული მიყურებდნენ და ვერ გაეგოთ რა მატირებდა. იმ ხაჭაპურს ორი დღე ვიზოგავდი… მე ვთხოვე მადლობა გადაეხადა და ჩემს გასაცნობად მოსულიყო. მეორე დღეს ჩემმა მოსწავლემ მომიყვანა ის ქალი, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ისე, თითქოს ნათესავები ვიყავით. მან შემომჩივლა, ამ ოჯახს ფული არ უჭირს, ამდენი წელი ვემსახურები და ხელფასს არ მიმატებენო. ეს გოგო კი სულ უხეშად მელაპარაკებაო. ძალიან დათრგუნული ჩანდა. დავაწყნარე და ვუთხარი, რომ რამეს მოვიფიქრებდი. მოვიყვანე იმ გოგოს დედა და მორიდებით ვთხოვე იმ ქალისთვის ხელფასის მომატება, სანაცვლოდ შევთავაზე, რომ მის შვილს დამატებით გაკვეთილებს უფასოდ ჩავუტარებდი. ბავშვი კი მკაცრად გავაფრთხილე: თუ უხეშად დაელაპარაკებოდა ამ ქალს, ჩემი კლასიდან დავითხოვდი უზრდელობისთვის. ჩემდა გასაოცრად, ის ქალიც და შვილიც დამთანხმდნენ. მე კი უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ უცხო მიწაზე ჩემს ქართველს რაღაცით მაინც დავეხმარე…

© photo: courtesy of Nestan Sopadzeნესტან სოფაძე მოსწავლეებთან ერთად
ნესტან სოფაძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო
ნესტან სოფაძე მოსწავლეებთან ერთად

- როგორია ნესტან სოფაძის ქართული მონატრება?

— საქართველოში მენატრება მჭადი და სულგუნი, ხაჭაპური, ხურმის ჩირი. მენატრება ჩემი სახლი, მშობლების საფლავი.. მენატრება ქართველი მსმენელი და მათი აპლოდისმენტები, თბილისი და რუსთაველის გამზირი. უცხოეთში ცხოვრებამ პიროვნულად ბევრი რამ შეცვალა ჩემში: დავაფასე და ვისწავლე სწრაფი ტემპით ცხოვრება, საკუთარ თავზე მუშაობა, გამოვიმუშავე თავდაცვის უნარი, ვისწავლე დიპლომატიური ურთიერთობები.. ჩემს მოსწავლეებს და არა მარტო მათ, თითქმის ყველას ქართულად ვასწავლი სამ სიტყვას: გამარჯობა, მიყვარხარ და ნახვამდის. ეს ის სიტყვებია, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ვიყენებ და მინდა, რომ ისინი ქართულად მესმოდეს, რადგან ძალიან მაკლია და მჭირდება. როცა ამ სიტყვებს ქართულად ვისმენ, ეს ენერგიას მაძლევს და პოზიტიურ განწყობაზე მაყენებს…

ყველა ახალი ამბავი
0