„საიდან ამდენი სისასტიკე?!“: ამერიკელების მკვლელობით აღშფოთებული ფეისბუქ–მომხმარებელი

© photo: Ryan Smith / FBსმიტების ოჯახი
სმიტების ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკული ოჯახის მხეცური მკვლელობა Facebook–ის ქართულ სეგმენტში ყველაზე აქტიური განხილვის საგანი გახდა

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. სმიტების ოჯახის სასტიკმა მხეცურმა მკვლელობამ დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში მთელი საქართველო შოკში ჩააგდო.

„ასეთი საშინელი სიახლეები რაიან და ლორა სმიტების შესახებ, ასეთი შესანიშნავი, მოსიყვარულე წყვილის, და მათი მშვენიერი ვაჟის კალების შესახებ. ისინი ძალზე მნიშვნელოვანი იყვნენ მათი თემისა მარნეულში, სადაც თავიანთი ორგანიზაციის წამყვან ძალას წარმოადგენდნენ, რათა დაებრუნებინათ ხალიჩების ქსოვის ტრადიციული უნარები“, – წერს Ned Pennock.

მიმდინარე წლის 6 ივლისს „112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომობილი  და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული 42 წლის ლორა სმიტი  6 ივლისს ავტომობილიდან  დაახლოებით 3 კილომეტრში,  ჩანჩქერის პირას  გარდაცვლილი იპოვეს. მისი მეუღლის, 43 წლის რაიან სმიტის ცხედარი კი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა გუშინ გვიან ღამით  4 წლის ბავშვის ცხედარიც იპოვეს.

„ამერიკელი ცოლ-ქმრისა და ბავშვის მკვლელობისთვის 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება">>

მალე პოლიციამ ბრალდებულის დაკავების შესახებ განაცხადა – ის ადგილობრივი მწყემსი აღმოჩნდა. გამოძიების მონაცემებით, მკვლელობის მიზეზი რაიან სმიტსა და მწყემსს შორის დაწყებული კონფლიქტი გახდა. შედეგად, როგორც გამოძიება აცხადებს, ბრალდებულმა სანადირო თოფით მოკლა რაიანი და ოთხი წლის ბავშვი, ხოლო ლარა სმიტი გაქცევისას ხევში ჩავარდა და დაიღუპა.

ამის შემდეგ დაკავებულმა ბავშვის ცხედარი ნანგრევებში გადამალა, ხოლო მამის გვამი ადგილზე დატოვა. ბრალდებულს უვადო პატიმრობა ელოდება.

Facebook–მა უკვე დახურა ცოლქმრის გვერდები – Ryan Smith და Lora Tacquard Smith სოციალურ ქსელში.

„საიდან ამდენი სისასტიკე“, – წერს მომხმარებელი EN SO Facebook–ში. 

„სირცხვილი და თავის მოჭრა, ამის მერე ქართველებზე რა წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ“, – წერს Indira Tartarashvili.

სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებელი გამოთქვამს აზრს, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობა ქვეყანაში ტურისტულ ნაკადზე უარყოფითად აისახება.

„ენით აუწერელი ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ ყველას. ხადას ხეობა არის ტურისტული ზონა, ამერიკელების მკვლელობაც მთელ მსოფლიოს მოივლის და ეს ფაქტი ბორჯომის ხანძრებზე, აეროპორტში მომწავლელი გაზის გაშვებაზე ნაკლებად დაარტყამს ტურიზმს? ჰიბრიდული ომია?“, – წერს Bimurza Dadeshqeliani.

„ეს პოლიტიკა არაა, მაგრამ ეს ნამდვილად მხეცური მკვლელობაა, ტრაგედია და კატასტროფა საქართველოსთვის, აი, რა არის საქმის არსი“, – წერს მამუკა მანია.

„რა მნიშვნელობა აქვს, „პოლიტიკურია“ თუ არა მკვლელობა?!!!; ახლა გახდა პოლიტიკური, რადგან ქვეყანაში, სადაც ასეთი სიმხეცე ხდება, წასვლის მსურველები შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს“, – წერს პასუხად ნატალი გოლომბეკი.

აღშფოთებული მომხამრებლის ნაწილი დამნაშავის უმკაცრესად, მათ შორის სიკვდილით დასჯას მოითხოვს.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და შვიდი წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ. რაიან სმიტი აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული. იგი მარნეულში პირველი საბავშვო მოედნის მოწყობის ინიციატორი იყო და მოედნის მოწყობასთან დაკავშირებით ყველა ხარჯის საკუთარ თავზე აღებას გეგმავდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0