საქართველო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა

გამოწერა
ქვეყანას EUROPARC Federation-ში გაწევრიანებით საუკეთესო გამოცდილების და ცოდნის გაზიარების, ფედერაციის სხვა წევრებთან აქტიურად თანამშრომლობის შესაძლებლობა ეძლევა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის (EUROPARC Federation) წევრი გახდა, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

EUROPARC Federation-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ჰოსეკმა დავითაშვილს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.

„ამიერიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები წარმოდგენილი იქნება ევროპის საუკეთესო დაცული ტერიტორიების გვერდით, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაში ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. ბუნების მოყვარულები უკეთ გაიცნობენ საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას", — ნათქვამია განცხადებაში.

პრომეთეს ქანდაკება ბორჯომის პარკში - Sputnik საქართველო
ქართული ნაკრძალების დამთვალიერებლებს შორის გერმანელები ლიდერობენ

მინისტრის სიტყვებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ეძლევა საუკეთესო გამოცდილების და ცოდნის გაზიარების, ფედერაციის სხვა წევრებთან აქტიურად თანამშრომლობის შესაძლებლობა.

ევროპარკების ფედერაცია არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 36 ევროპული ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანება ჩეხეთის საელჩოს, WWF–კავკასიის ოფისის, TJS-ის და KFW-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 18 აღკვეთილი, 41 ბუნებრივი ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტი არსებობს. საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია — ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — 1912 წელს შეიქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0