16:26 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
ლიონელ მესი

ოცნებები სრულდება! ბექა ფიფიამ ლიონელ მესისგან საჩუქრები მიიღო

© photo: Sputnik / Aleksei Filipov
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
113250

მსოფლიოში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბიჭუნას დასახმარებლად საქველმოქმედო კომპანიას შეუერთდა.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. რვა წლის თბილისელ ბიჭუნა ბექა ფიფიას, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად ახლა ისრაელის კლინიკაში იბრძვიან, მისმა კერპმა, ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ ლიონელ მესიმ საჩუქრები აჩუქა.

ფონდმა FUNDACIÓ FC BARCELONA-მ თბილისელ მესამეკლასელს მესის ავტოგრაფით ფორმა და კატალონიური კლუბის აქსესუარები გადასცა, რაზეც „ბარსას“ ყველა ფანი ოცნებობს. ბექა დიდხანს არ იჯერებდა, რომ ეს არ არის ხუმრობა, რომ ოცნებები მართლა სრულდება.

ბევრმა იცის ბექა ფიფიას ისტორია, ბიჭის, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ბექა აპრილის შუა რიცხვებიდან ლეიკემიას ებრძვის და ამჟამად ისრაელში იმყოფება. მშობლებმა შეიტყვეს თუ არა დაავადების შესახებ, მაშინვე დაიწყეს კლინიკის ძებნა, რომელიც ბავშვის მიღებას შეძლებდა. მათი არჩევანი შეჩერდა ისრაელის „შიბას“ სამედიცინო ცენტრზე. მკურნალობისთვის საჭირო იყო ოჯახისთვის უზარმაზარი თანხა — 350 ათასი დოლარი. მაშინ მშობლებმა დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართეს და Facebook-ში შექმნეს გვერდი ბექასთვის\4Beka.

არტისტებმა, მწერლებმა, ბიზნესმენებმა, მუსიკოსებმა, მასწავლებლებმა, თანაკლასელებმა და ყველამ, ვინც ეს ისტორია გულთან მიიტანა, ბექას ანგარიშზე თანხების გადარიცხვა დაიწყო.

Sputnik–საქართველოს“ რედაქცია დაუკავშირდა ბიჭუნას მამას ბაგრატ ფიფიას, რომელმაც ოჯახის რთულ გზაზე მოგვითხრო.

„ბექას ქიმიოთერაპიის უკვე ორი კურსი ჩაუტარდა. მკურნალობის დროს სირთულეები გაჩნდა. იყო ეჭვი, რომ ფილტვებში სოკო კანდიდოზი გაჩნდა. დამატებითი ანალიზების შემდეგ დამაიმედებელი პასუხი მივიღეთ. ბექა მკურნალობის გასაგრძელებლად ემზადება. კლინიკის ანგარიშზე უკვე 200 ათასი დოლარია გადარიცხული, საჭიროა კიდევ 150 ათასი დოლარი. უზარმაზარი მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება. უთქვენოდ ეს არ მოხდებოდა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, — გვიამბო ბაგრატ ფიფიამ.

ბექას უფროსმა ძმამ — 17 წლის რატიმ გამოუშვა წიგნი „მოხდენილი ნახტომი“, რომელიც თავის პატარა ძმას მიუძღვნა.

„ეს ნოველა ერთი წლის წინ დავწერე. უბრალოდ ჩემთვის დავწერე. ალბათ როგორც ბევრმა თქვენგანმა, როდესაც ჩემზე ოდნავ უფროსები ან უმცროსები იყავით. ერთ ძალიან ცუდ დღეს ჩემი ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემი ძმა ლეიკემიით არის ავად და მას ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენ ადამიანს ვუყვარვართ ჩვენ, ჩემი ოჯახი, მე, ჩემი მშობლები, ძმები, და ჩვენი ბექა“, — გვიამბო საკუთარი განცდების შესახებ რატიმ.

ბექას უფროსი ძმის წიგნის გაყიდვის სარეკლამო აქციას შეუერთდნენ ქართველი მსახიობები, მომღერლები, მწერლები, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები: დათო ტურაშვილი, ნინო სუხიშვილი, რუსკა მაყაშვილი და სხვები. მოკლე ვიდეორგოლებში ისინი მოუწოდებენ მკითხველებს წიგნის შეძენას და ბექას დახმარებას.

ბექა ფიფიას მხარდამჭერი საქველმოქმედო აქციები ერთი წუთით არ წყდება: გამომცემლობები, საქველმოქმედო ფონდები, კომპანიები აწყობენ გათამაშებებს, აუქციონებს, გამოფენებს. მაგალითად, დიტო ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდმა თავისი დაარსების 5 წლისთავისთვის აუქციონი მოაწყო. ცინცაძის ფონდმა ბიჭუნას ხუთი ათას დოლარზე მეტი გადაურიცხა.

მუსიკალური ფესტივალ Tbilisi Open Air-ის ფარგლებში დგას კარავი, სადაც შესაძლებელია რატის წიგნის შეძენა.

საქველმოქმედო კონცერტები პარკებსა და საკონცერტო დარბაზებში თბილისის გარდა ფოთსა და ზუგდიდში ტარდება.

ბექას კლასელები და ბრიტანული საერთაშორისო სკოლა Buckswood-ის თბილისის ფილიალის სხვა მოსწავლეებიც არ დარჩნენ გულგრილი. ბავშვები უქმეებზე მანქანებს რეცხავდნენ და გამომუშავებულ თანხებს პატარა მეგობრის ფონდში რიცხავდნენ. ბექას ირგვლივ Buckswood-ის სხვა ქვეყნების წარმომადგენლობები გაერთიანდნენ.

„მხოლოდ ქართულის“ ფინალისტმა საბა კემულარიამ ბექას ფონდში 5 000 ლარი გადარიცხა.

ჩვენ დავუკავშირდით ბექას დედას — ოქსანას, რომელიც შვილთან ერთად ისრაელში იმყოფება.

„ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ, რომ ბექას ანალიზებში მაჩვენებლები გაიზარდოს და ექიმებმა ქიმიოთერაპიის მესამე კურსი დაიწყონ. შემდეგ ძვლის ტვინზე გაკეთდება ანალიზები და აშშ-ში გადაიგზავნება. ამ ანალიზის შედეგები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამოჩნდება, სჭირდება თუ არა ბექას ძვლის ტვინის გადანერგვა. ვიტყვი, რომ ბექა კარგ ხასიათზეა, მომავალს სიხარულით უყურებს. დიდი მადლობა კლინიკის პერსონალს, რომლებსაც პირველ ადგილზე პაციენტების ემოციური განწყობა აქვთ დაყენებული. ნამდვილ პროფესიონალებთან ვართ“, — გვიამბო ოქსანამ.

ისრაელის ექიმების პროგნოზებით, ქიმიოთერაპიის შემდეგ ისინი გართულებებს არ ელოდებიან და დამაიმედებელ წინასწარ დასკვნებს აკეთებენ.

Youtube-ზე შეიქმნა კომპოზიცია The Sun in Your Eyes, რომელიც ბექას მიეძღვნა. მუსიკის ავტორია მაკა სანიკიძე. ვიდეოკოლაჟი რვა წლის ბიჭუნას გადარჩენისთვის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.

დასასრულს ერთს დავამატებთ: გამოჯანმრთელდი, ბექა!


მთავარი თემები