თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანკისის ხეობაში საპროტესტო აქციის ყველა მონაწილეს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.
დუისში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ახლობლები და ნათესავები შეიკრიბნენ, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის მიზანი ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავება იყო. მაჩალიკაშვილის ოჯახი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და სპეცრაზმელების დასჯას მოითხოვს.
„რაც შეეხება აქციებს, მინდა აღვნიშნო, რომ მოლო პერიოდში აქციებზე არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რომელიც ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, ვინც მომავალში იქნება საპროტესტო აქციის მონაწილე, დაიცვან კანონის მოთხოვნები, რათა აქცია არ გასცდეს მშვიდობიან ფარგლებს", — განაცხადა ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
ამასთან, მან მაჩალიკაშვილის ოჯახის მოთხოვნას ლეგიტიმური უწოდა, რამდენადაც საქმეში „სახელმწიფო ფიგურირებს".
„მიმაჩნია, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია როგორც ოჯახს და ადვოკატებს, ასევე საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. მაქსიმალურად უნდა გაასაჯაროონ ინფორმაცია გამოძიების ირგვლივ, რადგან როდესაც ადამიანის გარდაცვალება უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან, ასე ვთქვათ, ჩარევას, ამაზე დროული რეაგირებაა საჭირო", — განაცხადა ლომჯარიამ.
მაჩალიკაშვილი თავისა და მხრის არეში 2017 წლის 26 დეკემბერს დაჭრეს პანკისის ხეობაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, რომლის მიზანი ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავება იყო.
როგორც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში მაშინ განაცხადეს, სპეცრაზმმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც დაინახეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.
დღეისთვის ტერორისტებისთვის დახმარების ბრალდებით ექვსი ადამიანია დაკავებული — რუსლან ალდამოვი, ზურაბ გორნაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი, ზურაბ იდოიძე და ანატოლი ბერძენიშვილი.