რუსთაველზე პოლიციამ კარვები გადაიტანა: რა ინციდენტი მოხდა აქციის მონაწილეებს შორის

© Sputnik / Levan Avlabreliაქცია რუსთაველზე
აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა კარვები გზის სავალი ნაწილიდან ისევ პარლამენტის შენობის წინ გადაიტანეს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე კარვების დემონტაჟი განახორციელა, რომლებიც გუშინ, საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს.

კარვების დემონტაჟს წინ უსწრებდა აქციის ათამდე მონაწილის დაკავება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ განხორციელდა, რაც მათ კარვებში ჩხუბი დაიწყეს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე კვირას, 10 ივნისს განახლდა. სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი 16 წლის შვილის მკვლელობის საქმე სათანადოდ არ არის გამოძიებული და პროკურატურა მკვლელს ხელს აფარებს. მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.

ზაზა სარალიძის თხოვნით საღამოს დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ, ტროტუარზე გაშლილი კარვები გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

„ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები შედიან კარვებში და ერთმანეთს უპირისპირდებიან დასაწოლ ადგილზე, სასმელსა და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. არის გაუგებრობა. ჩხუბის ერთ-ერთი ინციდენტის დროს ჩვენ, საპატრულო პოლიცია შევედით კარავში. ერთ-ერთმა მოქალაქემ განმარტა, რა მოხდა ამ ინციდენტის დროს. ჩვენ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ეს მოქალაქე, მაგრამ აქციის წევრებმა გაგვიწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ადამიანია დაკავებული", – განაცხადა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებთან.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით კი, მათ შორის დაპირისპირება არ მომხდარა. პოლიცია კარავში შევიდა, იქიდან, სავარაუდოდ, ათამდე პირი გამოიყვანა და სწორედ ამის გამო დაიწყო კონფლიქტი.

რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა კარვები გზის სავალი ნაწილიდან ისევ პარლამენტის შენობის წინ გადაიტანეს.

დღეს, დილით რუსთაველის გამზირზე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის აქციის ორგანიზატორები და სხვა მონაწილეებიც დააკავა. დაკავებულთა შორის არიან აქციის ორგანიზატორები ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე.

ყველა ახალი ამბავი
0