მეტროს მემანქანეები ორშაბათ დილით გაიფიცნენ. მათი მოთხოვნაა — ხელფასების 45%-ით გაზრდა. ნაწილმა — 140 ადამიანმა შიმშილობა დაიწყო.
გაუთავებელი საცობები გზებზე, გადაჭედილი მიწისზედა ტრანსპორტი და ტაქსის გასამმაგებული ტარიფები — მემანქანეების გაფიცვამ სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია, და ასევე სერიოზული აჟიოტაჟი სოციალურ ქსელში.
„საბოტაჟი არ არის ეხლა ამ მემანქანეების მხრიდან????“, — წერს Sergo Sergi Sergi.
ხალხის გაღიზიანება მას შემდეგ გაიზარდა, რაც თბილისის მერიამ მემანქანეების ხელფასების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამ ინფორმაციის თანახმად, ინსტრუქტორ-მემანქანის ყოველთვიური ხელფასი 2100 ლარზე მეტს შეადგენს, ხაზის მემანქანის — 1800 ლარზე მეტი.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მემანქანეების მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ გაფიცვის პერიოდში ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება.
შექმნილი პრობლემების მიუხედავად, მომხმარებლების ნაწილმა გაფიცულებს სოლიდარობა გამოუცხადა.
„სოლიდარობა მეტროს თანამშრომლებს…. ერთად მივაღწიოთ სამართლიანობას!“, — წერს Lusia Kubriashvili.