01:49 16 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
კლუბი „ბასიანი“ სპეცოპერაციის შემდეგ

რეივ-აქცია ქუჩის ნაცვლად ღამის კლუბ „ბასიანში“ გაიმართება

© Sputnik / Shota Nozadze
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი (56)
109 0 0

„კლუბერები“ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გახმოვანებას საპროტესტო აქციაზე ღამის კლუბ „ბასიანში“ გეგმავენ

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. კვირას თბილისში ევროპის მოედანზე დაგეგმილი საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა მისი გადატანა ცნობილ ღამის კლუბ „ბასიანში“ გადაწყვიტეს.

როგორ გამოიყურება თბილისის ღამის კლუბი "ბასიანი" სპეცოპერაციის შემდეგ >>

რეივ-აქციის შესახებ განცხადება რამდენიმე ღამის კლუბის მფლობელმა გააკეთა.

„ევროპის მოედნის ნაცვლად ვბრუნდებით სახლში. 12 მაისის „შავი პარასკევის” მოვლენებიდან 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბები დაგვიბრუნა. ჩვენი კარი ღიაა. თუმცა, ღია კარი არ ნიშნავს რომელიმე ღამის კლუბის გახსნას, არამედ კარის გაღებას საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, ყველა ადმიანისთვის ვინც მზადაა ერთად დადგეს საერთო გამოწვევებისა და პრობლემების წინააღმდეგ“, — განაცხადა „ბასიანის“ წარმომადგენელმა დავით ლეჟავამ.

„ბასიანის“ მფლობელის ტატო გეთიას თქმით, კვირას ღამის კლუბში საერთო პრობლემების და გამოწვევების შესახებ ილაპარაკებენ.

„ჩვენ ყოველთვის ვადევნებთ თვალყურს იმ პრობლემებსა და პროტესტებს, რაც გაგვაჩნია — ეს იქნება ნარკოპოლიტიკა, თუ სხვა საკითხი. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია გვერდით დგომა, თუმცა კლუბები ვერ იქნება მთავრი პოლიტიკური პლატფორმა ამ ყველაფრისთვის. ჩვენ მივიღეთ ეს გამარჯვება, უპრეცენდენტო გაერთიანება და ამ პატარა ნაბიჯს ერთად აღვნიშნავთ",- განაცხადა ტატო გეთიამ.

კლუბების ინიციატივას უერთდება გლობალური ონლაინ-პლატფორმა Boiler Room, რომელიც „ბასიანის“ აქციას პირდაპირ ეთერში გააშუქებს.

თბილისში ცნობილმა ღამის კლუბებმა, მათ შორის „ბასიანმა", მუშაობა 12 მაისს ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ შეწყვიტეს, რომელსაც ახალგაზრდების საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მფლობელებისა და კლუბების სტუმრების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულები აღნიშნული შენობების გარეთ დააკავეს, სპეცრაზმი კი კლუბებში მაინც შევიდა. უფრო მეტიც, ახალგაზრდები პოლიციას მათ წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში სდებდნენ ბრალს.

დაკავებულთა შორისაა „კაფე გალერის“ დაცვის წევრი, რომელსაც, შსს-ს მონაცემებით, აკრძალული აბების დიდი რაოდენობა აღმოაჩნდა. ყველა დაკავებული პატიმრობაშია.

ვარშავაში ქართულ ღამის კლუბებს მხარი დაუჭირეს >>

გასულ უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერენ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა შსს-ს მეთოდები მათთვის მიუღებელია. უფრო მეტიც, აქციის წევრებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

აქციაზე სიტუაცია 13 მაისის საღამოს დაიძაბა, როდესაც ნაციონალისტური დაჯგუფების წევრებმა კონტრაქცია გამართეს და პარლამენტთან შეკრებილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. აქციის მონაწილეებს ნაციონალისტური დაჯგუფების მომხრეების თავდასხმისგან პოლიციის კორდონები და წყლის ჭავლის მანქანები იცავდნენ.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც „კლუბური აქციის" მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, რომელმაც შეკრებილებს ბოდიში მოუხადა. მან აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ყველა ის პირი, რომელთა უფლებამოსილების გადაცდომაც დადასტურდება, პასუხს აგებს, ამასთან განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა.

საგამოძიებო სამუშაოებთან დაკავშირებით ღამის კლუბები ათი დღის განმავლობაში დალუქული იყო. „კაფე გალერი“ 22 მაისს, ხოლო „ბასიანი“ – 23 მაისს გაიხსნა.

 

 

 

თემები:
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი (56)

მთავარი თემები