ნებართვის გარეშე მოძრავი ტაქსი 200 ლარით დაჯარიმდება - რეგულაცია 1 ნოემბრიდან ამოქმედდება

გამოწერა
ტაქსით სარგებლობის ლიცენზიისთვის საჭირო იქნება პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ერთჯერადი მოსაკრებლის შეტანა 50 ლარის ოდენობით

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ნოემბრიდან თბილისში მოძრავი ტაქსები, რომლებსაც რეგისტრაცია არ ექნებათ გავლილი, 200 ლარით დაჯარიმდებიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მერია ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები ტაქსების მომსახურებასაც შეეხება. კერძოდ, ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ნებართვის აღება და რეგისტრაციის გავლა სავალდებულო ხდება და განხორციელდება ეტაპობრივად.

კალაძე დანაპირებს ასრულებს – თბილისში სატრანსპორტო რეფორმა იწყება>>>

როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიიღო.

 „დაახლოებით 1 ნოემბრიდან ყველა ის ადამიანი, რომელიც ტაქსის სერვისს ახორციელებს და არ აქვს გავლილი რეგისტრაცია, უნებართვო საქმიანობისთვის დაექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ 200 ლარიან სანქციას", — განაცხადა მაია ბითაძემ.

ტაქსების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყება და ნოემბრამდე გაგრძელდება. პირველ ეტაპზე, ტაქსით სარგებლობის ლიცენზიისთვის საჭირო იქნება პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ერთჯერადი მოსაკრებლის შეტანა 50 ლარის ოდენობით.

ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელები სრული გადასახადის 50%-ს გადაიხდიან, ხოლო ელექტრომობილების მფლობელებისთვის რეგისტრაცია უფასო იქნება.

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე კი, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყება, განისაზღვრება ავტომობილის ფერი, ერთიანი სტანდარტები და უსაფრთხოების ნორმები.

ტაქსი - Sputnik საქართველო
რას მოიტანს ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები თბილისში

მაია ბითაძემ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ტაქსის მძღოლები გადასახედებით დაიბეგრებოდნენ.

„ეს არის სრული სიცრუე. არანაირი ახალი გადასახადი არ იქნება. ყველა ის შეღავათიანი სარეჟიმო სისტემა, რაც მიკრობიზნესისთვის დღეს მოქმედებს, შენარჩუნდება ტაქსტის მძღოლებისთვის", — აღნიშნა ბითაძემ.

დღეისათვის თბილისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ტაქსების მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება. არ არსებობს სპეციალური ლიცენზია და გადასახადები. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს ტაქსის მძღოლი. ამისთვის აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და ტაქსის სპეციალური ნიშანი.

საქართველოში არსებობს ტაქსის კერძო კომპანიები, თუმცა, ბაზარზე მათი წილი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც კერძო გადაყვანით ინდივიდუალურად არიან დაკავებული, შედარებით მცირეა.

დედაქალაქში ტაქსების ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში 40 ათასი ტაქსი მოძრაობს.

ყველა ახალი ამბავი
0