თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ჭიათურაში მიმდინარე წლის ბოლოს ახალი საბაგირო გზები ამოქმედდება და ადგილობრივები, ისევე როგორც ქალაქის სტუმრები, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით სარგებლობას შეძლებენ, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისთვის ჭიათურაში საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების განახლება გრძელდება. 30 წელია ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს. ამიტომ, სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, გასულ წელს საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქცია დაიწყო.
პროექტის თანახმად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. გზის საერთო სიგრძე 3, 4 ათას მეტრზე მეტია, აქედან, სანატორიუმის მიმართულებით — 862 მეტრი, ნაგუთის — ათას მეტრზე მეტი, ლეჟუბანის — 845 მეტრი და მუხაძის მიმართულებით 640 მეტრი.
საქართველოში უკვე ჩამოიტანეს 15-20 ადამიანზე გათვლილი რვა გონდოლა, რომელთაც ფრანგული კომპანია Pomagalsk-ის წარმომადგენლები გაარემონტებენ. სწორედ ამ კომპანიამ შეიძინა გონდოლები.
პროექტის საერთო ღირებულება 40 მლნ აშშ დოლარია.
სამშენებლო სამუშაოები ჭიათურაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ჭიათურაში 1954 წელს საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა აშენდა, რომელიც დღემდე ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად ითვლება.
დღეისთვის ჭიათურაში 15 მოქმედი საბაგირო მიმართულებაა. უმეტესობა მათგანი, იმ გზების გამოკლებით, რომლის მოდერნიზებაც მიმდინარეობს, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" (Georgian Manganese) ეკუთვნის. ოთხი საბაგირო მიმართულება ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზეა.