თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტები მოიწვია. მათთან ერთად შეისწავლიან ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში შრომის უსაფრთხოების საკითხებს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში, დაახლოებით 03:45 საათზე, სავარაუდოდ, მოხდა ე. წ. სამთო დარტყმა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო.
„ჩვენ შევთანხმდის ასეთ ფორმატზე, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოვიწვევთ შესაბამის ექსპერტებს, რომლებთან ერთობლივადაც შევაფასებთ შრომის სისტემურ უსაფრთხოებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა დროულად მოხდება“, – განაცხადა სერგეენკომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის შედეგების კომენტარისას.
შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მიერ წარმოდგენილ პირობებზე და აღნიშნა, რომ ისინი პირობითად ორ ჯგუფად იყოფა – სოციალურ შეღავათებზე და შრომის უსაფრთხოებაზე.
„სოციალური შეღავათების ჩამონათვალში იყო საკითხები, რომლებიც საჭიროებდა სამმხრივი კომისიის წევრების გარდა სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლების ჩართვას. კერძოდ, ეს იყო საკითხები საპენსიო ასაკის შემცირებაზე ამ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებზე, იყო გარკვეულ საგადასახადო შეღავათებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში სამუშაო ჯგუფში შეიქმნება ფორმატი, რომელიც ამ სოციალურ პაკეტებს განიხილავს“, – აღნიშნა სერგეენკომ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ტყიბულის მოსახლეობის დასაქმება მხოლოდ ერთ საწარმოზე არ იყოს დამოკიდებული. მისი განცხადებით, არის იდეა, რომ შეიქმნას სხვა მიმართულების საწარმოებიც.
პროფკავშირები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ალტერნატიული სამუშაოს არარსებობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია, საფრთხის მხრივ მაღალი რისკის შახტებსა და მაღაროებში იმუშაოს.
გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის სამ თვეში უბედური შემთხვევების შედეგად სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 18 ადამიანი, ხოლო სხეულის მძიმე დაზიანებები მიღო 12–მა ადამიანმა.