თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ბათუმში შაბათს გაიმართება ღამის მასშტაბური ნახევარმარათონი (21,5 კმ) The Great Batumi Night Race, რომელშიც მონაწილეობას 33 ქვეყნიდან 700-დან 1000-მდე ადამიანი მიიღებს.
ყველაზე მეტი მონაწილე საქართველოდან იქნება. შემდეგ მოდის გერმანია და პოსტსაბჭოთა ქვეყნები.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში 10 კილომეტრ დისტანციაზე სირბილში რამდენიმე კენიელი რეკორდსმენი ჩამოვა.
ძირითადი მოვლენის გარდა, ორგანიზატორებმა კიდევ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმეს: მხიარული გარბენი (10 კმ) და გარბენი ბავშვებისთვის 6-დან 9 წლამდე ასაკის (500 მეტრი) და 10-დან 13 წლამდე ასაკის (1 კმ).
ყველა დისციპლინაში გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცემა.
ნახევარმარათონში და 10 კილომეტრ გარბენში მონაწილეობა ფასიანია: შესაბამისად 40 და 20 ლარი. შემოსული თანხის 30% გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში „ჩვენ განსხვავებულები ვართ", რომელიც საქართველოში აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. ფონდის ორგანიზატორი და ინიციატორია ანდრეი მაქსიმოვი. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ 2018 წელს The Great Batumi Night Race-ის საინფორმაციო პარტნიორია.
საბავშვო გარბენებში მონაწილეობა უფასოა.
ყველა დაგეგმილი ღონისძიება ბათუმში 18:00 საათიდან 23:00 საათამდე გაიმართება.