თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ მწვავედ გააკრიტიკა პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა" და ტელეკომპანია Rustavi2 და აღნიშნა, რომ მიუღებელია მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა.
ქართული კომპანია „აიისა" 2017 წლიდან პრეზერვატივებს აწარმოებს. პრეზერვატივების შეფუთვაზე შეიძლება იხილოთ, მაგალითად, თამარ მეფის, „ქართვლის დედის“, პოლიტიკოსების გამოსახულებები, „ვეფხისტყაოსნის" ციტატები, ქართული უცენზურო გამონათქვამები, ასევე დამცინავ კონტექსტში გამოყენებულია რელიგიური გამონათქვამები.
რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარიდან და გურიიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვის შესახებ სიუჟეტის წარდგენისას აღნიშნა, რომ „იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".
„სამწუხაროდ, ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია „აიისას" და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და „რუსთავი 2“-ის 18 მარტის სიუჟეტი თავისი უტიფრობით, სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა. ამას შედეგად მოჰყვა ცალკეული მოქალაქეების, „ქართული მარშის" და ზოგიერთი სასულიერო პირის მკვეთრი რეაგირება", — ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოში აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, ისინი მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას მორწმუნეთა გრძნობები.
„ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ძალადობრივ ქმედებებს. ამასთან, მკვეთრ რეაგირებას ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ მორწმუნეთ (იქნება ეს ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი თუ სხვა) უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ. გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ფასეულობას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა განუყოფლადაა დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან და სხვისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან", — აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქომ ასევე მოუწოდა მორწმუნეებს, ახალგაზრდობას, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს, მიმართონ თავიანთი ძალისხმევა იმისკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადო დაცვა და ამით ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უზრუნველყოს.