გამოცდილება პროფესიულ განათლებაში: საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

გამოწერა
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები პროფესიული განათლების სფეროსა და სოციალური პარტნიორობის კუთხით დამსაქმებელთა ორგანიზაციების გაძლიერების საკითხებზე იმსჯელებენ.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საერთაშორისო კონფერენციაზე ხელი მოეწერება პროფესიული განათლების სფეროში სოციალურ პარტნიორთა შორის მემორანდუმს, ნათქვამია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში საერთაშორისო კონფერენცია „გამოცდილება პროფესიულ განათლებაში" ოთხშაბათს, 13 მარტს გაიხსნა. კონფერენციას ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან.

„კონფერენციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია პროფესიული განათლების სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სოციალურ პარტნიორთა შორის (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს პროფკავშირები, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში) მემორანდუმის ხელმოწერა", – ნათქვამია განცხადებაში.

ლაბორატორია კოლეჯ „სპექტრში - Sputnik საქართველო
საქართველოს ორი პროფსასწავლებლის დიპლომები მსოფლიოს 102 ქვეყანაში აღიარეს

მემორანდუმის მიზანი SME სექტორისთვის განათლებისა და დასაქმების სფეროში მხარეების ერთიანი და კონკრეტული სერვისების კოორდინირებული მიწოდების შესახებ თანამშრომლობაა.

„დამსაქმებელთა ასოციაციის" ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია – პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენისა და მიმოხილვის კონტექსტში მხარეებმა გაიზიარონ რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილება. აღნიშნული მიზნის ფარგლებში მთავარი თემა იქნება – სკოლა, კოლეჯი, კომპანია, როგორც სწავლების ადგილი.

ასევე კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ დამსაქმებელთა ორგანიზაციების გაძლიერებას პროფესიული განათლების სფეროსა და სოციალური პარტნიორობის კუთხით რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე.

კონფერენციაზე ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.

„დამსაქმებელთა ასოციაციის" ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობენ სომხეთის, აზერბაიჯანის, გერმანიის, ყაზახეთის, ლატვიისა და უკრაინის წარმომადგენლები. ასევე საქართველოს პროფკავშირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული სასწავლებლები, სექტორული ასოციაციები და სავაჭრო პალატები.

გარდა ამისა, საკონფერენციო სივრცეში მოეწყობა აღნიშნული ქვეყნების პროექტის შედეგების სადემონსტრაციო მასალების გამოფენა.

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტი გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით 2016 წლიდან მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში დამსაქმებელთა ასოციაცია ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0