თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ბათუმის კერძო სკოლის მე-12 კლასელმა მოსწავლემ, დავით ჯინჭარაძემ აბუ-დაბის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სასწავლებლად ერთი მილიონის ოდენობის გრანტი მიიღო, იუწყება პორტალი Batumelebi.
ჯინჭარაძე ათი ათასი პრეტენდენტიდან 150 ჩარიცხულ სტუდენტს შორის მოხვდა. ამჟამად ის კერძო სკოლა „21-ე საუკუნის გიმნაზიაში“ სწავლობს.
რამდენიმე კვირის წინ დავით ჯინჭარაული აბუ-დაბიში გასაუბრებაზე იმყოფებოდა. უნივერსიტეტმა აბიტურიენტის ყველა სამგზავრო ხარჯი დაფარა.
„ნახევარი წელია, რაც ამერიკიდან ჩამოვედი, „ფლექსის“ პროგრამით ვიყავი ფლორიდაში და ვფიქრობ, რომ ამერიკული ცხოვრებით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სწავლა ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, რადგან ქართული უნივერსიტეტებისგან ვერ მივიღებდი იმას, რისი მოლოდინიც მაქვს“, – აცხადებს მომავალი სტუდენტი.
საქართველოში დაბრუნებისთანავე, ჯინჭარაძემ რესურსების ძებნა დაიწყო, რაც მას სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებოდა.
„მოხდა ისე, რომ გავიცანი არასამთავრობო ორგანიზაცია Education USA, რომელიც საქართველოშიც არსებობს და უსასყიდლოდ ეხმარება მოსწავლეებს კონსულტაციაში. როგორც მითხრეს, მე მქონდა იმის პოტენციალი, რომ კარგ უნივერსიტეტებში გამეკეთებინა განაცხადი“, — აღნიშნა ჯინჭარაძემ.
პორტალთან ინტერვიუში, ახალგაზრდა აღიარებს, რომ ძალიან უნდოდა ცხოვრება სკანდინავიაში, მაგრამ არაბეთის საამიროებში აღმოჩნდა.
„ჯერ ფლორიდაში გამიჭირდა 40 გრადუსზე ცხოვრება, ახლა კი არაბეთში 45 გრადუსში ვიცხოვრებ, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო უნივერსიტეტმა ამარჩია“, – აღიარა ჯინჭარაძემ.
მისი თქმით, აბუ-დაბის ნიუ-იორკის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე უნივერსიტეტია.
„მილიარდობით დოლარი იხარჯება, სტუდენტებისთვის ყველა პირობაა შექმნილი სწავლისა და განვითარებისთვის. ლექტორები და სტუდენტები, ფაქტობრივად, თანაბარ პირობებში ცხოვრობენ კამპუსში“, — საუბრობს ჯინჭარაძე.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტი — New York University (NYU) — აშშ-ში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი კვლევითი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. 2010 წლიდან უნივერსიტეტის ერთ-ერთი კამპუსი აბუ-დაბიში განთავსდა (NYU Abu Dhabi), მოგვიანებით კიდევ ერთმა კამპუსმა ფუნქციონირება შანხაიში დაიწყო. 2014 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთი კამპუსი პარიზის ლათინურ კვარტალში გაიხსნა.