თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში იმყოფებოდა, სადაც მან ყვავილებით შეამკო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას საფლავი, რომელსაც შაბათს 54 წელი შეუსრულდებოდა.
ზურაბ ჟვანიას ხსოვნას პატივი მიაგეს მისი ოჯახის წევრებმა — მეუღლემ ნინო ქადაგიძემ, ძმამ გოგლა ჟვანიამ, დედამ რემა ჟვანიამ, ექს-პრემიერის მეგობრებმა და ახლობლებმა.
ზურაბ ჟვანია თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. ის 2005 წლის 3 თებერვალს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან რაულ იუსუპოვთან ერთად კონსპირაციულ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ჟვანიასა და იუსუპოვის ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა — გამათბობლიდან გამოყოფილი მხუთავი აირით მოწამვლა გახდა; თუმცა პრემიერის გარდაცვალების ამ მიზეზის დღემდე არ სჯერა ბევრ მის თანამოაზრეს, რომლებიც მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ.
ზურაბ ჟვანიას ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ მოედანსა და ქუჩას, ასევე ქუთაისში სახელმწიფო ადმინისტრირების უმაღლეს სკოლას, რომლის გახსნის ინიციატორი თავის დროზე თავად იყო. საქართველოს პარლამენტში, რომელშიც ის 1995 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა, მისი ბიუსტი დგას. მონუმენტი 2006 წლის 9 დეკემბერს დაიდგა, იმ დღეს ზურაბ ჟვანია 43 წლის გახდებოდა.