ყველაფერი ტატუს და პირსინგის შესახებ

© photo: Tattoo / FBგოგონა ტატუებით
გოგონა ტატუებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტატუს ისტორია არანაკლებ 4000 წლის წინ დაიწყო, ამიტომ მის მიერ განვლილი გზაც მეტად მრავალფეროვანია. სიტყვა ტატუს ორი მნიშვნელობა აქვს: ჭრილობა და მონიშვნა.

მსოფლიოში ყველაზე ძველი ტატუ გიზის პირამიდის შესწავლისას იქნა აღმოჩენილი. არქეოლოგებმა ჩვ.წ.აღ.-მდე 2000 წლით დათარიღებული ქალი მუმიების სხეულზე სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის უამრავი ტატუ აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ეგვიპტელებმა ტატუს ხელოვნება ძველი ბერძნებისგან და სპარსელებისგან ისწავლეს. მოგვიანებით ტატუ ევროპაშიც გახდა მოდური. დღეს სხეულის მოხატვა, განსაკუთრებით თინეიჯერებში, ძალიან პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც. წლების წინ ე.წ. „ნაკოლკები“ ძირითადად კრიმინალურ ელემენტებთან ასოცირდებოდა, მაგრამ დღეს უკვე ტატუირება ხელოვნების დონემდეა აყვანილი, ამიტომ მისი აქტუალურობა და პოპულარობა გასაკვირიც არ არის.

© FB / Alex Shamanგოგონა ტატუებით
გოგონა ტატუებით - Sputnik საქართველო
გოგონა ტატუებით

ასევე აქტუალურია პირსინგის მოდა. ბოლო პერიოდში პირსინგით, ანუ სხეულის სხვადასხვა ადგილის გახვრეტით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები ინტერესდებიან. გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის პირსინგი სხეულის გალამაზების ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა სხეულის ყველა ნაწილის გახვრეტა უსაფრთხო როდია. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე შევეცადეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან გაგვერკვია, რამდენად უსაფრთხოა ტატუს და პირსინგის გაკეთება სხეულის სხვადასხვა ზონებზე, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და რა დროს არ შეიძლება მათი გაკეთება სხეულზე. გამოცდილმა ტატუ ხელოვანებმა თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს და სახალისო, ამავე დროს უცნაური ისტორიებიც გაიხსენეს.

ალექსი კიაზიმოვი — ტატუ მასტერი

— დაახლოებით 17 წლის ვიქნებოდი, როცა ტატუს გაკეთება დავიწყე. ყოველთვის მომწონდა და მე თვითონ ვისწავლე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. იმ დროს არ იყო ინტერნეტი და რთულად მოსაძიებელი იყო ნებისმიერი სახის ინფორმაცია ტატუზე. პირველი ტატუ გავიკეთე კუსტარული მეთოდით – შეხვეული ძაფით ნემსზე. როგორც გითხარით, ეს იყო 90-იანები და რთულად ასხვავებდნენ ტატუს და „ნაკოლკას“ ერთმანეთისგან. ტატუ ასოცირდებოდა კრიმინალთან, ხოლო ქალი ტატუთი დიდი იშვიათობა იყო. დროთა განმავლობაში ხალხის შეხედულებაც შეიცვალა და „ნაკოლკა“ გადაიქცა ტატუდ.

– ამჟამად რა არის ყველაზე მოდური და აქტუალური, რას იხატავენ ყველაზე ხშირად?

— წლების წინ, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, მოდაში იყო ის, რასაც სხვაზე ხედავდნენ. დღეს გახდა უფრო ინდივიდუალური, რადგან არჩევანი დიდია. თუმცა არის კატეგორია, რომელიც სტანდარტულ ნახატებს იკეთებს: ცხოველებს (ჩიტებს, მგლებს, დრაკონებს), იეროგლიფებს, როგორც ადრე იკეთებდნენ ობობას ან მორიელს.

– ყველა გამოსახულებას და იეროგლიფს თავისი მნიშვნელობა აქვს, ყოველთვის ყველამ იცის რას იხატავს?

— რა თქმა უნდა, ყველა გამოსახულებას და იეროგლიფს თავისი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ყოველთვის ყველამ არ იცის რას იკეთებს. ზოგს უბრალოდ მოეწონება ნახატი და იკეთებს ყოველგვარი ახსნის გარეშე. ამასთან დაკავშირებით კურიოზები, რა თქმა უნდა, ბევრი ყოფილა. ახლა ერთი მახსენდება: ერთმა ბიჭმა თავისი არჩეული ბიოსაფრთხის (biohazard) ნახატი გაიკეთა (თან ავუხსენი რასაც ნიშნავდა), რამდენიმე დღეში მომადგა პრეტენზიებით, ეს რა გამიკეთე, სატანის ნიშანი ყოფილა სამი ექვსიანიო.

კიდევ იყო ერთი კურიოზული შემთხვევა. ერთი ბიჭი მოვიდა თავის საძმაკაცოსთან ერთად. შეარჩიეს ობობას ნახატი და დიდი ემოციით განიხილავდნენ მის მნიშვნელობას. დიდი ამბიციით დაიწყო გაკეთება და პირველი ხაზის გაკეთებასაც ვერ გაუძლო. გამწარებული წამოხტა, აღარ მინდა ტატუს გაკეთება, ფლომასტერით დამახატეო და გავარდა.

– ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, ან ყველაზე პატარა რამდენი წლის იყო, ვინც თქვენთან ტატუ გაიკეთა?

— ყველაზე პატარა 12 წლის ბიჭი იყო, რომელიც დედამ მოიყვანა. თუ არ ვცდები, გაიკეთა მხარზე „ტრაიბალი“ (Tribal ტატუს ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელიც მოდის პოლინეზიის კუნძულებიდან). იყო ასევე 12-13 წლის გოგო, ისიც დედამ მოიყვანა. პირველი ტატუ, როგორც მახსოვს, გაიკეთა იაპონური იეროგლიფი, მერე სამი წლის განმავლობაში მოდიოდნენ დედა-შვილი და ამატებდნენ ნახატებს. ხოლო ასაკოვანი ადამიანი, ვინც გაიკეთა ჩემთან ტატუ, იყო 60 წლამდე უცხოელი და დაიხატა აქლემი როგორიც Camel-ის კოლოფზეა. თვითონ  იყო ძალიან კოლორიტული პერსონაჟი ვესტერნის ფილმიდან.

– ქალები ხშირად იკეთებენ ტატუს ინტიმურ ადგილებზე?

— ქალების ნახევარი ზუსტად ინტიმურ ადგილებზე იკეთებს ტატუს. ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებად გამოსაჩენი იყოს, ზოგს უბრალოდ მოსწონს, როცა ტატუ ინტიმურ ადგილებზე აქვს. თვლიან, რომ უფრო სექსუალურია, საჯდომზე, მკერდზე, ბოქვენზე.

© FB / Tattooტატუ
ტატუ - Sputnik საქართველო
ტატუ

ამ დროს უხერხულობის შეგრძნება არ უჩნდებათ?

— მათ იციან რისთვისაც მოდიან, ამიტომ არც ყოფილა უხერხული მომენტები და უკმაყოფილება არავისგან.

– როცა ტატუს მოშორების სურვილი უჩნდებათ, ვის უნდა მიმართონ და რამდენად რთული პროცესია ტატუს მოშორება?

— ტატუს მოშორების რამდენიმე ვარიანტია. ან უნდა გადააკეთონ შეყვარებულის სახელი სხვა სახელზე, ან საკმაოდ ძვირი და მტკივნეული პროცედურა ჩაიტარონ ლაზერით. შეიძლება ლაზერმაც არ ამოიღოს ბოლომდე ნახატი (დამოკიდებულია როგორ აკეთებდა ტატუ-მასტერი ამ ნახატს). შეიძლება კანის პიგმენტაცია შეიცვალოს – დარჩეს ღია ლაქა ტატუს მაგივრად. არის ასევე კუსტარული მეთოდები – „მარგანცოვკით“ ამოწვა, „შკურკით“ გახეხვა და ა.შ.

CC BY 2.0 / Flickr / Tony Alter / RVA Tattoo Festival 2017ტატუს ხატვის პროცესი
ტატუს ხატვის პროცესი - Sputnik საქართველო
ტატუს ხატვის პროცესი

დათო მატკავა-ტატუ მასტერი

დათო მანტკავამ 15 წლის ასაკში შემთხვევით, მეგობრის თხოვნით დაიწყო ტატუს გაკეთება და მას მერე ამ საქმეს ემსახურება. ის არა მარტო კანზე, არამედ ფურცელზეც ხატავს, დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია. ტატუირების მხრივ აქვს გარკვეული მიღწევები.

როგორც დათომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძირითადად 20-23 წლის ახალგაზრდები აკითხავენ ტატუს დასახატად.

— დღეს ყველაზე ხშირი და მოდური წარწერებია. ადრე გვირგვინები იყო, მერე უსასრულობები, არის პერიოდი, როცა ერთ რაღაცას ამოიჩემებენ ხოლმე და მორჩა, – ამბობს მანტკავა.

მისი თქმით, ყველა გამოსახულებას და იეროგლიფს თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ბევრმა არ იცის მათი მნიშვნელობა და Google-ს ენდობა.

© FB / Tattooბავშვი ტატუთი
ბავშვი ტატუთი - Sputnik საქართველო
ბავშვი ტატუთი

„ამის გამო ხშირად უაზრობებს იწერენ, მაგალითად, ერთმა ხელებზე წარწერები გაიკეთა ძველქართულად. ერთ ხელზე თამუნა დაიწერა, მეორე ხელზე დედამისის სახელი უნდოდა, რომელსაც ია ერქვა და პროპორციული რომ ყოფილიყო, დედიკო დაიწერა. ერთმა კი თავისი ოჯახის ყველა წევრის სახელები ჩამოიწერა მკლავზე. მაგრამ ასეთ დროს მე არ ვერევი და ვუკეთებ იმას, რასაც მთხოვენ“, – ამბობს დათო.

მის პრაქტიკაში ბევრი კურიოზული და უცნაური შემთხვევაც ყოფილა, განსაკუთრებით ერთი ასაკიანი მამაკაცი დაამახსოვრდა.

„52-53 წლის კაცი მოვიდა და წარწერა გაიკეთა — „არ ენდო ქალს, არც ცოცხალს არც მკვდარს“. არ ვიცი ვინ გაამწარა ასე და რატომ დაიწერა ეს ტექსტი“, – იხსენებს დათო.

ქალები ხშირად იკეთებენ ტატუს ინტიმურ ადგილებზე. გამონაკლისი არც დათოს შემთხვევაში ხდება. ამბობს, რომ ქალისთვის თითქმის ყველა ზონაზე აქვს ტატუ გაკეთებული, გარდა საჯდომისა.

„უმეტესად მეუღლეებს მოჰყავთ, თითქმის ყველა ინტიმურ ადგილზე მაქვს გაკეთებული, საჯდომის გარდა. არანაირი უხერხულობის შეგრძნება არ უჩნდებათ. თუ გადაწყვეტილი აქვთ და უკვე ჩემთან არიან, სასირცხვილოც არაფერია, ზოგადად ისეთიც არაფერია ამაში“, – ამბობს მანტკავა.

მისივე განცხადებით, ტატუ სალონები მკაცრად კონტროლდება. უმეტესად მასალა ერთჯერადია, მაგრამ არის პატარ-პატარა ნივთები, რომელებსაც უნდა სტერილიზაცია. მონიტორინგი დაიწყო 2016 წლის 1 იანვარს.

არის შემთხვევები, როცა წლების მერე ბეზრდებათ, ან უბრალოდ აღარ მოსწონთ ტატუ. მანტკავას განცხადებით, არსებობს სპეციალური კლინიკები, სალონები, სადაც ხდება ტატუს მოცილება. ამბობს, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია…

© FB / Body Piercingsპირსინგი
პირსინგი - Sputnik საქართველო
პირსინგი

სხეულის ლამაზად მორთვის ერთ-ერთი საშუალებაა პირსინგი, რომელსაც 5000 წლიანი ისტორია აქვს. საუკუნეების მიხედვით მის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა და იხვეწებოდა. თუ რა ზონებზე იკეთებენ დღეს ყველაზე ხშირად პირსინგს და რამდენად უმტკივნეულოა ეს პროცესი, ამის შესახებ პირსინგის სპეციალისტი მიმი ჭელიძე გვესაუბრა.

— ზოგადად პირსინგები საკმაოდ პატარა ასაკიდან მომწონდა. სკოლის პერიოდში გამიჩნდა სურვილი, მე თვითონ დამეწყო ამაზე მუშაობა. საკმაოდ დიდი პერიოდი უბრალოდ ვიკვლევდი, ვსწავლობდი. უკვე 18 წლის ასაკში პირველად მეგობარს გავუკეთე წარბზე პირსინგი და ამის შემდეგ ნელ-ნელა სხვებსაც… ბოლოს, როცა საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე, ჩემი ფეისბუქ–გვერდიც შევქმენი და პირსინგის გაკეთების მსურველთა რაოდენობაც გაიზარდა. აგერ უკვე შვიდი წელი გახდება, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული და, თამამად ვიტყვი, ჩემგან არც ერთი კლიენტი უკმაყოფილო არ წასულა. ასაკი შეზღუდული არ არის, თუმცა ძირითადად მაინც 18-დან 30 წლამდე ადამიანები იკეთებენ. სქესს რაც შეეხება, პროცენტულად გოგონების უფრო დიდი რაოდენობა იკეთებს, ვიდრე ბიჭების. ყველაზე აქტუალური ზონა ჭიპი, ენა და წარბია. როგორც მახსოვს, ასაკით ყველაზე დიდი, დაახლოებით 50 წლის ქალბატონი მყავდა. პატარებს რაც შეეხება, არასრულწლოვნებს მშობლის თანხმობის გარეშე არ ვიღებ. ყველაზე პატარა 15 წლის გოგო მყავდა, რომელიც დედამისთან ერთად მოვიდა პირსინგის გასაკეთებლად. ჩემთვის უცნაური და უჩვეულო ადგილი არ არსებობს. იშვიათი, რასაც გამოვყოფდი მოთხოვნის თვალსაზრისით, ინტიმური ადგილებია. პირსინგის გაკეთება მტკივნეულია. არის ზონები, სადაც ვაკეთებ გამაყუჩებელს, რა თქმა უნდა, სინჯის შემდეგ, თუ დადგინდა, რომ კლიენტი ალერგიული არ არის. არის ადგილები, სადაც გამაყუჩებლის გარეშეც ვმუშაობ.

ბევრს ჰგონია, რომ პირსინგი დისკომფორტს იწვევს, თუმცა ეს ასე არ არის. რამდენიმე დღე უბრალოდ შეჩვევა სჭირდება ადამიანს და ესეც ინდივიდუალურია. საერთო ჯამში ეს სულაც არაა შემაწუხებელი და ხელის შემშლელი.

© FB / Body Piercingsპირსინგები
პირსინგები - Sputnik საქართველო
პირსინგები

ვიზუალურ სილამაზესთან ერთად, შესაძლოა, ტატუს და პირსინგის გაკეთებას გარკვეული გართულებებიც მოჰყვეს. რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, სანამ ტატუს გაიკეთებს, სამედიცინო თვალსაზრისით რამდენად დასაშვებია ტატუს გაკეთება და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კანზე ხატვამ, ამის შესახებ ექიმ–დერმატოლოგი სოფო ლილუაშვილი გვესაუბრა.

– როგორც დერმატოლოგი, ტატუს ვერ გავუწევ რეკომენდაციას რიგი გართულებების გამო, რომელიც შესაძლოა ამან გამოიწვიოს. ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია. შესაძლოა საღებავმა ნივთიერებამ, ტატუს გაკეთებამ კანზე გამოიწვიოს რიგი გართულებები, მაგალითად, ალერგიული რეაქციები, კანის დაზიანება, გადამდები ინფექციები. ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადღება მისაქცევია – რა პირობებში კეთდება ტატუ. თუ მაინც გადაწყვეტს ადამიანი, რომ გაიკეთოს ტატუ, თავდაპირველად უნდა სცადოს პატარა მონაკვეთზე. გაიგოს, არის თუ არა ალერგიული რეაქცია კანზე. ძალიან ხშირია კონტაქტური დერმატიზები, ტოქსიგენიები და ა.შ. აუცილებლად უნდა მითხოვოს დეზინფექციის პირობების დაცვა. ის იარაღები, რითიც კეთდება ტატუ, აუცილებლად უნდა იყოს დეზინფიცირებული შესაბამისი წესების დაცვით, რათა არ იყოს რაიმე გადამდები დაავადების გადატანის რისკი. დამატებითი გართულებები შეიძლება იყოს ტატუს მოცილების პერიოდშიც, ეს არის ძირითადად კანის დამწვრობა. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირად მქონია ჩემ პრაქტიკაში. ამ გართულებების აღმოფხვრა მარტივი ნამდვილად არ არის, საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ძალიან მძიმე ტოქსიკური რეაქციაა და ამას სავალალო შედეგამდეც მივყავართ.

აკუპუნქტურის სპეციალისტი სიე ძიანმინგი

ყველამ პირადად უნდა გადაწყვიტოს, წავლენ თუ არა ასეთ რისკზე. ამა თუ იმ სახით სხეულის ფორმის შეცვლამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. მნიშვნელოვანი ფაქტორია სტერილიზაცია. არასტერილური ნემსებით ტატუირება ფართოდ გავრცელებული დაავადებების, ჰეპატიტისა და აივ ინფექციის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ზოგჯერ კანის დაავადებებს მასში შეყვანილი საღებავები იწვევს. პირსინგით გამოწვეული ჭრილობების შეხორცებას კი შეიძლება თვეები დასჭირდეს და ამ ხნის განმავლობაში ადამიანს ტკივილის ატანა მოუწიოს. ამ დროს შეიძლება ადამიანს სისხლიც კი მოეწამლოს. როგორც აღვნიშნე, აუცილებლად უნდა იყოს სტერილურობა დაცული. დაუშვებელია პირსინგის გაკეთება მკერდთან, რადგან ნერვული დაბოლოებები კანთან ძალიან ახლოსაა და ნებისმიერ შეხებაზე სენსიტიურია. გასათვალისწინებელია, რომ ახალგაზრდობაში გაკეთებული ტატუ შეიძლება გახდეს უამრავი დაავადების წყარო.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი სოფიო კაშია

მრავალი კვლევის მიუხედავად, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გადაჭარბებული ტატუირება დამოკიდებულებაა — არ არსებობს. ერთ-ერთი მოსაზრებით, ტატუ ერთგვარი ჰობია, რომელიც ადამიანების გარკვეულ ნაწილში თვითშეფასებას ზრდის. სხეულის მოხატვის შემდეგ ისინი უფრო ლამაზად, ცოცხლად და მნიშვნელოვნად გრძნობენ თავს.

სხვა მოსაზრებით, სხეულზე არსებული ტატუ დროთა განმავლობაში მნიშვნელობას კარგავს, ვეღარ იწვევს თავდაპირველ ემოციურ განცდას და უფერულდება. ტატუს გაკეთების შემდეგ ჩნდება სინანული, რადგან მასთან დაკავშირებული მოგონება უკვე მტკივნეულია. ასეთი მდგომარეობის გამო ტატუს მფლობელს სხეულის ხელახალი მოხატვის სურვილი უჩნდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს სურვილი კვლავ მეორდება, და ასე უსასრულოდ…

რაც შეეხება მოზარდებში ტატუს გაკეთების სურვილს, რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: სურვილი,  სამუდამოდ აღბეჭდონ განსაკუთრებული მოვლენა ან ცხოვრებისეული მიღწევა; აღბეჭდონ  მიკუთვნებულობა ოჯახის წევრებთან, მეგობართან ან ცხოველთან; გამოხატონ კავშირი რომელიმე დაჯგუფებასთან, კლუბთან ან სუბკულტურასთან.

სხეულის მოხატვის მიზეზი, შესაძლოა, ძლიერ ემოციურ განცდებთანაც იყოს დაკავშირებული.  მოზარდმა ტატუ შეიძლება იმიტომაც გაიკეთოს, რომ თანატოლების თვალში ამაღლდეს და უფრო პოპულარული გახდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში ტატუირების სურვილი მშობელში ძლიერ უარყოფით რეაქციას იწვევს. მაშინაც კი, თუ მშობელს თავად აქვს მოხატული სხეული. საუკეთესო გამოსავალი ამ დროს საუბარია. მშობელმა გვერდზე უნდა გადადოს მისი ნეგატიური განცდა და მოზარდს ტატუს გაკეთების მიზეზებზე ესაუბროს.

მიზეზის გაგების შემდეგ მან უნდა აუხსნას მოზარდს ის რისკები, რაც შესაძლოა სხეულის მოხატვას მოჰყვეს: იმედგაცრუება ტატუს ფორმის, ზომის ან ადგილმდებარეობის გამო. ასევე ფიზიკური გართულებები, როგორიცაა ალერგიული რეაქციები და ინფექციები, მათ შორის ჰეპატიტი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და სხვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0