- ქ-ნო ბარბარე, რა არის ალერგია?
— ალერგია ორგანიზმის სპეციფიკური, გადაჭარბებული მგრძნობელობაა ამა თუ იმ უსაფრთხო ნივთიერებების მიმართ. ამ დროს იმუნური სისტემა უვნებელ ნივთიერებას შეცდომით აღიქვამს, როგორც ორგანიზმისთვის საშიშს და მის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ალერგია გამოვლინდება სხვადასხვა დაავადების სახით — ალერგიული რინიტი და ბრონქული ასთმა, კვებითი ალერგია, ატოპიური დერმატიტი, მედიკამენტური ალერგია, მწერის ნაკბენზე ალერგია, ანაფილაქსიური შოკი, კონტაქტური დერმატიტი და სხვა.
- რა არის ალერგიის ძირითადი სიმპტომები?
— მისი გამოვლინება სხვადასხვაგვრია: სურდო, ცრემლდენა, ცხვირის, თვალების, ყურების, სასის ქავილი; ცემინება, ხველა, ცხვირში ზეწოლის შეგრძნება, ყურების დახშობა, კანზე გამონაყარი (ჭინჭრისციება), შეშუპება (კვინკესანგიონევროზული), სუნთქვის უკმარისობა და ქოშინი ბრონქოსპაზმით თუ ობსტრუქციით გამოწვეული, ასევე ყლაპვის გაძნელება-ლარინგოსპაზმი და სხვა.
- რომელია ალერგიის ყველაზე გავრცელებული ფორმა?
— ბავშვებში ალერგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა დიათეზი და ატოპიური დერმატიტი, რომელიც კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა ქავილით გამოვლენილი. იგი ძირითადად ვითარდება ბავშვთა ადრეულ ასაკში და ხასიათდება გამწვავებებით. ატოპიურ დერმატიტს ახასიათებს — კანის ქავილი და სიმშრალე, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი.
ასევე არსებობს კვებითი, მედიკამენტოზური და ინსექტური ალერგია, თუმცა, ბრონქული ასთმა რესპირატორული გამოვლინებებით, ალბათ, ყველაზე ხშირია ალერგიულ დაავადებებს შორის.
- ალერგიას სეზონურობა ახასიათებს. განსაკუთრებით რომელ სეზონზეა იგი აქტიური?
— სეზონური ალერგია უმეტესად მწვავდება გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში, თუმცა, ბოლო წლებში სეზონურობა ნაკლებად გამოიხატება და ალერგიული დაავადებები მთელი წლის მანძილზე საკმაოდ აქტიურად ვლინდება. ყოველ გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, ხეებიდან, ბუჩქებიდან და ბალახებიდან ვრცელდება მცენარეული მტვერი. ეს მტვერი ბევრ ადამიანში იწვევს ალერგიას — ანუ ე.წ. პოლინოზს. ამ მოვლენებს ხალხურად „თივისცხელებას" ეძახიან და საქართველოში უფრო თიბვის პერიოდს — ივნის-აგვისტოს უკავშირდება. სეზონური ალერგიის ნიშნებია — თვალების ქავილი, ცრემლდენა, ცხვირცემინება, ცხვირიდან წყლისებრი გამონადენი, ცხვირ-ხახის ქავილი, კონიუნქტივიტი.
ზაფხულის სეზონზე კი განსაკუთრებით აქტუალურია მწერების ნაკბენით გამოწვეული ალერგია. ესენია უმეტესად ფუტკრები და კრაზანები. იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ გართულებები, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: არ დაანებოთ ბავშვებს ხის ძირში თამაში, რაგდან იქ ხშირად იცის კრაზანის ბუდეები, არ იაროთ ფეხშიშველამ ბალახზე, არ ჭამოთ ხილი და არ დალიოთ ტკბილი წვენი შენობის გარეთ, არ მიიღოთ მზის აბაზანა თუ თქვენ სველი ხართ, ან რაიმე კოსმეტიკური ზეთი გისვიათ, რადგან ამას მწერების მოზიდვა შეუძლია.
- ხშირად ალერგიის და გაციების სიმპტომები ერთმანეთ ჰგავს, როგორ უნდა მივხვდეთ რა გვჭირს?
— ალერგია და გაციების სიმპტომები ზოგჯერ მართლაც ჰგავს, რის გამოც შეცდომაში შესული პაციენტი გვიან მიმართავს ალერგოლოგს. გართულებული პროცესი კი, უფრო რთულ და ხანგრძლივი მკურნალობის პროცესს მოითხოვს. ძირითადი განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: გაცივების სიმპტომები, როგორც წესი, რამდენიმე დღეში მკურნალობის გარეშეც ქრება, ხოლო რაც შეეხება ალერგიას, სიმპტომები თანდათან რთულდება და მკურნალობის გარეშე ქრონიკული ხდება.
- რატომ იმატა ბოლო დროს ალერგიის რიცხვმა?
— ალერგიის გამოვლინება მჭიდრო კავშირშია ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა სხვადასხვა ქიმიური ნაერთები საყოფაცხოვრებო ქიმიის სახით, დეზოდორანტები, დაბინძურებული ჰაერი, დაბალი ტემპერატურა, ნესტი, გამონაბოლქვი, თამბაქოს კვამლი, გენმოდიფიცირებული და სინთეზური საკვები პროდუქტები და მრავალი სხვა ტოქსიკური ნივთიერებები, რომელთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს.
- როგორ ხდება ალერგიული დაავადების დიაგნოსტიკა?
დიაგნოსტირებისთვის აუცილებელ გამოკვლევებს ექიმი ინდივიდუალურად არჩევს პაციენტის ჩივილებიდან და სიმპტომებიდან გამომდინარე. ისაზღვრება ნაცხი ეოზინოფილზე ცხვირისა და თვალის სეკრეტიდან, იმუნოგლობულინების IgA, IgM და IgE რაოდენობის განსაზღვრა. არსებობს ალერგიული ტესტირება სხვადასხვა ალერგენებზე — საკვებზე, მტვერზე, ბეწვზე, ობზე, ნესტზე და ა.შ. ასევე კომპიუტერული პირომეტრია — ბრონქოსპაზმისა და ობსტრუქციის გამოსავლენად.
- როგორ უნდა დავიცვათ თავი ალერგიისგან?
ადამიანს შეუძლია თავიდან აიცილოს ბრონქული ასთმის შეტევა თუ მოერიდება ამ დაავადებების მაპროვოცირებელ ფაქტორებს (ალერგენებს), როგორიცაა: საყოფაცხოვრებო მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვი, თამბაქოს კვამლი, ყვავილის მტვერი. ოთახის მტვერი, შესაძლოა, ეფექტურად ვაკონტროლოთ ლეიბებისა და ბალიშების მკვრივი შალითით შეფუთვით, თეთრეულის ყოველკვირეული რეცხვით, ოთახის ხშირი განიავებით; გამოიყენეთ ბამბის თეთრეული. ეცადეთ, ბალიში და საბანი არ იყოს ბუმბულის ან მატყლის. იატაკი ხშირად გაწმინდეთ სველი წესით. რბილი ავეჯის გადასაფარებლად გამოიყენეთ რეცხვადი, ბუნებრივი ქსოვილის შალითა. ეცადეთ შეინარჩუნოთ სუფთა, მშრალი ჰაერი.
რაც შეეხება თამბაქოს და მის გამონაბოლქვს, თამბაქოს პასიური მოწევა მკვეთრად არის ასოცირებული ასთმის გამწვავებასთან, ის განიხილება როგორც ასთმის ინდუქტორი. ამიტომ სასურველია თამბაქო სახლში არ მოწიოთ. თამბაქოს კვამლის ზემოქმედების შესამცირებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისი შეზღუდვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რესტორნებსა და სუპერმარკეტებში, რაც დიდ სარგებლობას მოუტანს ასთმის კონტროლს.
- როგორ უნდა ვიმკურნალოთ ალერგიის დროს?
— ალერგიის დროს მკურნალობის აუცილებელი პირობაა კვალიფიციურ ალერგოლოგთან კონსულტაცია და არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ — თვითმკურნალობას! თუ პროცესს არასწორად ვმართავთ, წაიშლება სიმპტომები და გართულდება გამომწვევი მიზეზის დადგენა.
ნინი რაზმაძე