სასამართლომ შსს-ს ექს-ჩინოვნიკებთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა

© photo: Sputnikპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი ორი ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს ყოფილი ხუთი მაღალჩინოსანი დამნაშავედაა ცნობილი და მათ 3-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ოქტომბერს ყოფილ ჩინოვნიკებს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის მაქსიმალური ვადა — პატიმრობა 12 წლით — სასამართლომ შსს ცენტალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავასა და შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის გიორგი ცააძის მიმართ გამოიყენა.

მსჯავრდებული - Sputnik საქართველო
მკვლელობაში ბრალდებულ ექსჩინოვნიკებს პატიმრობა შეეფარდათ

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის მიესაჯა შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელს ლევან ბეროძეს, ყოფილ გამომძიებელს ლევან კვინიკაძეს – ადამიანის წინასწარგანზრახვით უკანონო დაკავებისთვის დაუსწრებლად 4 წლით და 6 თვის ვადით, ხოლო შსს-ს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილ უფროსს კახაბერ ნაკანს — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 6 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულების ადვოკატი სასამართლო გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას.

„შეუძლებელი იყო ყველა ბრალდებულთან დაკავშირებით დანაშაულის დამტკიცების შესახებ განაჩენის გამოტანა, შესაბამისად, სასამართლო ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია ეს უკანონო განაჩენი“, — განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

2006 წლის 2 მაისის მოვლენების ხელახალი გამოძიება კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებდნენ, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ფირცხალავას მიერ მომზადებულ შეიარაღებულ თავდასხმას ემსხვერპლნენ.

ყველა ახალი ამბავი
0