პარადოქსული, მაგრამ ეფექტური: აღზრდის იაპონური მეთოდი

CC BY 2.0 / Flickr / Cyril Bèle / mother and childrenიაპონელი დედა შვილებთან ერთად
იაპონელი დედა შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღზრდის იაპონური სისტემა მკვეთრად განსხვავდება ყველა სხვისგან, მათ შორის, ჩვენი სისტემისგანაც და ამადაც მავანს, შესაძლოა, ძალზე პარადოქსულადაც მოეჩვენოს.

იაპონიაში სკოლაში სწავლების ფორმაც კი თავისებურია. მაგალითად, დაწყებით სკოლებში მკაცრი წესები არ აქვთ. ბავშვები თამაშებით ეცნობიან სამყაროს, სწავლობენ მანერებს, უფროსებთან ურთიერთობას, წესრიგს, ტრადიციებს. მოსწავლეები დადიან თავისუფლად ჩაცმულები და არა სასკოლო ფორმაში გამოწკეპილები. ისინი თავად ალაგებენ საკლასო ოთახებს და ეჩვევიან სისუფთავეს. სკოლებში ერთ დამლაგებელსაც ვერ ნახავთ. მთელი ავეჯი მობილურია და თავისუფლად შეიძლება მოარგო ნებისმიერი გაკვეთილის საჭიროებას.

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
საკლასო ოთახი

სადილი — ეს მთელი ტრადიციაა და შესვენება ამ დროს ერთი საათი გრძელდება. კერძებს, რომლებიც ადგილზე, სკოლაშივე მზადდება, მორიგე მოსწავლეები არიგებენ კლასებში. სადილის აუცილებელი კომპონენტებია ბრინჯი და რძე.

რაც შეეხება საშუალო და უფროსი სკოლების მოსწავლეებს, მათ ფორმა აცვიათ, სკოლაში ველოსიპედებით დადიან და არასდროს აგვიანებენ, იმიტომ რომ სკოლა ზუსტად განსაზღვრულ დროს იკეტება.

არ არსებობს ცელქი მოსწავლის დასჯის არანაირი მეთოდი. თუ ვინმე გაკვეთილზე ხმაურობს, არ ისვენებს და ყველას ხელს უშლის, მას, უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევენ — არც მასწავლებელი და არც სხვა მოსწავლეები.

იაპონური სკოლების კედლები ნაცრისფრადაა შეღებილი. ეს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მერე თავად მიახატონ პეპლები, ყვავილები თუ სხვა რამ, რაც მათ განწყობას შეუქმნის და ცხოვრების რიტმს განუსაზღვრავს.

© FL/ Yoshikazu TAKADAიაპონელი ბავშვები ნაცრისფერ კედლებს საკუთარი ნახატებით აფერადებენ
იაპონელი ბავშვები ნაცრისფერ კედლებს საკუთარი ნახატებით აფერადებენ - Sputnik საქართველო
იაპონელი ბავშვები ნაცრისფერ კედლებს საკუთარი ნახატებით აფერადებენ

რაც ყველაზე მეტად გაგაოცებთ, ისაა, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლეები პრაქტიკულად არ სარგებლობენ მობილური ტელეფონებითა თუ პლანშეტებით. არადა, საუბარია იაპონიაზე, ქვეყანაზე, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების სიჭარბით უკვე მრავალი წელია მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა. კლასში ერთი პატარა პლანშეტი უდევთ, რომელიც ინტერაქტიულ დაფასთანაა შეერთებული. ესაა და ეს.

ჭკვიან ტექნიკას ბავშვების ხელში მაინც და მაინც ვერც სკოლის გარეთ შენიშნავთ. იაპონელი მშობლები ცდილობენ, რომ მათმა შვილებმა არ იცხოვრონ ვირტუალურ სამყაროში, მთელი დღეები სოციალურ ქსელებში კი არ გაატარონ, არამედ ბუნებაში, ოჯახის წევრებთან, უბრალოდ, ნამდვილ ადამიანებთან ერთად; თუ რამე შეკითხვა უჩნდებათ, კი არ „დაგუგლონ“, უფროსებს ჰკითხონ, მათთან ერთად იმსჯელონ და დასკვნა გააკეთონ მათთვის საინტერესო საკითხებზე…

და მათ ეს გამოსდით!

საერთოდ, იაპონიაში ჩასულს მაშინვე თვალში გეცემათ თაობებს შორის საოცარი ურთიერთგაგება. ძნელია ნახოთ ჭირვეული ბავშვი და განერვიულებული მშობელი. როგორც ჩანს, ამგვარი ერთსულოვნების ფესვები ღრმა წარსულში მიდის და უძველესი ტრადიციის ნაყოფია: რაც უნდა ეკეთებინა დედას, რა სამუშაოც უნდა ჰქონოდა შესასრულებელი, შვილი სხეულზე ჰყავდა ნაჭრით აკრული და თან დაუსრულებლად ელაპარაკებოდა, უყვებოდა, რასაც აკეთებდა.

ამით ბავშვი გამუდმებით იყო ჩართული ყველა პროცესში, გამუდმებით ვითარდებოდა და ხშირად ისეც ხდებოდა, რომ პატარა პირველი ნაბიჯის გადადგმამდე, ანუ სიარულის დაწყებამდე ლაპარაკს სწავლობდა.

CC BY 2.0 / Flickr/ Manish Prabhune / Japanese moms with their camera gear at Hamarikyu gardens, Tokyoიაპონელი ქალი ცდილობს, ყველგან თან ატაროს შვილი — სხვათა შორის, ხშირად ძველებურად ზურგზე აკრული.
იაპონელი ქალი ცდილობს, ყველგან თან ატაროს შვილი — სხვათა შორის, ხშირად ძველებურად ზურგზე აკრული.  - Sputnik საქართველო
იაპონელი ქალი ცდილობს, ყველგან თან ატაროს შვილი — სხვათა შორის, ხშირად ძველებურად ზურგზე აკრული.

დღესაც ასეა: იაპონელი ქალი ცდილობს, ყველგან თან ატაროს შვილი, სხვათა შორის, ხშირად ძველებურად ზურგზე აკრული. როგორც წესი, დედა სამ წლამდე შინ ზის და შვილს უვლის. ამის მერე საბავშვო ბაღში შეჰყავთ. რაღა თქმა უნდა, არსებობს ბაგის ჯგუფებიც, მაგრამ სამ წლამდე ასაკის ბავშვის აღსაზრდელად სხვისთვის მიბარება, ბებიისა და ბაბუისთვისაც კი, მაინც და მაინც მიღებული არ არის.

ბავშვს ლამის ჩვილობის ასაკიდან ასწავლიან, ყური მიუგდონ გრძნობებსა და შეგრძნებებს — საკუთარს თუ სხვისას. თქვენ წარმოიდგინეთ, უსულო საგნებისასაც კი. თუ ბავშვი სათამაშოს გატეხს, დედა კი არ დასჯის ან უსაყვედურებს, უბრალოდ ეტყვის: „შენ ახლა მაგას ატკინე“.

იაპონიაში მიღებული არ არის ბავშვთან ხმის აწევა და მათთვის ნოტაციების კითხვა. ფიზიკურ დასჯაზე საუბარიც არაა. უფროსები უკმაყოფილებას მზერით ან ინტონაციით გამოხატავენ. შვილი უშეცდომოდ ხვდება, რით გაანაწყენა მშობლები და ასევე უსიტყვოდ ცდილობს, გამოასწოროს შეცდომა…

სათქმელი კიდევ ბევრია, ეს მხოლოდ მცირე მიმოხილვაა, მაგრამ ზოგადი სურათის შესაქმნელად, ვფიქრობთ, საკმარისია.

რაც მთავარია, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს აღზრდის იაპონური მეთოდი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საუკუნეებითაა გამოცდილი და ფაქტია, რომ ის დისციპლინირებული და კანონმორჩილი მოქალაქეების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0