ექიმის წინასაახალწლო რჩევები: თავმა უნდა აკონტროლოს მუცელი და არა – პირიქით!

ქართული სუფრა
ქართული სუფრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა პრობლემები უჩნდება ჩვენს ჯანმრთელობას საახალწლო სუფრის შემდეგ და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს, ამის თაობაზე „Sputnik საქართველომ“ რამდენიმე კითხვით მიმართა ექიმ-თერაპევტს ქეთევან ხუციშვილს.

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება. ყველა სულმოუთქმელად ველოდებით საახალწლო დღეებსა და იმ საზეიმო განწყობას, რომელიც ამ დღეებს ახლავს თან. ახალი წლის პერიოდში ყველა ქვეყანას თავისი ტრადიციები აქვს და მათ შორის — ჩვენც. ამ დღეების აუცილებელი შემადგენელია საახალწლო სუფრა (უფრო სწორად, სუფრები), უამრავი საჭმელი, სასმელი… ზომიერების დაცვა კი, როგორც წესი, არ ვიცით.

– თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ახალი წლის შემდეგ, ძირითადად, რა პრობლემებით მოგმართავენ პაციენტები?

– ზოგადად, საქართველოში, ჩვენი კვების რაციონიდან გამომდინარე, მოსახლეობას უმეტესად კუჭ–ნაწლავის პრობლემები აწუხებს. ამას პროცენტული მაჩვენებელიც ადასტურებს. ახალი წლის შემდეგ კი ეს პრობლემა, როგორც წესი, მწვავდება.

ნაახალწლევს პაციენტების უმრავლესობა მოგვმართავს გულძმარვის, ბოყინის, ნაბახუსევის სინდრომით, მარჯვენა ფერდქვეშ, ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში ტკივილებით. განსაკუთრებით იჩენს ხოლმე თავს თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულის, გასტრიტების გამწვავება. ამას ყველაფერს კი ცხარე, მჟავე საკვები, ღორის ხორცი, ნიგვზიანი საჭმელები იწვევს და, რაც მთავარია, საახალწლო სუფრასთან ამ ყველაფრის ერთად და დიდი რაოდენობით მიღება.

CC BY 2.0 / Vic / Doctor greating patientექიმი და პაციენტი
ექიმი და პაციენტი - Sputnik საქართველო
ექიმი და პაციენტი

– რას ურჩევდით მოსახლეობას გადატვირთული საშობაო და საახალწლო სუფრების გათვალისწინებით?

– რა თქმა უნდა, დიეტას ყველა ვერ დაიცავს, მაგრამ მაინც ვურჩევდი, პირველ რიგში, მოერიდონ ცხარე საკვებს და ზომიერება დაიცვან. არ შეიძლება ერთდროულად რამდენიმე და, განსაკუთრებით, მძიმე კერძის მიღება. მაგალითად, ერთდროულად ნუ შეჭამთ საცივსა და ღორის ხორცისგან დამზადებულ კერძს, თან ჯობს გაანაწილოთ საკვები – მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. წინააღმდეგ შემთხვევაში კუჭი ზედმეტად იტვირთება და ამას მოსდევს შემდეგ ის პრობლემები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

– თუ მაინც შევცდით და, მოგეხსენებათ, საახალწლო სუფრასთან თავის შეკავება ხანდახან მართლა რთული საქმეა, როგორ მოვიქცეთ?

– თუ სიმძიმის შეგრძნება გაქვთ, ასეთ შემთხვევაში ორგანიზმს საჭმლის მონელებაში ფერმენტული პრეპარატებით უნდა დაეხმაროთ. თუ გულძმარვა – მაშინ მჟავიანობის დამაქვეითებელი პრეპარატებით. სასურველია მინერალური წყლის მიღება, მაგრამ აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ მჟავიანობა მომატებული გაქვთ, მინერალური წყალი ჭამამდე 10–15 წუთით ადრე უნდა მიიღოთ, თუ დაბალი – კვების შემდეგ. შესაძლებელია ნაღვლმდენი პრეპარატების მიღებაც, მაგრამ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო და ექიმის გარეშე ამ პრეპარატების მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ექოსკოპიურმა გამოკვლევამ უნდა დაგიდასტუროთ, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭები არ გაქვთ. თუ კენჭები არის, ნაღვლმდენმა პრეპარატებმა, შესაძლოა, დაძრას კენჭები და ამან არასასურველი შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.

CC BY-SA 2.0 / Flickr / Michael Korcuska / Christmas dinner tableსაახალწლო სუფრა
საახალწლო სუფრა - Sputnik საქართველო
საახალწლო სუფრა

— აქ, ალბათ, კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხოთ – საქართველოში, მოგეხსენებათ, შობა ახალი წლის შემდეგ დგება. მრავალი ადამიანი მარხულობს და შობის ღამეს მოუთმენლად ელოდება. ამ დღეს აღნიშნავენ ისინი, ძირითადად, შობასაც და ახალ წელსაც. რას ურჩევდით ასეთ ადამიანებს?

– მარხვას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ადამიანი, პირველ რიგში, სულის წვრთნის მიზნით მარხულობს, მაგრამ სულის წვრთნა ფიზიკური წვრთნით მიიღწევა. ამ დროს ორგანიზმი დიდი ხნის განმავლობაში არ იღებს ხორცეულს და როდესაც გახსნილდება, უცბად და დიდი რაოდენობით ხორციანი კერძების მიღება არ შეიძლება. მათ ვურჩევდი, ჯერ რძის პროდუქტებით დაიწყონ. თუ ამას ვერ შეძლებენ, უნდა ეცადონ, პირველ დღეს მაინც მრავალფეროვანი ხორციანი საკვები არ მიიღონ, ანუ ერთდროულად სხვადასხვა ხორციანი კერძი, და მხოლოდ ერთს დასჯერდნენ. ასევე სასურველია მათაც მიიღონ ფერმენტული პრეპარატები.

– რა თქმა უნდა, საქართველოში ჩვეულებრივი სუფრაც სასმელის გარეშე წარმოუდგენელია და მით უმეტეს – საახალწლო, რასაც ხშირად მეორე დღეს საშინელი „პახმელია“ მოსდევს. რას ურჩევდით ხალხს ნაბახუსევზე?

– პირველ რიგში, არ მიიღონ სხვადასხვა სახის სასმელი. ნაბახუსევის მძიმე მდგომარეობას, ძირითად შემთხვევებში, სწორედ სასმელის „არევა“ იწვევს. თუ „მძიმე“ დღე გაგითენდათ, 1 ჭიქა წყალში გახსენით 20 წვეთი პიტნა და დილით, უზმოზე მიიღეთ. ეს ნაბახუსევის სიმპტომებს მოხსნის.

– ბოლოს, კიდევ რას ურჩევდით ჩვენს მოსახლეობას, რომელიც სულმოუთქმელად ელოდება ახალ წელსა და საახალწლო სუფრას?

– ზოგადად, ამ საკვებით გადატვირთულ დღეებში მოერიდონ ზედმეტი ცომეულის მიღებას – ამდენ მძიმე საკვებს კიდევ თუ დავამატებთ ბევრ პურს, ხაჭაპურსა და სხვა, კუჭსა და მთლიანად ორგანიზმს დიდი დატვირთვა მიადგება.

დაიცავით ზომიერება, თავმა უნდა აკონტროლოს მუცელი და არა – პირიქით!

– დიდი მადლობა საინტერესო საუბრისა და რჩევებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0