ყველა ჩვენგანს აუღია სისხლის ანალიზი და, თანაც, არაერთხელ. ეს ლაბორატორიული კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია, ვინაიდან სწორედ სისხლში მომხდარი ცვლილებები მიუთითებს იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენ ორგანიზმში მიმდინარეობს.
თუ ექიმი არ ხართ, ანალიზის სწორად და ზუსტად წაკითხვა გაგიჭირდებათ, მაგრამ თუ გეცოდინებათ, როგორი უნდა იყოს ნორმალური მაჩვენებლები, საკუთარ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე წარმოდგენა მაინც შეგექმნებათ.

ჰემოგლობინი (Hb)
ეს ერითროციტების ძირითადი კომპონენტია, რომლის მთავარი ფუნქცია ფილტვებიდან ჟანგბადის სისხლში გადატანა და СО2-ის გამოდევნაა.
ნორმალური მაჩვენებელია: მამაკაცებში — 130–160 გ/ლ, ქალებში — 120-140 გ/ლ. თუ ჰემოგლობინი უფრო დაბალია — ეს შესაძლო ანემიაზე ან სისხლის დაკარგვაზე მიანიშნებს; ხოლო თუ პირიქით, ძალიან მაღალია — ეს გაუწყლოებაზე, სისხლის დაავადებებსა და გულის უკმარისობაზე მეტყველებს.
ერითროციტები
ასევე ცნობილია სახელწოდებით სისხლის წითელი უჯრედები, რომლის შემადგენლობაშიც შედის კიდეც ცილოვანი ნივთიერება ჰემოგლობინი.
ნორმალური მაჩვენებელია: მამაკაცებში — (4,0–5,1)×〖10〗^12 ერთ ლიტრზე, ხოლო ქალებში — (3,7–4,7)×〖10〗^12 ერთ ლიტრზე.
ჯანმრთელ ადამიანს ერითროციტები ჭარბი რაოდენობით შეიძლება ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ ის მაღალმთიანეთში იმყოფება. სხვა შემთხვევაში აწეული მაჩვენებელი ბრონქების, ფილტვების, თირკმლების, ღვიძლისა თუ გულის შესაძლო დაავადებაზე მიუთითებს.
ერითროციტების რაოდენობა ასევე შესაძლოა გაიზარდოს სტეროიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობის გამო.
ერითროციტების ნაკლებობა მიანიშნებს ანემიაზე, სისხლის მწვავე ნაკლულობაზე, ქრონიკულ ანთებით პროცესებზე. ხანდახან ვლინდება ფეხმძიმობის გვიან ეტაპზე.
ლეიკოციტები
სისხლის თეთრი უჯრედები, ბირთვიანი უჯრედებია, რომლებიც ელენთაში, ლიმფურ კვანძებსა და ძვლის წითელ ტვინში წარმოიქმნება. მათი ფუნქციაა ორგანიზმის ტოქსინებისგან, ვირუსებისგან, ბაქტერიებისა და მომაკვდავი უჯრედებისგან დაცვა.

ნორმალური მაჩვენებელია (4,0–9,0)×〖10〗^9 ერთ ლიტრზე.
ლეიკოციტების ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესზე ან ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ლეიკოციტების დონე ძლიერი სტრესის, ფიზიკური დაძაბულობის ან ფეხმძიმობის ფონზე იზრდება.
ლეიკოციტების დაბალი მაჩვენებელი ანალგეტიკებისა და კრუნჩხვის საწინააღმდეგო აბების მიღებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.
თრომბოციტები
სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედები.
ნორმალური რაოდენობა ყველასათვის შეადგენს (180–320)×〖10〗^9უჯრედს ერთ ლიტრზე. მათი მაღალი რაოდენობა შესაძლოა მიანიშნებდეს: ტუბერკულოზზე, წყლულოვან კოლიტზე ან ღვიძლის ციროზზე.
თრომბოციტების რაოდენობა სისხლში იკლებს ალკოჰოლის გამოყენების, მძიმე მეტალებით მოწამვლის, სისხლის დაავადებების, თირკმლის უკმარისობის, ღვიძლის, ელენთის დაავადებებისა და ჰორმონალური დარღვევების ფონზე.
ზოგი წამალი (ანტიბიოტიკები, შარდმდენები, დიგოქსინი, ნიტროგლიცერინი) ასევე ამცირებს თრომბოციტების შემცველობას სისხლში.
ედს — იგივე „როე“
ერითროციტების დალექვის სიჩქარე. ნორმალური მაჩვენებელია: მამაკაცებისთვის — 2-10 მმ/სთ, ქალებისთვის — 2-15 მმ/სთ.
ედს-ს მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოწვეული იყოს ინფექციებით, ანთებითი პროცესებით, ანემიით, თირკმელების დაავადებით, ჰორმონალური დარღვევებით, ტრავმული თუ ოპერაციისშემდგომი შოკით, კრიტიკული დღეებითა და ასევე ფეხმძიმობის შემდგომი პერიოდით.
ედს-ს დაბალი მაჩვენებლი სისხლის მიმოქცევის უკმარისობისას და ასევე ანაფილაქსიური შოკის დროს ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ ედს ქალებს ყოველთვის უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.
გლუკოზა
ცოცხალი უჯრედის ენერგიის უმნიშვნელოვანესი წყარო.
სისხლში გლუკოზის ნორმალური მაჩვენებელი ყველასათვის შეადგენს 3,5-6,5 მმოლ/ლიტრს. ამ მაჩვენებელზე დაბალი კონცენტრაცია არარეგულარულ კვებასა და ჰორმონალურ დარღვევებზე მიანიშნებს, ხოლო მაღალი — შაქრიან დიაბეტზე.
საერთო ცილა
ორგანიზმის ცილოვანი ცვლის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ნორმა 60-80 გ/ლიტრი. რაოდენობა იკლებს მკაცრი დიეტების შემდეგ და ასევე ღვიძლისა და თირკმელების მუშაობის დარღვევის შემთხვევაში.
საერთო ბილირუბინი
ღვიძლის მუშაობის მაჩვენებელი. ნორმა — 20,5 მმოლი/ლიტრი. ჰეპატიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების ან ერითროციტების რღვევისას ეს მაჩვენებელი იზრდება.
კრეატინინი
თუ ეს მაჩვენებელი 0,18 მმოლი/ლიტრზეა, თქვენი თირკმელები ნორმალურად ფუნქციონირებს; ხოლო თუ მეტი — მაშინ თირკმლის უკმარისობასთან გვაქვს საქმე.