თბილისში ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპროტესტო აქცია თბილისში, არქივი.
საპროტესტო აქცია თბილისში, არქივი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს, 13:00 საათზე პუშკინის სკვერიდან მსვლელობა დაიწყება.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალთა მოძრაობის ინიციატივით თბილისში გაიმართება საპროტესტო მსვლელობა სახელწოდებით „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!”

მსვლელობა 13:00 საათზე პუშკინის სკვერიდან დაიწყება და თაბუკაშვილის N27-ში მდებარე პოლიციის შენობასთან დასრულდება. როგორც აქციის ორგანიზატორ ქალთა მოძრაობის ორგანიზაციაში აცხადებენ, ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი ქალი შეიძლება გახდეს. 

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ 2015 წელს „112“-ზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 15 910 გამოძახება დაფიქსირდა, მაგრამ პოლიციამ გამოძიება მხოლოდ 949 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 2 727 შემთხვევაზე გამოსცა შემაკავებელი ორდერი. დანარჩენ შემთხვევებს გაგრძელება არ მოჰყოლია. დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეები  მოითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური დანაყოფის შექმნას, რომელიც გენდერულ ძალადობაზე იმუშავებს.

შსს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
საქართველოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

„ჩვენი სახელმწიფო ბრმაა გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთა მიმართ, რადგან მას აკლია კომპეტენცია და ნება: დღემდე არც ერთი ფემიციდის/ქალთა მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს არ დაუდგენია გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ სპეციალური დანაყოფის შექმნას, რომელიც გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებს და რომელსაც ექნება შესაფერისი ცოდნა და მანდატი“, – აცხადებენ ქალთა მოძრაობის ორგანიზაციაში. 

მსვლელობის ორგანიზატორებმა აქციის თავისებური სიმბოლო შეარჩიეს. „ძალადობის მსხვერპლი ყველა ქალის სახელით ჩვენ დროშებად აღვმართავთ კაბებს და დავიძვრებით პოლიციისკენ. კაბა, რომელიც ექსკლუზიურად ქალის ტანისამოსად ითვლება, ქალთა სოლიდარობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფიც. ისინი საპროტესტო აქციას სახელწოდებით „არ დავთმოთ ღამე“ საღამოს 9 საათზე მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებენ და „დედაენის ბაღში“ დაასრულებენ. ისინი მოითხოვენ უსაფრთხო საჯარო სივრცეს, რათა ქალები სათანადოდ იყვნენ დაცული კანონმდებლობით.

ყველა ახალი ამბავი
0