02:23 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
458 0 0

იმის შესახებ, თუ რა დროს და როგორ ჯობია მზის აბაზანების მიღება, რომ ლამაზად გაირუჯოთ და თან ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, სხვადასხვა სპეციალობის ექიმების რჩევებს შემოგთავაზებთ.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ზაფხულის დადგომასთან ერთად ლამაზად გარუჯვა ბევრს ეჩქარება, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მზის სხივებს შეუძლია, ჩვენს კანს არამარტო შოკოლადისფერი მისცეს, არამედ ჯანმრთელობასაც ზიანი მიაყენოს. სპეციალისტებმა Sputnik-თან ლამაზად გარუჯვის სწორ ხერხებზე ისაუბრეს. 

მეოცე საუკუნის დასაწყისში დიდგვაროვანი ოჯახის არცერთი გოგონა მზეზე ქოლგის გარეშე არ გადიოდა. ისინი მკრთალ კანზე, რომელიც არისტოკრატიულობის ნიშანი იყო, მზის სხივების მოხვედრას თავს არიდებდნენ. იმ დროს გარუჯული კანი გლეხებსა და მოახლეებს ჰქონდათ, რომლებიც მინდვრებსა და საახლეებში მუშაობდნენ.

ცოტა რამ ისტორიის შესახებ

გარუჯვა მოდაში ლეგენდარული კოკო შანელის წყალობით შემოვიდა. 1923 წელს კანის პორტში გემი შემოვიდა და ხალხის წინაშე ძლიერ გარუჯული კოკო შანელი გამოჩნდა. ამ დროისთვის ის უკვე მოდის კანონმდებელი იყო და ხალხმა გადაწყვიტა, რომ თუ კოკო ირუჯება, ე. ი. ეს მოდური და ლამაზია. სინამდვილეში, კოკო შანელი შემთხვევით გაირუჯა.

კოკო შანელი
ORIGINALLY PUBLISHED IN LES MODES
კოკო შანელი

როგორ გავირუჯოთ სწორად

პირველი და უმთავრესი წესი: გარუჯვის მოყვარულები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიდნენ მზეზე 11:00-დან 17:00 საათამდე, რადგან ამ დროს რადიაციული ფონი ძალზე მაღალია, განაცხადა ექიმაა-დერმატოლოგმა სოფო ლილუაშვილმა.

მისი რჩევით, აუცილებელია დამცავი კრემის გამოყენება, რომელიც საათნახევარში ერთხელ უნდა წავისვათ. ამასთან, კრემი ექიმმა ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს.

„კანის ექვსი ტიპი არსებობს (ფერის მიხედვით) და თითოეულ მათგანს შესაბამისი დამცავი კრემი სჭირდება. იდეალურია, თუ გარუჯვის წინ რჩევისთვის მიმართავთ დერმატოლოგს, აჩვენებთ მას ხალებს, პიგმენტურ ლაქებს“, — აღნიშნა ლილუაშვილმა.

მზემ რომ არ გვავნოს, თანდათანობით უნდა გავირუჯოთ. პირველ ჯერზე 15 წუთიც საკმარისია. სხვათა შორის, გარუჯვა ჩრდილშიც შეიძლება.

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ გარუჯვა მშიერ მუცელზე არ შეიძლება, ასევე არაა რეკომენდებული მზეზე გასვლა მსუყე საუზმისან ვახშმის შემდეგ.

პლაჟი
პლაჟი

დერმატოლოგმა აღნიშნა, რომ ორგანიზმისთვის მზის სხივები აუცილებელია, რადგან ამის წყალობით ის D ვიტამინს გამოიმუშავებს. თუმცა, როგორც გამოირკვა, კავკასიის რეგიონში D ვიტამინის დღიური დოზის მისაღებად მზეზე 15 წუთი ყოფნა საკმარისია.

იმ შემთხვევაში, თუ მზის დამწვრობა მიიღეთ, კანზე არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ მაწონი, სპირტი ან სხვა რაიმე შინაური საშუალება.

ექიმი აფთიაქში დამწვრობის საწინააღმდეგო რაიმე საშუალების შეძენას ან ცივი კომპრესების გაკეთებას გვირჩევს, მაგრამ არ უნდა მივიღოთ ცივი შხაპი, რადგან ის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. 

სად ჯობია გარუჯვა — ზღვაზე თუ მთაში — ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რადგან მზის სხივები ყველგან ერთნაირად მოქმედებს, აღნიშნა ლილუაშვილმა.

ადამიანებს, რომლებიც არასწორად ირუჯებიან, კანის იმუნიტეტი ძალიან უსუსტდებათ. შედეგად, შესაძლოა, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, სიმსივნური დაავადებებიც კი გააქტიურდეს.

„ვისაც ხალები და პიგმენტური ლაქები აქვს, მათთვის გარუჯვა საერთოდ არასასურველია. აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. თუ მაინც გადაწყვეტენ გარუჯვას, მაშინ ხალები ლეიკოპლასტირით უნდა დაიცვან“, — აღნიშნა მან.

ონკოლოგმა მანანა ჯანგულაშვილმა გარუჯვის ყველა მოყვარულს ყურადღებისკენ მოუწოდა. ის გვაფრთხილებს, არ დავლიოთ ალკოჰოლური სასმელები მზეზე, რადგან ამ დროს რადიაციის დონე განსაკუთრებით მატულობს.

ზღვაში ბანაობა
© SPUTNIK/ БОРИС КАУФМАН
ზღვაში ბანაობა

განსაკუთრებით საშიშია სოლარიუმები, აღნიშნა ონკოლოგმა.

„ეს ვიღაცის ბიზნესია ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე. სოლარიუმი ყველასთვის საზიანოა. იქ არც ჯანმრთელმა ადამიანებმა არ უნდა იარონ. სოლარიუმში ძალზე მაღალი რადიაციაა“, — აღნიშნა ჯანგულაშვილმა. 

საქართველო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, შეპყრობილია გარუჯვის კულტით. ზაფხულობით დედაქალაქში ყველა აუზი გადავსებულია ხალხით. იქ ადამიანები საცურაოდ კი არ დადიან, არამედ რუჯის მისაღებად. უფრო გაჯერებული ფერის მისაღებად ზოგი თავის რეცეპტსაც იგონებს, მაგალითად — ლეღვის ფოთლების ნახარშს, სხვადასხვა კოქტეილს, რომელშიც შედის ლუდი, ყავა, სოდა, სტაფილო… ეს კი, როგორც წესი, მეორე ან მესამე ხარისხის დამწვრობით მთავრდება.

„მინდა ვთხოვო ყველას, ლეღვი ხილის სახით მიირთვან და მის ნახარშს კანზე ნუ წაისვამენ. ნუ გამოიგონებთ რაღაც კოქტეილებს, ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს, დაიცავით მარტივი წესები“, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ. 

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს წელი გარდამტეხი წელი გახდება და მსგავსი შემთხვევები აღარ გამეორდება. მხოლოდ გასულ წელს დამწვრობის ცენტრში დაახლოებით 15 ადამიანი მოხვდა – ძირითადად, მოზარდები, თუმცა ერთი ქალბატონი 62 წლის იყო.

 „ის ქალი (62 წლის) გვიყვებოდა, რომ შვილიშვილები სთხოვდნენ, ლეღვის ფოთლის ნახარში ტანზე არ წაესვა, მაგრამ გარისკა და შედეგად სხეულის 40%–ის დამწვრობა მიიღო. ყველაზე მძიმე შემთხვევა იყო, როდესაც ერთმა პაციენტმა 90% დამწვრობა მიიღო“, – აღნიშნა ქაშიბაძემ.


მთავარი თემები