მკურნალობა ხალხური მეთოდებით. პიტნა

CC BY-SA 2.0 / Flickr/ anro / Mentha arvensisმინდვრის პიტნა
მინდვრის პიტნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მენთოლს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური მოქმედება ახასიათებს, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, შველის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, იყენებენ სტენოკარდიის, კუჭისა და ნაწლავების ტკივილის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ, არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით.

ამჯერად პიტნის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. მას უძველესი დროიდან მიიჩნევენ სიცოცხლის გახანგრძლივების, ორგანიზმის გაძლიერების, იმუნიტეტის ამაღლების საშუალებად.

პიტნა (ლათ. Mentha) — ტუჩოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სხვადასხვა სახეობები. საქართველოში ველურად იზრდება მხოლოდ 4 სახეობა: ომბალო (Mentha pulegium), მინდვრის პიტნა (Mentha arvenis), წყლის პიტნა (Mentha aquatica), ტყის პიტნა (Mentha longifolia). 

ბაღის პიტნა XVII საუკუნეში ველური ჯიშების ჰიბრიდიზაციის გზით ინგლისში გამოიყვანეს.

ბაღის პიტნას საოცარი სურნელი და მძაფრი გემო აქვს. მცენარის ყველა მიწისზედა ორგანო მდიდარია ეთერზეთებით, რომელთაც გამაგრილებელი, მაცოცხლებელი გემო და სურნელი აქვთ. ეთერზეთების ძირითადი კომპონენტია მენთოლი. პიტნის ფოთლები უხვად შეიცავს კაროტინს, ბეტაინს, ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ შენაერთებსა და სხვადასხვა მჟავას.

მენთოლი უხვადაა პიტნის ფოთლებში. მას ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედება ახასიათებს, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, შველის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ასტიმულირებს გულის მუშაობას. შინაგანად მას იყენებენ სტენოკარდიის, კუჭისა და ნაწლავების ტკივილის დროს. პიტნის ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია ღებინების დროს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს მადას, აქვს ნაღველმდენი და სიცხის დამწევი მოქმედება.

პიტნის ეთერზეთებს დიდი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ეფექტი აქვთ ინჰალაციების სახით გამოყენებისას. სასარგებლოა პიტნის ზეთის (სპირტხსნარი) კანში შეზელა ანთებითი პროცესების, თავის ტკივილის, შაკიკის დროს, ინჰალაცია რესპირატორული დაავადებების დროს. მას ფართოდ იყენებენ არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ პარფიუმერია-კოსმეტიკაში, ფხვნილებისა და კბილის ჰიგიენის საშუალებების, საკონდიტრო წარმოებაში. თავად პიტნას, როგორც სანელებელს, ფართოდ იყენებენ კვების მრეწველობაში. 

სასარგებლოა პიტნის ფოთლების ნაყენის მიღება. თუ ყოველდღიურად ყლუპ-ყლუპად დალევთ 250 მლ-ს, 10-12 დღეში მოგიწესრიგდებათ კუჭ-ნაწლავის ფუნქცია, გაგივლით მეტეორიზმი. 

ნევროზით დაავადებულთათვის რეკომენდებულია პიტნის აბაზანები. 

ყველა ახალი ამბავი
0