19:38 19 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7728
  • 100 RUB4.1220
  • USD3.2186
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
20243680

კურკუმა უნიკალური შემადგენლობის მცენარეა და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის სიმსივნის, დიაბეტის, ღვიძლის დაავადებების, ანემიის, საჭმლის მომნელებელი სისტემის და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ, არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით.

დღეს კურკუმაზე ვისაუბრებთ, რომელიც უნიკალური შემადგენლობის მცენარეა და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. 

კურკუმა – იგივე ყვითელი იმბირი (ყვითელი კოჭა), ყვითელი ფესვი, ინდური შაფრანი, curcuma longa,  curcuma domestica,  amomum curcuma (ლათინური),  turmeric (ინგლისური),  haldi,  haridra (ინდური). 

ცნობები მის შესახებ: განეკუთვნება ბალახისებრთა სახეობის მცენარეთა რიგს. არის მრავალწლიანი მცენარე და მიეკუთვნება იმბირისებრთა (კოჭას) ოჯახს. კურკუმა გავრცელებულია ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში და სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში. 

კურკუმა
კურკუმა

კურკუმას ძირითადი მწარმოებელი ქვეყანაა ინდოეთი. ის მდიდარი და უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა. ინდოელები კურკუმას უძველესი დროიდან იყენებენ თავის საკვებში და სამკურნალოდ.

კურკუმას აქვს ნარინჯისფერი ფესვები, სწორედ მის ფესვებს რეცხავენ, შემდეგ ხარშავენ და ახმობენ. მერე გამხმარ ფესვებს წვრილად აქუცმაცებენ ან ფქვავენ.  

კურკუმა შეიცავს ვიტამინებს – B, B1, B2, B3, B6, B9, C, E, K; მინერალებს – ცინკი, სელენი, სპილენძი, მარგანეცი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი. ასევე შეიცავს ეთერზეთებს, ბუნებრივ საღებავებს, კურკუმინს – ერთ–ერთ საუკეთესო ანტიბიოტიკსა და ანტიოქსიდანტს.

კურკუმას სამკურნალო თვისებები:

აძლიერებს იმუნიტეტს, წარმოადგენს მატონიზირებელ საშუალებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესის რეგულაციას, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ორგანიზმს ეხმარება სიმსივნესთან ბრძოლაში;

ასუფთავებს სისხლს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ბავშვებში ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას, სისხლში ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას, კურკუმა მდიდარია რკინით, ამიტომ შეუცვლელია ანემიის დროს;

ხელს უშლის კვანძების წარმოქმნას თავის ტვინის სისხლძარღვებში ალცჰაიმერის დაავადების დროს; სისხლძარღვებს იცავს ათეროსკლეროზისგან; ამაგრებს გულის კუნთს და სასარგებლოა გულის მუშაობისთვის;

სისხლში ამცირებს შაქრის რაოდენობას, ეხმარება ორგანიზმს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში;

კურკუმას ფესვები
კურკუმას ფესვები

ამცირებს კუჭის მჟავიანობას, ზრდის მადას, კურნავს მეტეორიზმს, ამცირებს ტკბილი და ცხიმიანი საკვების მოთხოვნილებას, ორგანიზმს ეხმარება ცილების შეთვისებაში, კარგად მოქმედებს ყაზბობის დროს, კლავს ნაწლავის პარაზიტებს, ნაწლავებს ასუფთავებს ხრწნადი ნარჩენებისგან, ასუფთავებს ზედმეტი ლორწოსგან, ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს, დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკროფლორაზე, ორგანიზმს ეხმარება ტოქსინების გამოყვანაში;

გამოიყენება ღვიძლის დაავადებებისას – ჰეპატიტის მკურნალობაში, ალკოჰოლით გამოწვეული ცეროზისას, იცავს ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებებისგან;

ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში;

ეფექტურია კანის დაავადებების დროს:  ეგზემა, დამწვრობა, კანის დალურჯებები, ტრავმით გამოწვეული დასიება;

ორგანიზმს ეხმარება შეხორცებაში, აჩერებს სისხლდენას;

არის ბუნებრივი ძლიერი ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება თვალების, ღრძილების ანთების დროს.

შველის თავის, ყელის, ართრიტითა და ართროზით გამოწვეულ ტკივილს.

არის სიცხის დამწევი საშუალება; ამცირებს ხველებას; კარგად მოქმედებს რესპირატორული დაავადებების დროს;

კურკუმა არის შესანიშნავი საშუალება ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად, გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

თუ გადაწყვეტთ კურკუმას მიღებას, ჯობია, ექიმს რჩევები ჰკითხოთ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში მისი მიღება რეკომენდებული არ არის, მაგალითად, სასურველი არაა, ის 6 წლამდე ასაკის ბავშვს მივცეთ, ასევე ორსულობის დროს მისი დიდი დოზით მიღება არ შეიძლება, ძილის წინ — ნერვულ სისტემას ააქტიურებს, ალერგიის დროს და ა. შ.


მთავარი თემები