09:59 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
ჟურნალი „დილა“ 111 წლის გახდა

111 წლის ჟურნალის ფერადოვანი სამყარო

http://intermedia.ge
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
24820

საბავშვო ჟურნალ "დილას" იუბილე გამოფენით აღინიშნა

  ნინო ქუთათელაძე                                  

 გალერეა „არტ.ავენიუში“ გაიხსნა საბავშვო ჟურნალ „დილის“  მხატვართა გამოფენა,  რომელიც მთლიანად დაეთმო საბავშვო თემატიკაზე შექმნილ ნახატებს.

 გალერეა „არტავენიუ“ უჩვეულო ჟრიამულმა მოიცვა. მწერლებთან, მხატვრებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად დარბაზში პატარებსაც მოეყარათ თავი. დამთვალიერებელთა  თითქმის ხუთი თაობა ესწრებოდა გამოფენის გახსნას.  აქ წარმოდგენილ მხატვართა მხოლოდ გვარების ჩამოთვლაც კი კმარა, რომ თვალი გავადევნოთ საუკუნოვანი ჟურნალის ისტორიას. მოსე თოიძე, გიორგი როინიშვილი, შალვა ცხადაზე, ოსკარ შმერლინგი, სოსო გაბაშვილი, ანდრო კანდელაკი, ჯემალ ლოლუა, იური ქლიბაძე, ედუარდ ამბოკაძე, თემურ ჩირინაშვილი, თამაზ ხუციშვილი, ვახტანგ  კუცია, ზაურ დეისაძე, მანანა მორჩილაძე, მალხაზ კუხაშვილი, გია ლაფაური, დარეჯან ჭილაშვილი, ლაშა სულაკაური, ნანა სანაია, თეა მიქაია — ვინ აღარ ქმნიდა თავის შესანიშნავ ფერადოვან ნახატებს ამ ჟურნალისთავის. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პირველ ხანებში, სანამ ფერადი ბეჭდვა მოიკიდებდა ფეხს ჩვენში, გრაფიკული, შავ-თეთრი ნახატებით ალამაზებდნენ ჟურნალს. რომელი ავტორის გმირებს აღარ შეხვდებით გამოფენაზე?— მაყვალა მრევლიშვილის ჭანჭიკელას, ბიჭი-ბიჭანჭურს, ნაცარქექიას და სხვას და სხვას.

 ჟურნალი „დილა“ 1904 წელს დაარსდა, დოდი მოღვაწისა და მწერალი ქალბატონის მარიამ დემურიას თაოსნობით. თვეების განმავლობაში იკრიბებოდნენ ჩვენი ერის საამაყო შვილები  ქობულაშვილების სახლში. კრებებს უფრო ხშირად აკაკი წერეთელი უძღვებოდა. დიახ, სწორედ კნეინა ნინო ქობულაშვილისამ იკისრა ამ ჟურნალის გამოცემა და რედაქტორად, რა თქმა უნდა, მარიამ დემურია დაინიშნა. ჟურნალს კრების გადაწყვეტილებით „ნაკადული“ ეწოდა. აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, შიო მღვიმელი — აი, არასრული სია იმ ადამიანებისა, რომლებმაც ღვაწლი დასდეს ჟურნალის გამოცემას. მეორე რედაქტორი, ქართული საბავშვო მწერლობისა და ჟურნალისტიკის დიდი მოამაგე ქალბატონი ნინო ნაკაშიძე გახლდათ. მან 1910 წლიდან 1920 წლამდე უხელმძღვანელა ჟურნალს 1920 წლამდე, 1928 წლამდე კი მისი სარედაქციო კოლეგიის უცვლელი წევრი გახლდათ. 1928 წლიდან ჟურნალს სახელი შეეცვალა და „ოქტომბრელი“ დაერქვა, მაგრამ ეს სახელი მალე „დილით“ შეცვალა ცნობილმა ქართველმა პოეტმა და მოღვაწემ რევაზ მარგიანმა. მას შემდეგ მრავალი თაობა გაიზარდა, მრავალი ადამიანის ხელში გაიარა ჟურნალის გამოცემის საქმემ. დღეს  მას მართლაც თავდადებული ქალბატონი დოდო წივწივაძე უდგას სათავეში და დიდი იმედი მაქვს, რომ მის ხელში ჟურნალი კიდევ უფრო გალამაზდება და მატერიალურადაც ძალას მოიკრებს. 

ჟურნალ დილას ილუსტრაციების გამოფენა
http://intermedia.ge
ჟურნალ "დილას" ილუსტრაციების გამოფენა

 ჟურნალ „დილის“ რედაქტორი, დოდო წივწივაძე: - დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გალერეა „არტ.ავენიუს“ თანამშრომლებს, რომლებმაც   დაგვითმეს ეს დარბაზი. აქ ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ დაეტია, ხუთჯერ ამდენი ნახატი და შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც, ინახება ჩვენს ფონდებში… შეიძლება, სათანადო პირობები არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ ყოველ ფურცელს, ყოველ ესკიზს ვუფრთხილდებით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მხატვრებს, ვინც დღეს ესწრება ჩვენი გამოფენის გახსნას; იმათაც, ვინც დღეს აღარ არის ჩვენთან და მინდა ვისურვო, რომ უფალმა სულ ნათელში ამყოფოს ეს უანგარო ადამიანები. უანგაროს იმიტომ ვამბობ, რომ თითოეული მათგანი მიზერული ჰონორარით შრომობდა და დღესაც შრომობს. მადლობა მინდა გადავუხადო იმ მწერლებსაც, რომელთა ნაწარმოებების მიხედვითაც იქმნებოდა ეს მშვენიერი ნახატები. 

 უხუცესი მწერალი დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია: — მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ამდენ მშვენიერ ნამუშევარს ვხედავ გამოფენაზე. თითქოს მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა… თან ძალიან სევდიანი ვარ, ცოტა გაბრაზებულიც, რომ ასეთი მშვენიერება საშინელ პირობებში ინახება, რომ ჟურნალის რედაქცია თავლაში მუშაობს, დიახ, თავლაში, რადგან იმ სათავსოში, სადაც დღეს რედაქციაა შეკედლებული ადრე ცხენებს უვლიდნენ. გაოცებული და აღშფოთებული ვარ, რომ თავისუფალ საქართველოში არც ერთმა მთავრობამ არ იზრუნა საბავშვო მწერლობაზე. ას წელზე მეტია ეს ჟურნალი არსებობს და თუ მას ყველა არხს გადავუკეტავთ  და სიცოცხლის საშუალებას მოვუსპობთ, ეს იგივე იქნება, რომ მძინარე ბავშვს თავზე ბალიში დავადოთ და მოვგუდოთ, რადგან თუ ქართველი პატარა სულერების გარეშე დარჩა, ის არც ქართველი იქნება და არც ადამიანი დადგება მისგან.

 ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე: — ქართულ საზოგადოებას მინდა მივულოცო ასეთი მშვენიერი გამოფენის გახსნა. მივულოცო ეს გამოფენა თავდადებულ ქალბატონს, დოდო წივწივაძეს, რომელიც შეუძლებელსაც კი აკეთებს ჟურნალის გადასარჩენად. ეს ჟურნალი ჩვენი ისტორიაა. აქ,  გამოფენაზე ხუთი თაობაა წარმოდგენილი, რომელიც ამ ჟურნალის მადლით იზრდებოდა და არაფრით არ შეიძლება, რომ „დილა“ ჩვენს ხელში გაილიოს. 

 გამოფენა კიდევ ორ დღეს გაგრძელდება გალერეა „არტავენიუში“. ეწვიეთ მას და საახალწლო საჩუქარი მიუძღვენით თქვენს შვილებს. ასეთი ფერადოვანი სამყარო გულებს გაუთბობს მათ და იქნებ რომელიმე მათგანმა ფუნჯსა და კალამს მოჰკიდოს ხელი, რათა უანგაროდ, დიახ, უანგაროდ ემსახუროს თავის მომავალს.


მთავარი თემები