ჰარვარდის სტუდენტური ორგანიზაციისა და Veritas Olympics-ის ერთობლივი სასკოლო ოლიმპიადა

© http://www.qartli.ge/ge/portal/news/804/სასკოლო ოლიმპიადა
სასკოლო ოლიმპიადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლიმპიადა 8 ნოემბერს იწყება. მსურველებს კი შეუძლიათ ესტუმროთ Veritas Olympics-ის ოფიციალურ გვერდს და სასურველ საგანში გაიარონ რეგისტრაცია.

 რუსუდან პირველი

 Veritas Olympics-ი  მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაში, რომელსაც  ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად მართავს. ოლიმპიადა ინგლისურ ენასა და მათემატიკაში სამ ქალაქში: თბილისი, ქუთაისი და  რუსთავში ჩატარდება. ოლიმპიადის დეტალებზე Veritas Olympics-ის გენერალური მენეჯერი ლაშა შარიქაძე  გვესაუბრება.

 — ოლიმპიადისთვის მზადება 5 თვის წინ დავიწყეთ. ჩვენი მეგობარი, არჩილ ჭეიშვილი, სწავლობს ჰარვარდის უნივერსიტეტში და ამ სტუდენტურ ორგანიზაციასთან უშუალოდ მან დაგვაკავშირა.  

 - ლაშა, Veritas Olympics — შიც სტუდენტები გაერთიანდით?

 — სტუდენტი არც ერთი არა ვართ, ყველა სხვადასხვა სფეროში ვმოღვაწეობთ, ყველა ჩვენგანი წარმატებული ადამიანია და სხვადასხვა ცნობილ კომპანიაში ვმუშაობთ. უბრალოდ გავაერთიანეთ ჩვენი შესაძლებლობები და პირველად ვაკეთებთ ისეთ საქმეს, რომელშიც დიდი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ ყველა უნარ-ჩვევა გაგვაჩნია იმისთვის, რომ საქმე კარგად გავაკეთოთ. ჩვენ მხარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო  და თბილისის მერია გვიჭერს.  ჩვენი პარტნიორები არიან საქართველოს უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტი,  ასევე  გვყავს სპონსორები,  რომლებიც  ფასიან პრიზებს დააწესებენ. 

 — როგორ მომზადდა ოლიმპიადის ტესტები?

 — ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩვენი სასწავლო პროგრამა გავაგზავნეთ, რომელსაც დეტალურად გაეცნენ და უკან ამ პროგრამის მიხედვით დამუშავებული ტესტები გადმოგვიგზავნეს.

 - ეს პროგრამა განათლების სამინისტროდან გამოითხოვეთ?

 - პროგრამა განათლების სამინისტროდან არ გამოგვითხოვია. ვიმუშავეთ კერძო მასწავლებლებთან და სახელმძღვანელოების ავტორებთან, პროფესორებთან, მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ რაზე უნდა გამახვილებულიყო ყურადღება და ამის შემდეგ გავგზავნეთ ჰარვარდში, საიდანაც მივიღეთ ტესტები. რამდენიმე ძლიერი სკოლა ავირჩიეთ და საპილოტე წერა ჩავატარეთ.

 - ლაშა, რით განსხვავედება თქვენი ოლიმპიადა სხვა ოლიმპიადებისგან?

 — ჩვენი ოლომპიადა  სხვა ოლიმპიადებისგან იმით განსხვავდება, რომ წერის პროცესი უფრო დემოკრატიულია. ჩვენი რამდენიმე კონკურენტი, თუ არ ვცდები, ყველა გაძლიერებული მათემატიკის სკოლის მოსწავლეებს ტესტებში მონაწილეობას არ აღებინებს, ან ამ სკოლის მოსწავლეები კონკურსგარეშე მონაწილეობენ და პრიზებს ვერ იღებენ. ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ არის. ნებისმიერს შეუძლია გამოსცადოს თავი და პრიზიც დაიმსახუროს. რაც შეეხება მასში მონაწილეობას, რამდენი მოსწავლეც გამოთქვამს სურვილს, იმდენი ტესტი გამოიყოფა. ასე რომ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა. დღეისთვის ამ საიტზე  დაახლოებით 7000 ბავშვი დარეგისტრირდა. რეგისტრაცია, ოფიციალურად, ოქტომბრის ბოლოს მთავრდება, მაგრამ ინგლისური ენის რეგისტრაცია 3-4 ნოემბრამდე შეიძლება გაგრძელდეს, მათემატიკის კი — 10–11 ნოემბრამდე.

 - ლაშა, როგორც ვიცი, რეგისტრაცია და პირველ ეტაპზე მონაწილეობა უფასოა?

 — წელს პირველი ტური უფასოა, მეორე ტურში მონაწილეობის საფასური შეადგენს 20 ლარს და მესამე ტურიც სრულიად უფასოა. აქვე გეტყვით, რომ მეორე ტურის ყველა მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს, რომელსაც ჰარვარდის მხარეც აწერს ხელს, ასევე  ყველა მასწავლებელი და სკოლა, რომლის ყველაზე მეტი მოსწავლე გაიმარჯვებს, დაჯილდოვდება სპეციალური პრიზებით. სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს. შემდეგი სეზონი უფრო მაშტაბური იქნება,  მთლიანად სქართველოს მოვიცავთ, დაემატება სხვა საგნებიც. ასევე ბავშვებისთვის  მოსწვლეთა კლუბი გაკეთდება. კლუბის წევრებისთვის დაწესდება შეღავათები და მათ  სხვადასხვა ფორმით წავახალისებთ, ბავშვებს გავგზავნით ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში და მოვიწვევთ პროფესორს ჰარვარდიდან, რომელიც აქ მასტერკლასებს ჩაატარებს.

 შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა 8 ნოემბერს იწყება, მსურველებს კი შეუძლიათ ესტუმროთ  Veritas Olympics-ის ოფიციალურ გვერდს და სასურველ საგანში გაიარონ რეგისტრაცია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0