სოფო კაკაჩია
მოგეხსენებათ, საქართველო გამოირჩევა ბუნებრივი სიმდიდრეებით, ისეთებით, როგორიცაა, მინერალური და თერმული წყაროები, სხვადასხვა ტიპის კლიმატური ზონები, ლანდშაპტი, კასტრული მღვიმეები, სამკურნალო ტალახი და ბევრი სხვა რამ.
დღეს მინდა შეგახსენოთ საქართველოში არსებული ერთ-ერთი ასეთი სიმდიდრეთაგანი, კერძოდ, ცაიშის თერმული წყლები და ყოფილი საკურორტო სანატორიუმი, რომელიც სამწუხაროდ, ამჟამად უმოქმედოა. ცაიში მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ზგდიდის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 50 მეტრის სიმაღლეზე. ცაიშის გეოთერმული წყლები ეკუთვნის მაღალტემპერატულ და გადახურებულ წყალთა ჯგუფს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში თერმული წყლები გასულ საუკუნეში წარმატებით გამოიყენებოდა სასათბურე მიზნებისათვის, საწარმო ტექნოლოგიასა თუ ბალნეოლოგიაში. ამ წყლებით მრავალმა ათასმა ადამიანმა აღიდგინა ჯანმრთელობა და მოირჩინა ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: ნევრიტი, ნევრალგია, არტრიტი, ართროზი, ნეიროდერმიტი, ფსორიანი ეგზემა, ქირურგიული პროფილით კი — ჩირქოვანი დაავადებები.
ცნობილია, რომ ადგილობრივმა პროვიზორმა ილიკო მეუნარგიამ 1906 წელს მოსკოვში გააკეთებინა ამ წყლის ანალიზი და გაირკვა, რომ ის გოგირდწყალბადს და სამკურნალო ნვთიერებათა დიდ მარაგს შეიცავდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა განახლებადი ენერგიის გამოყენება და ათვისება, როგორიცაა მაგალითად, მზის ელემენტები, ქარისა და გეოთერმული ენერგია. ამათგან თავისი სტაბილურობით გეოთერმული ენერგია გამოირჩევა. ცაიშის გამგებელმა, ალექსი ლიპარტიამ, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მომავალში ცაიშის გეოთერმული წყლების სრულად ათვისება იგეგმება.
ალექსი ლიპარტია: „ამჟამად ამ წყალს, ძირითადად, სათათბურე მეურნეობები იყენებენ, თუმცა სამომავლოდ სანატორიუმის აღდგენა და ბალნეოლოგიური ცენტრის გახსნა იგეგმება. ცაიშში არსებობს სამი სახის გოგირდოვანი წყალი, რომელიც დაახლოებით 60-მდე დაავადებას კურნავს, მაგალითად, ძვალ-სახსროვანსა და კანის დავადებებს. როგორც იცით, კომუნისტების პერიოდში აქ არსებობდა 48 ჭაბურღილი, რომელთაგან დღესდღეობით 16 —მდეა შემორჩენილი. აქედან ერთ-ერთს მოსახლეობა დასაბანად იყენებს. სამომავლოდ სამოქმედო გეგმით, პირველ რიგში, სანატორიუმის აღდგენაა გათვალისწინებული“. — გვითხრა ცაიშის გამგებელმა ლექსი ლიპარტიამ.
ცაიშის საჯარო სკოლის დირექტორმა კი სკოლის გათბობა მთლიანად გეოთერმული წყლებით გადაწყვიტა, რაც მისი თქმით, საკმაოდ ეკონომიური და მომგებიანი გამოდგა. სკოლაში შესვლისთანავე აუცილებლად იგრძნობთ განსაკუთრებულ სითბოსა და გოგირდის უჩვეულო სუნს.
„მე შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი და ალბათ ეს საქართველოში ერთადერთი სკოლაა, რომელიც თერმული წყლებით თბება. ამ ყველაფრის პლუსი ის არის, რომ სკოლის გათბობას ნაკლები დანახარჯებით ვახორციელებთ. გაზითა და თხევადი საწვავით გათბობაზე დიდია დანახარჯი. ჩვენ ელექტროენერგიას თვეში მხოლოდ 150 ლარამდე ვხარჯავთ. ვფიქრობ, ეს მეტად რენტაბელურია“. — ამბობს მამუკა დაგარგულია, ცაიშის საჯარო სკოლის დირექტორი.
ცაიშში ჩატარებულ გამოკვლევებს წლების განმავლობაში მრავალი მეცნიერული კვლევა, დაკვირვება, სამედიცინო ნაშრომი და მოხსენება მიეძღვნა. აქ განკურნებულ პაციენტთაგან ნახევარზე მეტს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა პათოლოგიები აღენიშნებოდათ. საკურორტო სანატორიუმისგან, რომელიც ერთ დროს მოქმედი იყო, დღეს მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ჩვენ შევხვდით სანატორიუმის ყოფილ თანამშრომელს, კრელიდა გოგიას.
კრელიდა გოგია: „ჩვენს სანატორიუმში, როგორც დასასვენებლად, ასევე სამკურნალოდ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ. ყველაზე შედეგიანად ჩვენთან გინკოლოგიურ და კანის დაავადებებს მკურნალობდნენ. აქაურმა მკურნალობამ ბევრ ქალბატონს უშვილობის პრობლემები მოუგვარა. ცაიშში არსებობს სამი ტიპის მინერალური წყალი და სამკურნალო ტალახი. ესენია; 1) ჰიპერტერმული — სუსტად მინერალიზირებული, ქლორიდულ ნატრიუმიანი წყალი, რომლის ტემპერატურა ცელსიუსით 81-82 გრადუსია, 2)ჰიპერთერმული — საშუალო მინერალიზაცის სუსტი გოგირდიანი წყალი, რომლის ტემპერატურა ცელსიუსით ასევე 81-82 გრადუსია და 3) სუსტად მინერალიზებული, ნატრიუმ კალციუმიანი მინერალური წყალი, რომლის ტემპერატურა ცელსიუსით 24-26 გრადუსია“.
აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ცაიშში ღრმა (725მ) ჭაბურღილებიდან მიღებულ იქნა ახალი ტიპის მინერალური წყლის შადრევანი (ხელოვნური გეიზერი). ამ წყლების დებიტი დღე-ღამეში 3 მილიონ ლიტრ წყალს აღემატებოდა. იგი ეკუთვნის გაზოვან, აზოტოვან-მეთანოვან ჰიპერთერმულ წყლებს, გოგირდწყალბადის მცირე შემცველობით და რთული შემადგენლობისაა. ამით ის წყალტუბოს მინერალურ წყლებს უახლოვდება, მაგრამ მათგან მაღალი ტემპერატურითა და იოდის შემცველობით განსხვავდება.
და ბოლოს, შგახსენებთ, რომ საქართველოში არაერთი მინერალური წყალი გვაქვს, მათი დიდი ნაწილი უსარგებლოდ იღვრება. გამონაკლისი არ არის ზუგდიდის რაიონში არსებული ცაიშის წყლები, რომლებიც დღემდე (კონკრეტული შემთხვევის გარდა) სამწუხაროდ, გამოყენების გარეშე რჩება..
