ვისთვის მუშაობს "შრომის კოდექსი"

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერძო სტრუქტურებში, ავადმყოფობის შემთხვევაში, დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული თუ რა დოზით შევა დასაქმებულის მდგომარეობაში: გამოიყენებს მის წინააღმდეგ რაიმე სახდელს, თუ საპატიოდ ჩაუთვლის გაცდენილ დღეებს.

 რუსუდან პირველი

 რა არის საავადმყოფო ფურცელი, ე. წ. ბიულეტინი ამას დიდი ახსნა არ სჭირდება. თუმცა, გამოგადგებათ თუ არა ის  სამსახურში წარსადგენად, თუ თქვენ კერძო კომპანიაში მუშაობთ, ამის ახსნა შეიძლება ნამდვილად დაგჭირდეთ. როგორც აღმოჩდა, ბიულეტინი ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არაა საჭირო. მაგრამ თუ ავად გახდით და სასახურში ვერ მიხვედით, მიუხედავად იმისა, გააფრთხილეთ თუ არა თქვენი უფროსი, ხელფასიდან დაგექვითებათ გაცდენილი საათების საზღაური, ან დამატებითი  მოგიწევთ საპატიო მიზეზით გაცდენილი დროის ანაზღაურება. ამის შესახებ დღეს ბევრი იწერება ფორუმებზე, სოციალ ქსელებში. რამდენად დაცულია დასაქმებული კერძო სტრუქტურაში მუშაობისას და რა სხვაობაა საჯარო და კერძო სამსახურებს შორის, ჩვენი სტუმარი, იურისტი ანა ლევიძე განგვიმარტავს.

 — საუბარს დავიწყებ იქიდან, რომ ზოგადად, რაც ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი, საქართველოში მეტ-ნაკლებად გამკაცრდა შრომის კოდექსი. მათ შორის იმ საჯარო მოხელეთა და  ფიზიკური  პირების მიმართ, რომლებიც კერძო სტრუქტურებში  არიან დასაქმებულნი. საქართველოს შრომის კოდექსი გახლავთ საქართველოს ორგანული კანონი, რომელიც შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს არეგულირებს  საქართველოს ტერიტორიაზე. აგრეთვე არის საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა შრომით ურთიერთობებს, შრომის ანაზღაურების  წესს და ა.შ. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას —ავადმყოფობის შემთხვევაში, უნდა გაიხსნას  ე.წ.ბიულეტენი, რომელსაც პირი მტკიცებულების სახით წარადგენს სამსახურში. მას განაცდური დღეები ჩაეთვლება საპატიოდ და აუნაზღაურდება შესაბამისად,  მაშინაც კი, თუ სამუშაოს დაწყების დღიდან 11 თვიანი ვადა არაა გასული. განსხვავებულად რეგულირდება სიტუაცია კერძო სტრუქტურებში. ვინაიდან ხელშეკრულება კერძო სტრუქტურაში თვისუფალი ნების საფუძველზე იდება, ურთიერთობებიც მეტ-ნაკლებად რეგულირდება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ავადმყოფობის შემთხვევაში, დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა  დამოკიდებული თუ რა დოზით შევა დასაქმებულის მდგომარეობაში: გამოიყენებს მის წინააღმდეგ რაიმე სახდელს, თუ საპატიოდ ჩაუთვლის გაცდენილ  დღეებს.

 - კერძოს კომპანიის შემთხვევაში კანონში საერთოდ არ არის ნახსენები ბიულეტენი? 

 — შრომის კოდექსი, ორგანული კანონი, საერთოდ არ განიხლავს ასეთ რამეს და ეს კანონის მნიშვნელოვანი ხარვეზია.

 — მაშინ რა ბერკეტი რჩება დასაქმებულს  ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეების ასანაზღაურებლად, ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?

 -კერძო სტრუქტურებში არსებობს შრომის შინაგანაწესები, ანუ სამსახურში ქცევის სავალდებულო წესები, სადაც, ზოგადად, გაწერილია მსგავსი სიტუაციები. ადამიანი, სამსახურის დაწყებამდე, აუცილებლად უნდა გაეცნოს შინაგანაწესს. სწორედ იქ უნდა იყოს დაფიქსირებული განაცდური დღეების ანაზღაურების წესი. ეს პოზიცია შეიძლება შრომით ხელშეკრულებაშიც იყოს დაფიქსირებული, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ეს წესი მხარეთა ნებას წარმოადგენს და შესაძლებელია, დამსაქმებელმა ის ჩაწეროს  თავისი კომპანიის შინაგანაწესში ან ხლშეკრულებაში და შესაძლებელია არ ჩაწეროს. შესაძლებელია მომავალმა დასაქმებულმა მოითხოვოს ამის დაფიქსირება, მაგრამ დამსაქმებელმა არ დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. დღევანდელი კანონით ეს დამსაქმებელზეა დამოკიდებული.

 - კარგი იქნებოდა ადამიანები საერთოდ არ ხდებოდნენ ავად, მაგრამ სამწუხაროდ  ასე არ არის. გამოდის რომ, გარკვეულწილად, დასაქმებული,ამ მხრივ დაუცველია…

 — თუ დასაქმებული გარფთხილების გარეშე გააცდენს სამსახურს და მისი ბრალი გამოიკვეთება, იგი მიიღებს დისციპლინარულ სასჯელს, ხოლო როდესაც დასაქმებული  დამსაქმებელს აფრთხილებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მას საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს განაცდური დღეები. თუ ამ შემთხვევაში მას გაათავისუფლებენ სამსახურიდან, სასამართლო დავის წარმოების შემთხვევვაში (ჩვენდა სასიკეთოდ ახლა უკვე შეცვლილია სასამართლო პრაქტიკა),მოხდება დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური დღეების სრულად ანაზღაურება.   

 — სამსახურიდან უსამართლოდ განთავისუფლებული პირები ხშრად მიმართავენ სასამართლოს?

 - გახშირდა ასეთი პრაქტიკა და პროცესები სამართლიანი გადაწყვეტილებით მთავრდება.   

 — სამუშაოზე აღდგენილი პირი თავს კარგად გრძნობს სამსახურში?

 - ყოველთვის არა. თუ დავის შემდეგ, დასქმებულის მიმართ დამსაქმებელი უარყოფითად განეწყო,ზოგჯერ მას სპეციალურადაც კი უქმნისარასასურველ გარემოს და დასაქმებული იძულებულია, თვისი ნებით დატოვოს სამსახური. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თუ გაცდენა არაგონივრული დიდი ვადით გრძელდება და ამით ზიანი ადგება კომპანიას, დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმებულს შეუწყვიტოს, ან შეუჩეროს შრომითი ხელშეკრულება.

 — იგვე შეიძლება მოხდეს საჯარო სამსახურში?

 - რა თქმა უნდა. შრომის უუნარობა არამარტო კერძო კომპანიისთვის არის ზიანის მომტანი. მაგრამ, ამ შემთხვევაში, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს თანამდებობრივ დაქვეითებასაც. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ კანონში ანაზღაურების მომენტიც უფრო კარგად არის გაწერილი. თუ დასაქმებულს მაღლი ანაზღაურება ჰქონდა დაკავებულ თანამდებობაზე, დაქვეითების შემთხვევაში მას შეიძლება შეუნარჩუნდეს თანამდებობრივი სარგო.

 — ხშირად კერძო კომპანიებში ითხოვენ ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეების და ასევე შვებულების დღეების ანაზღაურებასაც, ეს რამდენად სამართლიანია?

 - რა გითხრათ, აქ ორი მხარეა: ერთის მხრივ დასაქმებული თავის ნებას გამოხატავს, როცა შრომით ხელშეკრულებას ხელს აწერს და, მეორეს მხრივ, დამსაქმებელი თავის პირობებს თავაზობს დასაქმებულს. სამწუხაროდ, ამ ქმედების დამარეგულირებელი მუხლი კანონში არ გვაქვს, მაგრამ კიდევ ერხელ აღვნიშნავ, რომ შესაძლებელია ეს ყველფერი მხარეთა შეთნხმებით დარეგულირდეს. ამ შემთხვევაში დასაქმებულსაც უნდა გაუმართლოს კარგ სამუშაო გარემოში რომ მოხვდეს და დამსაქმებელმაც უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება. რეალურად, დამსაქმებელი პრივილეგირებულია, ამიტომ შენ მის პირობებს თანხმდები, ან უარს ამბობ. სამწუხაროდ, დღეს, სამსახურის პოვნა ძნელია დ აამიტომ ადამიანები ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე თანხმდებიან შემოთავაზებულ პირობებს.

 როგორც გაირკვა, ჯერჯერობით, სიახლეებს ამ მხრივ  არ უნდა ველოდოთ. ამიტომ სასურველია, იურისტის რჩევა გავითვალისწინოთ, ყურადღებით გავეცნოთ შემოთავაზებულ ხელშეკრულებას და კაგად გავარკვიოთ რისი უფლება გვაქვს. მერწმუნეთ, ასე უფრო დაცულად იგრძნობთ თავს და პრობლემებიც არ შეგაწუხებთ.     


ყველა ახალი ამბავი
0