ყველას ჰიპებივით რომ ეცხოვრა...

ნიკო სფუგარასი
ნიკო სფუგარასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
40 წლის თავზე, ისევ გადაწყდა პირველი და მომდევნო თაობების ჰიპების შეკრებები მატალაში და რომ ამას ყოველწლიური ფესტივალის სახე მიეცემოდა.

 ირმა ლეჟავა

 ნიკო სფუგარას 1950 წელს, საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა. მამა სტამბოლელი ბერძენი იყო, დედა — იზმირელი (სმირნი). ნიკოს მშობლები ბავშვები ყოფილან, მათი ოჯახები თურქეთიდან კრეტაზე რომ დასახლებულან. 15 წლის ნიკომ სამ მეგობართან ერთად ჯგუფი შექმნა. ბიჭებს მუსიკალური განათლება არ ჰქონიათ, მაგრამ კარგი ანსამბლი კი გამოუვიდათ. თავიდან  THE ROCKS დაარქვეს, შემდეგ — WHEELS,  BOOKS ON THE HOOKS. უკრავდნენ როკს და  საკუთარ სიმღერებს, ძირითადად, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე ასრულებდნენ. თუ რა მოხდა მერე, თავად ნიკო გვიამბობს.

 ნიკო სფუგარას: 

-  1967 წელს  ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ევროპიდან პირველი ჰიპები ჩამოვიდნენ კუნძულ კრეტაზე და გადავწყვიტე, მეც შევერთებოდი მათ. გავემგზავრე მატალაში, სადაც ისინი დასახლდნენ. ძალიან უბრალო ადამიანები იყვნენ, ეცვათ თავისუფალი სტილის, კომფორტული ფერადი ტანსაცმელი, გოგონებს კი თავზე მინდვრის ყვავილების გვირგვინები ეკეთათ. საერთო ენის გამონახვა არ გამჭირვებია. ეს გახლდათ გულღია საზოგადოება და ნებისმიერ ახალ ადამიანს სიამოვნებით ღებულობდნენ. ყველაფერი პირადი და იმავდროულად — საერთოც იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან თბილად და მეგობრულად გვექცეოდა. მატალა პატარა სოფელი იყო, სადაც ერთი საცხობი და ორი ტავერნა მუშაობდა, სანაპიროსთან კი პატარა სახლები იდგა. ელექტროობაც კი არ ჰქონდათ. მოსახლეობა მეთევზეობით და მიწათმოქმედებით ირჩენდა თავს. დღისით ზღვაში ვბანაობდით, ვირუჯებოდით, მერე მინდვრებშიც ვმუშაობდით, ციტრუსს ვკრეფდით, მეთევზეებს ვეხმარებოდით.  არა მარტო ფულის გამო — დახმარება გვინდოდა და იმიტომ. ყველანი განათლებული ადამიანები ვიყავით, უბრალოდ, ყველას და ყველაფერს გვინდოდა გავრიდებოდით. დევიზად გვქონდა: „სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება“. თავს „ყვავილის ბავშვებს“ ვუწოდებდით, ანუ ვიყავით ბუნების შვილები და სიმშვიდე გვიყვარდა. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით ვიკვებებოდით.  საღამოობით სანაპიროზე, დიდ კოცონთან ვიკრიბებოდით და ვუკრავდით, ვმღეროდით. მატალაში ზღვაში შეჭრილი კლდე არის ბუნებრივი გამოქვაბულებით. იქ ვცხოვრობდით. ერთადერთი, ვინც 1971 წელს ჩავიდა მატალაში და სასტუმროში დასახლდა, ჯონი მიტჩელი იყო. ჰიპებთან ერთად 8 თვეს ვიცხოვრე და ის დღეები უთბილეს მოგონებად დამრჩა. სხვათა შორის, სწორედ ჰიპების წყალობით, ნელ-ნელა მატალაში ინფრასტრუქტურაც განვითარდა: გაჩნდა პატარა ბარები, ჯიხურები. ჰიპებისა და ჩვენი გამოქვაბულების სანახავად ტურისტები ჩადიოდნენ. ასე რომ, ჰიპების იქ ყოფნამ პატარა სოფელი მსოფლიოს გააცნო. 

 —  რატომ დატოვეს ჰიპებმა მატალა და ვინ რა გზას ეწია?

 -  იმხანად, 1970-იანი წლების დასაწყისში საბერძნეთს მართავდა ხუნტა, რომელმაც შემოიღო სამხედრო რეჟიმი, გაამკაცრა კონტროლი და, რა თქმა უნდა, თავისუფალი აზრისა და ქცევის ხალხი არ მოსწონდა. ასე რომ, ნელ-ნელა ჰიპებმა დატოვეს მატალა. მე ჯარში გამიწვიეს და ამიტომ მეც დავტოვე მატალა. ჯარიდან ნაბრუნების შემდეგ ისევ ჩემს საყვარელ საქმიანობას მივყავი ხელი. დღემდე რადიოპროდიუსერი და  Dj ვარ, ვუკრავ კლუბებში, მქონდა საკუთარი შოუ პროგრამა "creta Tv"-ზე. ძალიან გამიხარდა, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ 40 წლის თავზე, ისევ გადაწყდა პირველი და მომდევნო თაობების ჰიპების შეკრებები და რომ ამას ყოველწლიური შეკრებების — ფესტივალის სახე მიეცემოდა.

 —ჰიპების ფესტივალი დიდი ხანია ეწყობა?

 ჩემი თაობის, ანუ პირველი თაობის  გერმანელი ჰიპპი არნ სტურმაიერი ცნობილი ჟურნალისტი გახდა, 3 წიგნი დაწერა მატალაზე, იქაურ ცხოვრებაზე. პირველი „ლეგენდა მატალაზე“ იყო, რომელიც გერმანულ და ინგლისურ ენებზე გამოსცა. ახალი, მეოთხე წიგნი უკვე მატალას ჰიპების ფოტოებით იქნება დასურათებული. არნი ყოველ წელს ჩამოდის მატალაში და ჰიპების ფესტივალის იდეაც სწორედ მას გაუჩნდა.

 პირველი ფესტივალი 2011 წლის ივნისში ჩატარდა (40 წლის თავზე). აქამდე ცალკეული ჰიპები ჩამოდიოდნენ, ფესტივალზე კი 30000-მდე ადამიანი შევიკრიბეთ. ფესტივალს უკვე სისტემატიური ხასიათი მიეცა და ყოველი წლის ივლისის პირველ ნახევარში ტარდება. იტალიიდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ანსამბლები უკრავენ და მღერიან.  სამდღიან ფესტივალს ყოველთვის გასდევს მსოფლიოს მოსახლეობისადმი ჰიპების მთავარი მესიჯი: "ყველას ჰიპებივით რომ ეცხოვრა, მსოფლიოში მშვიდობა იქნებოდა!"

 სხვათა შორის 2014-15 წლებში ქართველი ტურისტებიც გამოჩნდნენ მატალაში. მეუღლე ქართველი მყავს და უკვე მესმის ცოტა ქართულიც. სამწუხაროდ დატვირთული გრაფიკის გამო მხოლოდ ერთხელ მოვახერხე საქართველოში ჩამოსვლა. ქეთის (მეუღლე —რედ.) წყალობით ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი. პირველივე დღეს მიშიკო ზაქარიაშვილის ოჯახში აღმოვჩნდი, მის შემოქმედებას ვიცნობდი და მინდოდა პირადად გამეცნო. ეს სტუმრობა არასოდეს დამავიწყდება…საბერძნეთში ბევრი ქართველი ემიგრანტია და როცა რადიო-ჩათში ვხვდები ქართველს, ქართულ სიმღერებს ვრთავ ხოლმე მათთვის — ძირითადად მიშიკო ზაქარიაშვილის სიმღერებს. ძალიან მომწონს ქართული მელოდიები. თბილისში ყოფნისას შარდენზე, ერთ-ერთ ბარში დაგვპატიჟა ჩვენმა მეგობარმა ზაზა წურწუმიამ, საკმაოდ გემოვნებიან მუსიკას უკრავდნენ… იმედია ოდესმე მეც დავუკრავ ქართველი მელომანებისათვის! 


ყველა ახალი ამბავი
0