თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. ცენტრ „ვექტორის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ილნაზ იმატდინოვმა ისაუბრა, როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა მოხალისეებზე.
მეცნიერის თქმით, კორონავირუსის მიმართ ანტისხეულები გამოუმუშავდა ვაქცინის ცდების ყველა მონაწილეს, თუმცა ასიდან ექვსს ჰქონდა ტკივილის შეგრძნება განმეორებითი ინექციისას ჩხვლეტის ადგილზე. მიუხედავად ამისა, პრობლემა „ორ-სამ დღეში“ თავისთავად მოგვარდა.
როგორც მკვლევარმა აღნიშნა, პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ ნოემბრიდან იგეგმება გაფართოებული კლინიკური კვლევებისთვის პრეპარატის პირველი სერიის გამოშვება.
რუსეთში სარეგისტრაციოდ გამზადებულია კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ოთხი ვაქცინა - ორი ადგილობრივი და ორი უცხოური. გამალეის ცენტრის მიერ შემუშავებული ვაქცინა „სპუტნიკ V“ რიგით მეხუთეა.
როგორც რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ განმარტა, რუსული ვაქცინებიდან ერთ-ერთია „როსპოტრებნოდზორის“ მიერ „ვექტორის“ ცენტრში შემუშავებული, მეორე - ჩუმაკოვის ინსტიტუტში; უცხოური ვაქცინებიდან კი ერთი - ჩინეთის Sinopharm-ს ეკუთვნის, მეორე - შიმპანზეს ადენოვირუსის საფუძველზეა დამზადებული და კომპანია AstraZeneca-ს ეკუთვნის.
„როსპოტრებნოდზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ აღნიშნა, რომ „ვექტორის“ ვაქცინა განსხვავებული მეთოდითაა შექმნილი. ეს არის პეპტიდური ვაქცინა, არ შეიცავს ბიოლოგიურ აგენტს და აბსოლუტურად არეაქტოგენურია.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ამას წინათ მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც გამალეის ცენტრის მიერ შემუშავდა.