02:58 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (139)
50 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 16 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილის, წინასწარმეტყველის მალაქიას და  მოწამე გორდის ხსენების დღეს არნიშნავს.

 

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი 1862 წლის 5 იანვარს ოზურგეთის რაიონ სოფელი ლიხაურში დაიბადა. 1883 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ხოლო 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით.

პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე ექვთიმე თაყაიშვილი შეუდგა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო" და „საქართველოს სიძველენი". თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი. იგი გახლდათ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი.

1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. მისი დამსახურებაა „ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერის აღმოჩენა, რომელიც უცვლელად გამოსცა 1920 წელს. სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველოში), გამოიკვლია და აღწერა ქართული ისტორიული ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოცემულ იქნა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში. 

წითელი არმიის საქართველოში შემოსვლის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. 

ექვთიმე თაყაიშვილი ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ლევილის მამულში. ამავე დროს, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "გეორგიკა" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი. 1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 10 მაისს არჩეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით "ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ". მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ.

წინასწარმეტყველი მალაქია

წმიდა წინასწარმეტყველი მალაქია ქრისტეს შობამდე 400-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა, როცა ბაბილონის სამეფო სპარსეთის მეფე კვიროსმა დაიმორჩილა და იუდეველებს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცა. თავისი სიკეთითა და სათნოებით წინასწარმეტყველი ხალხს აოცებდა, ამიტომაც უწოდეს „მალაქია”, რაც ანგელოზს, მახარებელს ნიშნავს. მალაქიას წინასწარმეტყველება ჩართულია ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნებს შორის. აქ იგი ამხელს იუდეველებს და წინასწარ ჭვრეტს იესო ქრისტესა და მის წინამორბედის მოსვლას და უკანასკნელ სამსჯავროს მალაქიას „წინასწარმეტყველთა ბეჭედს” უწოდებენ, რადგან იგი უკანასკნელი იყო იმ მართალთაგან, ვისაც უფალი წინასწარხედვით მადლს ანიჭებდა. მალაქიადან იოანე ნათლისმცემლის მოსვლამდე 400-ზე მეტი წლის განმავლობაში, საწინასწარმეტყველო სიტყვა არ გახმიანებულა ებრაელთა შორის.

წმიდა მოწამე გორდი

წმიდა მოწამე გორდი III საუკუნის დასასრულს დაიბადა კაბადოკიის კესარიაში, ქრისტიანულ ოჯახში. როცა წამოიზარდა, იგი სამხედრო სამსახურში შევიდა და მალე ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ასისთავის წოდებაც დაიმსახურა. IV საუკუნეში, ქრისტიანთა დევნილობის განახლების დროს, წმიდანი განერიდა ამ სოფელს და უდაბნოში განმარტოვდა, რომ ღვთის სათნო ღვაწლით მომზადებულიყო მაცხოვრის უტკბესი სახელის აღსარებისათვის. 320 წელს გორდი აშკარად გამოვიდა ქალაქის პრეფექტის წინაშე ქრისტიანთა დასაცავად, რისთვისაც იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (139)

მთავარი თემები