თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას უკრაინის ორი ოლქის – ლუგანსკისა და დონეცკის ცალკეული რაიონების მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების გამარტივებული წესით გაცემის შესახებ, შესაბამისი დოკუმენტი კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული.
„დადგინდეს, რომ უკრაინის ოლქების – დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონების ტერიტორიებზე მუდმივად მცხოვრებ პირებს აქვთ უფლება, განცხადებით მოითხოვონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება“, — ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
ბრძანებულება უკვე შევიდა ძალაში.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს ანიჭებს უფლებას, განსაზღვროს უცხოელთა კატეგორიები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ.