09:07 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური ტემპერატურა პიკს აღწევს (24)
107 0 0

აქვთ თუ არა ყოფილ მმართველ პარტიასა და მის თანამოაზრეებს ბოიკოტის გაგრძელების რესურსი? – „Sputnik–საქართველო" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს განაგრძობს და პარლამენტში მუშაობაზე უარს აცხადებს.

„ნაცმოძრაობასთან“ ერთად ბოიკოტს განაგრძობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები და „ლეიბორისტული პარტია“. ამ პოლიტიკურმა ძალებმა უარი განაცხადეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემუშავებული კომპრომისული შეთანხმების ხელმოწერაზე. დოკუმენტი შეიცავს ვადამდელი არჩევნების ჩატარების პირობებს, ასევე პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხებს. 

რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, იგი 2022 წელს იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

ამ დროისათვის შეთანხმებაზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე კვლავ უარს აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ (36 მანდატი) 33 წევრი, „ევროპული საქართველოს“ (5 მანდატი) ორი წარმომადგენელი და ერთი ლეიბორისტი (ერთი მანდატი). „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილმა დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სახით შევიდა.

ამგვარად, საქართველოს პარლამენტში 150-დან 114 დეპუტატი უკვე შესულია. ეს კი საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისია (აუცილებელია 113 ხმა).

რით არიან უკმაყოფილო ოპოზიციაში

ამ ხმაურის ფონზე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, დოკუმენტს ხელი მას შემდეგ მოაწერონ, რაც ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებენ.

„ამ შეთანხმებაში მთავარი მეორე პუნქტია. შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე... ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.

„მე ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკსაც არ უნდა შეიცავდეს ეს ჩემი სიცოცხლისა თუ თავისუფლებისთვის, აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე“, – აღნიშნა სააკაშვილმა. 

ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებას ფაქტობრივად იმეორებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და აცხადებენ, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერის პირობა მელიას გათავისუფლებაა. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის სიტყვებით, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გირაოს გადახდასაც და ამნისტიასაც.

„ნიკა მელიას გათავისუფლება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ყველანი რომ ვთანხმდებოდეთ და ნიკა მელია თავისუფალი იყოს, ბუნებრივია, სხვაგვარად მოვიქცეოდით. მაგრამ ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ როგორც გირაოს გადახდის, ისე ამნისტიის – რომ ამნისტია შეეხოს ყველა მოხელეს, რომელმაც უფლებამოსილებას გადააჭარბა 20 ივნისს. მიგვაჩნია, რომ ეს უსამართლო პუნქტია, რომელიც შეთანხმებაშია ჩადებული“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ საკუთარ მოთხოვნებში უფრო თანმიმდევრული და პრინციპულია, აღნიშნა პარტიის რეგიონულმა მდივანმა ლაშა დამენიამ.

ზურაბიშვილის განცხადებამ რურუას შეწყალების შესახებ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია>>>

„ესაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. ეს არჩევნები ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მათ შორის თვისობრივი სხვაობაა“, – აღნიშნა დამენიამ.

მისი თქმით, პარტია განაგრძობს შეხვედრებს მოსახლეობასთან და 15 მაისის აქციისთვის მზადებას.

თავისი პოზიცია შეთანხმებასთან დაკავშირებით გამოთქვა შალვა ნათელაშვილმაც.

„ჩემს გულისტკივილს გამოვთქვამ ჩემი კოლეგების გამო, რომლებმაც გუშინ დაასრულეს პოლიტიკა ამ ხელმოწერის შედეგად“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

დათმობის გარეშე

მმართველ პარტიაში იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ ყველა ოპოზიციური პარტია ხელს მოაწერს დოკუმენტს.

„იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში ყველა პოლიტიკური პარტია და დეპუტატი ხელს მოაწერს შეთანხმებას, შევა პარლამენტში და ჩვენ ვიმუშავებთ, რათა მაქსიმალურად ზუსტად შევასრულოთ შეთანხმების ყველა დებულება. ოპოზიციას არ უწევს რაიმე დათმობაზე წასვლა. ერთადერთი, მათ უწევთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, უარის თქმა დესტრუქციაზე, მაგრამ ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის დღესაც ძნელია დესტრუქციაზე უარის თქმა. შარლ მიშელის ვიზიტი პოლიტიკური პარტიების ჯერ კიდევ შემორჩენილი ანაქრონიზმის გადალახვაში დაგვეხმარება“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი ძალაა, რომლებიც ცდილობდნენ შეთანხმების ჩაშლას, განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა.

„მათ დაადასტურეს, რომ მათი ერთადერთი გზა – რადიკალიზაციაა. დარწმუნებული ვარ, ისინი ხელს არ მოაწერენ. ორი გზა აქვთ – ან უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი, რომ მათ მიერ შემუშავებულმა რადიკალურმა დღის წესრიგმა ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვა, ყველა გზა ჩაეკეტათ, რათა შეთანხმება ჩაეშალათ, ან უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი, დოკუმენტს ხელი მოაწერონ და შემოვიდნენ. ან კიდევ მარგინალური პარტიები ხდებიან, რომელთაც არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ ხმის გამცემი არავინ ჰყავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რა იქნება შემდეგ

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ალბათობა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მათი ქუჩაში დარჩენის შემთხვევაში. 

„ვფიქრობ, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობაც“ მოაწერს ხელს დოკუმენტს. არის ამის დიდი ალბათობა, ისევე, როგორც ალბათობა იმისა, რომ შარლ მიშელი „ნაციონალურ მოძრაობას“ ცალკე შეხვდება“, – აღნიშნა ძაბირაძემ.

თუ „ნაცმოძრაობა“ არ შევა პარლამენტში, ისინი ქუჩაში დარჩებიან, აღნიშნა ექსპერტმა.

„თუმცა ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება, რომ ბოიკოტი ამ ქვეყანაში არ ამართლებს. ბოიკოტი არასოდეს იყო წარმატებული და არა მგონია, რომ ამ შემთხვევაში მათ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. პარტიები პარლამენტში შევიდნენ. პარლამენტი აღარ არის ერთპარტიული, არამედ მრავალპარტიულია. თუ არითმეტიკას გამოვიყენებთ, მათ მოსახლეობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა აქვთ. ასე რომ, ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია ქვეყნის შიგნით ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, და დასავლეთიც არ იქნება მათ მიმართ კეთილგანწყობილი როგორც პერსონალურად, ისე პარტიული თვალსაზრისით“, – აღნიშნა ძაბირაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოში იმყოფება. მან ქვეყნის პირველ პირებთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

თემები:
ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური ტემპერატურა პიკს აღწევს (24)

მთავარი თემები