03:20 12 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (394)
77 0 0

საქართველოს მმართველმა პარტიამ პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად პირველი ნაბიჯი გადადგა. არის თუ არა ეს საკმარისი?

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად მოაწერა ხელი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს.

მარტის მიწურულს თბილისში მეორედ იმყოფებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც მხარეებს შესთავაზა კომპრომისული დოკუმენტი. თუმცა მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს. მათ ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ხუთიდან ორ საკითხზე. ესენია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

კონსენსუსთან ახლოს

პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას შეიძლება უახლოეს დღეებში მიაღწიონ – ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო.

„ვითარება უკვე მომწიფდა და მოლოდინი მაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისი სიტყვებით, ევროკავშირის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ორ ძირითად გზავნილში გამოიხატება.

„პირველი – ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და აქ გააგრძელონ ოპონირება, მეორე – ხელისუფლების მიმართ გზავნილი, რომ კომპრომისები მოძებნოს ამ პირობების შესაქმნელად. მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება“, – აღნიშნა სერგეენკომ.

ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა სახელმწიფოს სჭირდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ჩვენი მხრიდან კომპრომისები არსებობს და თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება, გონივრული კომპრომისებისთვის ისევ მზად ვართ. ეს არ იქნება ამომრჩევლის გადაწყვეტილებისა და სამართლიანობის პრინციპის საწინააღმდეგო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნება“ მზად არის, პოლიტიკური შეუთანხმებლობა რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას და ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდეს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

„პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და ჩვენ ამ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ კომპრომისი იყოს შეთავაზებული პოლიტიკური ოპონენტისთვის, მაგრამ მათი მხრიდანაც უნდა იყოს მზაობა, რომ შეთანხმებით დასრულდეს“, – თქვა მან.

მისი თქმით, კომპრომისი სამართლებრივ საკითხებს ვერ გასცდება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება და საკმარისი არ არის ის, რომ ვიღაცას არჩევნების შედეგები არ მოეწონა.

ოპოზიციის განწყობა

იმას, რომ კომპრომისზე ორივე მხარე უნდა წავიდეს, ოპოზიციის წარმომადგენლებიც ეთანხმებიან. თუმცა, როგორც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ რეალურად უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია პოლიტიკური კრიზისის მოგვარებით.

„მოლაპარაკებები ყოველთვის ითვალისწინებს კომპრომისებს ორივე მხრიდან და ამისთვის მზად არის ოპოზიცია. ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გონივრული კომპრომისები და ჩვენ უნდა დავინახოთ ხელისუფლების მხრიდან უპირველესად მზადყოფნა, რომ ის მზად არის, განვაახლოთ მოლაპარაკებები და მივიდეთ შეთანხმებამდე. ოპოზიცია ყოველთვის მზად იყო კომპრომისული ნაბიჯებისთვის“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ქართული ოცნების“ განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია.

„ქართული ოცნების“ განცხადებები, როგორც წესი, არასდროს მართლდება. ამიტომ ჩვენ უბრალოდ დავიცდით. ის ზეწოლა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებრიობა ახორციელებს და ის შიდა ზეწოლა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა პროტესტის სახით ავლენს, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იმ შედეგთან, რომელსაც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება ჰქვია“, – განუცხადა ჟურნალისტებს დამენიამ.

ექსპერტის მოსაზრება

პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძის აზრით, ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა დანიელსონის დოკუმენტს, უკვე კომპრომისია.

„ვფიქრობ, ეს უკვე დიდი წინსვლაა, დიდი კომპრომისია... თუმცა პირადად მე, სიმართლე გითხრათ, ამ დოკუმენტს არანაირი პირობით ხელს არ მოვაწერდი. პირადად მე მიმაჩნია, რომ ის, რასაც დანიელსონი გვთავაზობს, კანონის უზენაესობა არ არის. რასაც დანიელსონი და ევროპელი კოლეგები გვთავაზობენ – ეს უცოდინრობა, გულუბრყვილობა და სისულელეა. ქვეყანაში, სადაც მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ადამიანები არ ემორჩილებიან კანონს, რომ ყველა კანონზე მაღლა დგას, გარდა ღარიბი ხალხისა“, – აღნიშნა სიხარულიძემ.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ კომპრომისის სახით „ქართული ოცნება“ შეიძლება დათანხმდეს მელიას გათავისუფლებას.

„მმართველი პარტია ბევრ რამეზე შეიძლება წავიდეს. მან გაათავისუფლა გიგი უგულავა, გამოუშვა ძალიან ბევრი ხალხი. საკითხავი ისაა, რა იქნება ამის ფასი სინამდვილეში. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაუშვა პრეცედენტი, რომ შესაძლებელია ადამიანების ჯერ ჩასმა, შემდეგ კი გამოშვება, თითქოს არაფერი მომხდარა. მან უკვე დაუშვა, რომ პოლიტიკური ელიტა კანონზე მაღლა დგას“, – ფიქრობს სიხარულიძე.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე, სიხარულიძის აზრით, ამაზე დათანხმება „ოცნების“ მხრიდან შეცდომა იქნებოდა.

„ვფიქრობ, ეს დიდი სისულელე და გულუბრყვილობა იქნებოდა. ეს აშშ-ის ელჩმაც აღნიშნა, რომ ეს ცუდი პრეცედენტი იქნებოდა“, – თქვა ექსპერტმა.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის დიდი ნაწილი კვლავ უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (394)

მთავარი თემები