12:57 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
მიმოხილვები

ბასილაშვილი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, რაგბის კავშირში კი არეულობა გრძელდება

მოკლე ბმულის მიღება
488 0 0

    ბასილაშვილის საოცარი გამარჯვება ყატარში და საფეხბურთო სიახლეები სანაკრებო პაუზამდე. გასული კვირა ქართული სპორტის ქომაგისთვის საინტერესო გამოდგა.

    ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბრუნდა! საქართველოს პირველმა ჩოგანმა დოჰაში თასი აღმართა

    Николоз Басилашвили с наградой после победы на турнире в Катаре
    საქართველოს პირველმა ჩოგანმა დოჰაში თასი აღმართა

    ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარში გამართული ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. ბასილაშვილისგან ასეთ წარმატებას არავინ ელოდა, თუმცა ნიკოლოზმა კრიტიკოსები კიდევ ერთხელ გააჩუმა.

    ყველაფერი ავსტრალიელ მილმანთან შეხვედრით დაიწყო, სადაც ბასილაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველის შემდეგი „მსხვერპლი“ ტუნისელი ჯაზირი აღმოჩნდა. ფორმაში შესულმა ნიკამ აფრიკელს შანსი არ დაუტოვა და ორ სეტში მარტივად დაამარცხა. მეოთხედფინალში კი დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია, რადგან 29 წლის ქართველი ჩოგბურთის ცოცხალ ლეგენდას, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა.

    Роджер Федерер
    © AFP / SAMER AL-REJJAL, QATAR TENNIS FEDERATION
    როჯერ ფედერერი

    გულშემატკივარი ნიკასგან უბრალოდ კონკურენტუნარიან და ლამაზ თამაშს ელოდებოდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად საქართველოს პირველმა ჩოგანმა როჯერი ტურნირს გამოთიშა. წაგებული პირველი სეტის შემდეგ ნიკამ ძალები მოიკრიბა, შვეიცარიელ სპორტსმენს ზედიზედ ორი სეტი მოუგო და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.

    როგორც ქართველი ქულშემატკივრისთვის, ასევე ბასილაშვილისთვის ეს დღე დასამახსოვრებელი და ემოციური გახლდათ. ნიკამ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ როჯერი მისი კუმირია და მასთან გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა. ჩვენებურმა ნახევარფინალში არც ამერიკელი ამერიკელი ტეილორ ფრიტცი დაინდო და მარტივად მოგებული ორი სეტის შემდეგ ნიკა ფინალში გავიდა.

    Николоз Басилашвили
    დოჰას ტურნირის ფინალური მატჩის გამარჯვებული

    დოჰას ტურნირის ფინალურ მატჩში „ქართული მანქანა“ ჩაირთო და უძლიერეს ფორმაში მყოფი ესპანელი ბაუტისტა აგუტი ქართველის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. ფინალის პირველ სეტში მოთამაშეებმა უდანაკარგოდ იასპარეზეს. ესპანელი და ქართველი ჩოგბურთელი თავიანთ ჩაწოდებებს უპრობლემოდ იგებდნენ, შესაბამისად ყველაფერი ტაი-ბრეიკში უნდა გადაწყვეტილიყო. აგუტმა ბასილაშვილის უძლიერეს დარტყმებს ვერაფერი მოუხერხა და პირველი სეტი დათმო. რაც შეეხება მეორე სეტს, ნიკამ გულშემატკივარს საოცარი მატჩი შესთავაზა და ორი შესრულებული ბრეიქის ხარჯზე ფინალი ორ სეტში 7:6, 6:2 მოიგო.

    ამაღელვებელი და ემოციური იყო ქართველი ჩემპიონის მატჩის შემდგომი სიტყვები, რომელიც საკუთარ შვილს მიუძღვნა.

    „ლუკას, მამიკო მინდა დაიმახსოვრო, რომ შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს საქართველოში, მადლობა გვერდში დგომისთვის!“, - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

    აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 21 მაისს ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

    ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილი
    ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილი

    ხვიჩა კვარაცხელია იტალიური გრანდების სამიზნეა. საქართველო-ესპანეთის შეხვედრას იტალიიდან სკაუტები დაესწრებიან

    გამოცემა tuttomercatoweb-ს თუ დავუჯერებთ, საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრას, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ იტალიური გრანდების, იუვენტუსისა და მილანის წარმომადგენლები დაესწრებიან. მათი მთავარი სამიზნე ყაზანის „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების 20 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა. წყაროს ცნობით, ქართველი გარემარბით გერმანული „დორტმუნდიც“ ინტერესდება და არაა გამორიცხული, რომ უახლოს მომავალში მათ რუსულ კლუბს კონკრეტული წინადადებით მიმართონ. რაც შეეხება საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრას, მატჩი თბილისში 25 მარტს გაიმართება.

    Игрок ФК Рубин Хвича Кварацхелия
    © photo: Sputnik / Alexey Filippov
    ხვიჩა კვარაცხელია

    ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „რუბინის“ მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლის გატანა შეძლო. ამასთან სამჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა და სამი თერთმეტმეტრიანიც გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

    გასულ კვირას ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

    Нападающий бельгийского клуба «Серен» Жорж (Георгий) Микаутадзе
    ჟორჟ მიქაუტაძე

    მიქაუტაძე ამჟამად ბელგიური „სერენის“ შემადგენლობაში ირიცხება და კლუბის ბომბარდირია. გიორგის დღემდე საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს და მისი საქართველოს ნაკრებში გადმობირებას ფეხბურთის ფედერაცია უკვე დიდი ხანია ცდილობს. ქართული წარმომავლობის 20 წლის შემტევი ლიონის აკადამიის აღზრდილია, საიდანაც ფრანგულ „მეცში“ აღმოჩნდა. მაშინ მიქაუტაძემ კლუბთან 2023 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, შარშან ზაფხულში კი ის ბელგიის რანგით მეორე ლიგის კლუბში გაანათხოვრეს. ჟორჟი „სერენში“ შედეგიანობით გამოირჩევა, ქართველმა ფორვარდმა პროქსიმუს ლიგის 18 მატჩში უკვე 18 გოლი გაიტანა.

    მიქაუტაძესთან ერთად საქართველოს ნაკრებში ითამაშებს პოლტავის „ვორსკლას“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილიც. დიდი შანსი იყო მისი დებიუტი საქართველოში მარტის სანაკრებო მატჩებში შემდგარიყო, თუმცა უკრაინის ჩემპიონატის გასულ ტურში წიტაიშვილმა ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით ორ თვეს გამოტოვებს. მატჩში, რომელშიც წიტაიშვილი დაშავდა, „ვორსკლამ“ სტუმრად „მარიუპოლი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გიორგის ტერფის მეხუთე ძვალი აქვს გატეხილი და ოპერაცია სჭირდება. მიღებული ტრავმის შემდეგ კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.

    „ტერფიდან რაღაც ხმა გავიგე, ოღონდ არა ტანკოვსკისთან შეჯახების მომენტში, არამედ მატჩის მიწურულს. შეცვლამდე ორიოდე წუთით ადრე ტკივილს ვგრძნობდი და ფეხს ვერ ვადგამდი. აღმოჩნდა, რომ ოპერაციაა საჭირო“, - განაცხადა წიტაიშვილმა.

    გიორგი წიტაიშვილი ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის შვილია. ის ისრაელშია დაბადებული, მაგრამ უკრაინის მოქალაქეა და ბოლო დრომდე ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა. გიორგიმ უკრაინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2019 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

    რაც შეეხებათ საზღვარგარეთ მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს, გასულ კვირას თავის გამოჩენა ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი აბურჯანიამ შეძლეს.

    უნგრეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში ბუდუ ზივზივაძემ ულამაზესი გოლის გატანა შეძლო. ქართველი ფორვარდის „ფეჰერვარმა“ სტუმრად „ბუდაფოკი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. შეხვედრის მე-17 წუთზე ზივზივაძემ ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, მარცხენათი ძლიერად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ქართველი შემტევი მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე შეცვალეს.

    ესპანეთის მეორე ლიგის 29-ე ტურში აბურჯანიას „კარტახენამ“ ლიდერთა ჯგუფთან ახლოს მყოფ „პონფერადინას“ უმასპინძლა. გიორგიმ შეხვედრა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე კი მან თავი შესანიშნავი გოლით გამოიჩინა. აბურჯანიამ საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მიიღო, კარში დაარტყა და ანგარიში ულამაზესი გოლის წყალობით გახსნა. საბოლოოდ „პონფერადინამ“ ბოლო წუთებზე გატანილი თერთმეტმეტრიანის შედეგად ანგარიშის გათანაბრება და საბოლოო შედეგის დაფიქსირება (1:1) შეძლო.

    რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. პროტესტი და დაპირისპირება მხარეებს შორის

    Иосиф Ткемаладзе (слева). Съезд Союза регби Грузии
    © Sputnik / Alexander Imedashvili
    რაგბის კავშირის წევრთა ყრილობა

    საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად 10 მარტს ოფიციალურად სოსო ტყემალაძე აირჩეს. „ექსპო ჯორჯიასთან“ არჩევნების დღეს ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს, რასაც ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

    ადგილზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სოსო ტყემალაძის გამოჩენისთანავე პოლიციის კორდონი გაარღვიეს და დარბაზში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათი შეკავება შეძლო.

    რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძე უკვე აირჩიეს, მაგრამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ აბუსერიძეს რეგისტრაციაზე უარი განუცხადა, რის მიზეზადაც არჩევნების ჩატარების არასწორი ვადები დაასახელა. შედეგად სოსო ტყემალაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი გახდა.

    აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა ირაკლი აბუსერიძემ, რომელმაც რაგბის კავშირში მიმდინარე მოვლენები შეაფასა:

    „რაც ხდება ამაზრზენია. დაველოდით მოვლენების განვითარებას. დღეს ტყემალაძესთან შეხვედრას არ ვაპირებთ, ჩვენი გეგმა გვაქვს. შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ სამომავლო გეგმებზე. სამწუხაროა, რომ გრძელდება ბოლო წლების პოლიტიკა და ხელების გადაგრეხვით სურთ პრეზიდენტად მოსვლა“, - განაცხადა აბუსერიძემ.

    სანდრო მამუკელაშვილის აღიარება და თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი „ცსკას“ რიგებში.

    ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს კონფერენცია BIG EAST-ის პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. სანდრო გუნდების მწვრთნელებმა თავის პოზიციაზე ერთხმად დაასახელეს.

    აღსანიშნავია, რომ ამერიკული „სეტონ ჰოლის“ კალათბურთელი საუკეთესოთა შორის ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხედ მოხვდა. გასულ წლებში ამ წარმატებას მაილს პაუელმა (2019, 2020), ანხელ დელგადომა (2017) და აიზია უაიტჰედმა (2016) მიაღწიეს.

    მამუკელაშვილი კონფერენციაში იმ ორ კალათბურთელს შორისაა, რომლებიც ქულებში, მოხსნებსა და პასებში საუკეთესოთა შორის იმყოფებიან. ის მეორეა ქულებში (17.8), მე-6 მოხსნებში (7.3) და მე-13 ასისიტებში (3.1). სანდრო ასევე BIG EAST-ის კონფერენციის სეზონის საუკეთესო მოთამაშეობის კანდიდატია, ის ასევე კარლ მელოუნის პრიზისთვის იბრძვის, რომელიც NCAA-ს საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა.

    აღსანიშნავია, რომ ევროლიგის რეგულარული სეზონის 29-ე ტურში მოსკოვის „ცსკამ“ ოლიმპია მილანოს უმასპინძლა და ანგარიშით 76:84 დამარცხდა. ბოლო მეოთხედში რუსული კლუბი მატჩს გადარჩენას ცდილობდა, თუმცა დიდი ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო. თორნიკე შენგელია საუკეთესო იყო წაგებულ გუნდში მან 34 წუთში ცსკა-ს 20 ქულა მოუტანა. შენგელიამ თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა. მან 20 ქულისა და 10 მოხსნის მოგროვება მოახერხა. საინტერესოა, რომ ამ სეზონში ევროლიგაზე თორნიკემ პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა.

     

    მეტი ფოტოლენტა

    მთავარი თემები