მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოსთვის გაიტანს, ძიუდოს ლეგენდა კი თბილისში მოემგზავრება

© Sputnik / STRINGERგურამ თუშიშვილის ორთაბრძოლა
გურამ თუშიშვილის ორთაბრძოლა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
გამოწერა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი მწვრთნელის პირველი კომენტარი და თორნიკე შენგელიას დაბრუნება „ცსკას“ რიგებში. ქართველი სპორტსმენების გასული კვირის შედეგები.

მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს ეროვნულ გუნდში და ნაკრების ახალი მეთაურის პირველი კომენტარი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის გასულ კვირას ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. გარდა იმისა, რომ ეროვნულ ნაკრებს ვილი სანიოლის სახით „პატრონი“ გამოუჩნდა გუნდს ახალწვეულიც ჰყავს. საქართველოს ნაკრების შეტევითი ხაზი გიორგი წიტაიშვილით გაძლიერდა. ქართული წარმომავლობის მიუხედავად, წიტაიშვილი ამ დრომდე უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობდა და საკმაოდ წარმატებულადაც. მან 2019 წელს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ამ გამარჯვებაში გატანილი გოლით ძალიან დიდი წვილი შეიტანა.

მისი დაბრუნება მართლაც გასაკვირი იყო ქართველი გულშემატკივრისთვის, რადგან გიორგის ჩვენს ქვეყანაში წლებია ეპატიჟებიან. პირველად ეს სასიხარულო ამბავი უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გაავრცელა. ჟურნალისტის ვარაუდით ახალგაზრდა ფეხბურთელის ეს გადაწყვეტილება მის საქართველოში სტუმრობას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, წიტაიშვილი სამშობლოში გარდაცვლილი ბაბუის სამძიმარზე ჩამოვიდა, რა დროსაც ოჯახის წევრებმა ბაბუის ერთ-ერთი ბოლო სურვილი ამცნეს. უკრაინელ ჟურნალისტს თუ ვენდობით ბაბუის ბოლო თხოვნა გიორგის საქართველოს ნაკრებში თამაში იყო. გეთანხმებით, საკმაოდ სევდიანი ისტორიაა, თუმცა მოგვიანებით გავრჩელდა ხმები, რომ მისი გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მრავალწლიანი მცდელობებისა და შეთავაზებების შედეგია.

ამ ყველაფრის საპასუხოდ გიორგიმ მოკლე და შეიძლება ითქვას მკაცრი კომენტარი გააკეთა. წიტაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარი არც სურს და არც ამის უფლება გააჩნია. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა. საინტერესოა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ჩვენ ქართული სპორტის ქომაგებს ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, თუ როგორ დასრულდება ქართულ-უკრაინული „საპნის ოპერა“.

რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელის საკლუბო კარიერას, ის ამჟამად კიევის „დინამოს“ საკუთრებაშია და „ვორსკლას“ შემადგენლობაში იჯარის წესით ასპარეზობს.

წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში „დინამო კიევში“ მხოლოდ ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „ვორსკლას“ რიგებში ორ შეხვედრაში ერთი გოლის გატანა უკვე მოახერხა.

ცოტა ხნის წინ მსგავსი ინფორმაცია ბელგიური „სერენის“ თავდამსხმელ გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძეზეც გავრცელდა. მიქაუტაძეს ამ ეტაპზე ფრანგული პასპორტი აქვს, თუმცა შესაძლოა ისიც, წიტაიშვილის მსგავსად, საქართველოს ნაკრების მაისურით ვიხილოთ. ქართული წარმომავლობის ფეხბურთელი ბელგიის მეორე ლიგაში ასპარეზობს და მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 15 შეხვედრაში 16 გატანილი გოლია. მიქაუტაძე საკუთარი გუნდის ნამდვილი ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირია.

© photo : courtesy of Georgian Football Federation / FBვილი სანიოლი და ლევან კობიაშვილი
მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოსთვის გაიტანს, ძიუდოს ლეგენდა კი თბილისში მოემგზავრება - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
ვილი სანიოლი და ლევან კობიაშვილი

ქართულ მედიასთან პირველად ისაუბრა საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ, რომელმაც ჩვენი გუნდის მომავალსა და მის გეგმებზე ვრცლად ისაუბრა. ფრანგმა სპეციალისტმა გერმანიის ბუნდესლიგაში გატარებულ წლებზეც ილაპარაკა, რა დროსაც ვეტერან ქართველ ფეხბურთელებზე კობიაშვილსა და იაშვილზეც გააკეთა კომენტარი.

„ლევან კობიაშვილი კარგად მახსოვს. ის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მე – მარჯვენაზე და ჩვენი გზები ყოველთვის იკვეთებოდა. როგორც მოთამაშე, ის ერთდროულად ხისტიც იყო და სამართლიანიც. იგივე შემიძლია ვთქვა ალექსანდრე იაშვილზეც. კარგია, როდესაც 10, 12 ან 15 წლის შემდეგ კვლავ ვხვდებით ერთმანეთს“, – განაცხადა სანიოლმა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელები წლების წინ სანიოლის თანამედროვეები იყვნენ. იაშვილისა და კობიაშვილის საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილიც სწორედ გერმანიის ბუნდესლიგას უკავშირდება.

© photo : courtesy of Georgian Football Federation / FBსანიოლი, კობიაშვილი
მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოსთვის გაიტანს, ძიუდოს ლეგენდა კი თბილისში მოემგზავრება - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
სანიოლი, კობიაშვილი

სანიოლის დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, თუმცა უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგს ძალიან უყვარს დისციპლინა და ეს მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

„დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე ვერაფერს შეცვლი. ფეხბურთელებს ნაკრებში თამაში უნდა ეამაყებოდეთ და მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ნაკრების მაისურას. თუ ყველას ერთი მიზანი გვექნება, ვფიქრობ, რომ შევძლებთ წარმატების მიღწევას“, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების ახალმა თავკაცმა.

სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა ოთარ კიტეიშვილის შესახებ, რომელიც ავსტრიის ბუნდესლიგაში ასპარეზობს. ავსტრიის მე-18 ტურში „შტურმის“ რიგებში ქართველმა ნახევარმცველმა „ვოლფსბერგერთან“ გამართულ შეხვედრაში ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო და მარტის სანაკრებო შეხვედრები გაუცდება. „შტურმმა“ ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა და ბოლო წუთზე გაშვებული გოლით 1:2 წააგო. კიტეიშვილი და გიორბელიძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ლოჩოშვილი კი სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა.

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოსთვის გაიტანს, ძიუდოს ლეგენდა კი თბილისში მოემგზავრება - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტში მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის პირველი სამი თამაშის ჩატარება უწევს. ჩვენი გუნდი შვედეთს ესპანეთსა და საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი ნაკრები აღნიშნული სამი მატჩიდან მხოლოდ ესპანეთს უმასპინძლებს, რომელიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მაყურებლის გარეშე გაიმართება. ვნახოთ თუ როგორ ჩააბარებს პირველ ქართულ გამოცდას ვილი სანიოლი.

არ უნდა გამოგვრჩეს საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი მატჩებიც. შიდა ჩემპიონატის პირველ დღეს თავიანთი მატჩები გასული წლის ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“ და ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ გამართეს.

დედაქალაქელებმა სეზონის სტარტზე ფანების გახარება ნამდვილად ვერ მოახერხეს. ისინი ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებულ „სამგურალს“ ანგარიშით 1:1 დაუზავდნენ და დასაწყისშივე მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. ეროვნული ლიგის პირველი გოლის ავტორი სამგურალის 21 წლის ფორვარდი სერგო კუხიანიძეა, რომელმაც 2020 წელს სამგურალის მაისურით 7 მატჩში 9 გოლი გაიტანა. დინამო თბილისი თამაშს 71-ე წუთამდე აგებდა, სანამ გიორგი გაბედავამ ანგარიში არ გაათანაბრა.

რაც შეეხება ბათუმელებს, ზღვისპირელებმა გაჭირვებით, თუმცა თავიანთი პირველი შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსთან“ მოიგეს. მატჩში ერთადერთი გატანილი გოლით „თელავიდან“ დაბრუნებული გრიგოლ ჩაბრაძე გამოირჩა, რომელმაც მატჩის ბედი 79-ე წუთზე ფანცულაიას გადაცემის შედეგად გადაწყვიტა. აღნიშნული გამარჯვებით „პირატები“ დროებით ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია, თორნიკე შენგელია კი მოედანს დაუბრუნდა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ გასულ კვირას „ბატლერთან“ დამარცხდა. მიუხედავად შედეგისა ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი საკუთარი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ.

მამუკელაშვილმა 35 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მამუკელაშვილის გუნდმა ზედიზედ მეორე თამაში წააგო, მანამდე კი „სეტონ ჰოლს“ 4-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა. ისინი Big East-ის კონფერენციაში 10 მოგებით და 7 წაგებით მე-3 ადგილზე იმყოფებიან. სანდროს გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 მარტს საკუთარ მოედანზე „კონექტიკუტთან“ გამართავს.

აღსანიშნავია, რომ მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია. შენგელიამ მიღებული ტრავმა უკვე მოიშუშა და „ოლიმპიაკოსთან“ შეხვედრაში მოსკოვის „ცსკას“ საწყის ხუთეულში მოგვევლინა. ნაკრების კაპიტანმა ბერძნებთან 8 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, რაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ ცუდი შედეგი ნამდვილად არ გახლავთ. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 21 წუთი და 33 წამი დაჰყო. მოსკოვის „ცსკა“ მორიგ შეხვედრას „ეფესთან“ გამართავს და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალ მატჩებში თორნიკე ფორმის სრულად აღდგენას შეძლებს.

გასულ კვირას ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაში გიორგი ბეჟანიშვილის „ილიონისმაც“ გამართა და აუტსაიდერ „ნებრასკას“ მარტივად ანგარიშით 86:70 სძლია. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 11 წუთი გაატარა და აქტივში 2 ქულა და 2 მოხსნა ჰქონდა, პასივში კი - 2 დაკარგვა და 2 პერსონალური გოლი. გიორგიმ 4 ორქულიანი ესროლა და 1 ჩააგდო.

ილინოისი ჩემპიონატში მე-2 ადგილს იკავებს, ლიდერი კი კვლავ „მიჩიგან ვულვერინსია“, რომელსაც 12 მოგება კი აქვს. მიუხედავად ამისა, მიჩიგანის გუნდი ბეჟანიშვილის გუნდს ჩატარებული თამაშების რაოდენობით ჩამორჩება.

საკუთარ გუნდს გამოემშვიდობა ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე. გავრცელებული ინფორმაციით ბექამ „გრან კანარია“ კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. 27 წლის ბურჯანაძე ესპანურ კლუბში 2019 წლიდან თამაშობდა. მანამდე ის ასევე ესპანეთში „გიპუსკოას“, „ანდორას“, „კორუნიასა“ და „სევილიას“ ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონში ბექა თამაშში საშუალოდ 5.7 ქულას, 3.1 მოხსნას და 0.9 პასს აგროვებდა, ხოლო მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 6.1 იყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამწუხაროდ კვლავ აგებს. ქართველი ჩოგბურთელის მორიგი მარცხი საფრანგეთში

საქართველოს პირველი ჩოგანის საქმეები ბოლო დროს კარგად არ მიდის. ბასილაშვილი გასულ კვირას საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს ადგილობრივ ბარერესთან შეხვედრით გამოემშვიდობა. ფრანგმა ჩოგბურთელმა ჩვენებური ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. აღსანიშანია, რომ ბარერე ATP-ის რეიტინგში 113-ე ადგილს იკავებს, ხოლო ბასილაშვილი ერთ დროს წარმატებული ასპარეზობის ხარჯზე კვლავ ინარჩუნებს პოზიციებს და მსოფლიოს მე-40 ჩოგანია.

დასანანია თუმცა, უკვე წელიწადზე მეტია ბასილაშვილი ცუდი ფორმაში იმყოფება და ეს კლასიფიკაციაზეც აისახა. 2019 წლის მაისში ნიკა მსოფლიოს მე-16 ჩოგანი და ნებისმიერი ლიდერისთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახლდათ.

ძიუდოს ლეგენდა საქართველოში ჩამოდის - ტედი რინერი თბილისის გრანდ-სლემზე დარეგისტრირდა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რამდენიმე დღის წინ თბილისის გრად-სლემზე დარეგისტრირებულ სპორტსმენთა სია წარადგინა. მართალია სია არასრულყოფილია, მაგრამ საინტერესოა, რომ ჩამონათვალში ფრანგი ლეგენდარული ძიუდოისტი ტედი რინერი გამოჩნდა.

მომავალი ტურნირისთვის საქართველოს ჯერ განაცხადი არ გაუკეთებია. საინტერესოა სლემზე თუ ვიხილავთ მძიმე წონოსან ქართველ ფალავანს გურამ თუშიშვილს, რომელსაც ბოლო წლებში რინერის მემკვიდრედ მოიაზრებენ. ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს ქართველისა და ფრანგის დაპირისპირება 2017 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც თუშიშვილმა რინერის ტატამზე დაგდება შეძლო, თუმცა მსაჯებმა „ოქროს“ ქულა არ ჩაუთვალეს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წლის კალენდრის პირველი ნაწილი ჯერ კიდევ 6 იანვარს გამოაქვეყნა, საიდანაც ქართველმა ქომაგმა შეიტყო, რომ თბილისში დაგეგმილ ძიუდოს ტურნირს სტატუსი შეეცვალა და საქართველოს დედაქალაქი უკვე ძიუდოს გრანდ სლემს მასპინძლობს. შეჯიბრება 26 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0