10:11 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
1485 0 0

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება და მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის. გასული კვირის სპორტული მოვლენები.

კვარაცხელია „რუბინს“ თურქულ შეკრებაზე გმირად მოევლინა. წარმატებით იასპარეზეს ქართულმა გუნდებმაც

„რა 10 მილიონი?! - სალაპარაკოც არაფერია, გაიარეთ!“, - ასე უპასუხა ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას ფასთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას. საიმანოვმა გამოცემა chempionat-თან საუბრისას კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით პორტალ transfermarkt-ზე მითითებული ფასი, რომ თითქოს ხვიჩა 10 მილიონი ღირს, რეალობისგან ძალიან შორსაა.

Футбол. РПЛ. Матч Химки – Рубин
© photo: Sputnik / Alexey Filippov
ხვიჩა კვარაცხელია

ბელეკში შეკრებაზე ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრებში ხვიჩამ ხუთი გოლის გატანა შეძლო - ბოლოს დუბლით ნიჟნი ნოვგოროდთან სპარინგში გამოირჩა.

კვარაცხელიას გუნდმა თურქული შეკრების მორიგ მატჩში 3-1 იმარჯვა, სადაც ქართველმა შემტევმა ლიდერის როლი მოირგო. ხვიჩამ პირველი გოლი მე-19 წუთზე საჯარიმოს გარედან ტექნიკური დარტყმით შეაგდო, ხოლო 78-ე წუთზე ჯერ მეტოქის მცველს ბურთი მოპარა, შემდეგ კი მეკარის მოტყუება შეძლო და დუბლი გაიფორმა.

Игрок ФК Рубин Хвича Кварацхелия
© photo: Sputnik / Alexey Filippov
ხვიჩა კვარაცხელია

გასულ კვირას, კვარაცხელიას პერფორმანსით მოხიბლულმა „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩას მომავალსა და მის ტალანტზე ისაუბრა. „აჭარასპორტთან“ ინტერვიუში სლუცკიმ კვარაცხელიასთან დაკავშირებით საინტერესო პარალელიც გაავლო. მან კვლავ აღნიშნა, რომ ქართველის „რუბინში“ დიდი ხნით გაჩერება მიზანშეწონილი ნამდვილად არაა.

„თუ დათვს პატარა გალიაში მოვათავსებთ ეს არ იქნება კარგი. ასეა ფეხბურთელების შემთხვევაშიც, თუ ზაფხულისთვის ხვიჩას დონე რუსული ფეხბურთის დონეზე მაღალი იქნება ის აუცილებლად უნდა წავიდეს“, - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

აღსანიშნავია, რომ ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ 2001 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული ნიჭიერი ფეხბურთელების სია გამოქვეყნა, სადაც ზემოთ ხსენებული კვარაცხელიაც მოხვდა. ქართველი ვარსკვლავი 50 მოთამაშეს შორის შეიყვანეს და ის 34-ე ადგილს იკავებს.

Динамо Тбилиси проиграл сербскому Раднику
თბილისის „დინამო“

ყაზანური კლუბის პარალელურად თავისი შეხვედრები თურქულ და ესპანურ შეკრებებზე ქართულმა გუნდებმაც ჩაატარეს. თბილისის „დინამომ“ ქალაქ ბელეკში შეკრება გამარჯვებით დაასრულა. თბილისურმა გრანდმა ბოლო ტესტ-მატჩი უკრაინის პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ ვერესთნან გამართა და 3:2 მოიგო. ხუთივე გოლი მატჩის პირველივე ტაიმში გავიდა და მეორე ნახევარი გუნდებმა გატანილი გოლების გარეშე დაასრულეს. თურქეთში „დინამომ“ მთლიანობაში რვა სპარინგ-მატჩი გამართა და ორჯერ მოიგო.

ФК Динамо Батуми
ბათუმის „დინამო“

წარმატებული გამოდგა თურქული შეკრების მორიგი შეხვედრა ბათუმის „დინამოსთვისაც“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბოსნიურ ბორაცს ორი უპასუხო გოლი შეუგდო.

მატჩის 65-ე წუთზე ბათუმელთა ნახევარმცველმა შორი მანძილიდან უძლიერესი საჯარიმო დარტყმით ბურთი კედელში გააძვრინა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი მამუჩაშვილმა ულამაზესი დარტყმით დააფიქსირა. მომდევნო შეხვედრას ზღვისპირელები 13 თებერვალს, „არსენალ ტულასთან“ ჩაატარებენ.

Нападающий сборной Грузии по футболу Леван Мчедлидзе
© Sputnik / Levan Avlabreli
ლევან მჭედლიძე

აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელეს. დინამოელებმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე გაიფორმეს. 30 წლის გამოცდილი ფორვარდი, ბოლოს დინამო თბილისის ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც 2019 წელს ხუთი მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლია. ის ერთადერთი ბურთი ლევანმა „ანგისაზე“, სწორედ დინამო ბათუმის კარში გაიტანა და დედაქალაქელთა ჩემპიონობის ბედიც გადაწყვიტა.

Футбол. Лига Европы. Локомотив Тбилиси - Гранада Испания
ესპანურ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა თბილისის „ლოკომოტივმა“

ესპანურ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა თბილისის „ლოკომოტივმა“. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე „როსტოვს“ შეხვდა და პირველ ნახევარში დიდი წინააღმდეგობაც გაუწია. გუნდებმა 31-ე და 35-ე წუთებზე გოლები გაცვალეს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

თბილისელთა გოლი კახაბრიშვილის აქტიურობას მოჰყვა, თუმცა, მე-2 ნახევარში რუსული კლუბის უპირატესობა გამოიკვეთა. 54-ე წუთზე მატიას ნორმანმა გატანილი თერთმეტმეტრიანით შემდეგ „როსტოვი“ მეორედ დააწინაურა. მატჩის ბოლოს კი დმიტრი პოლოზმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მნიშვნელოვანია, რომ „ლოკომოტივის“ რიგებში საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გამოჩნდა, რომელიც მოედანზე მე-60 წუთზე გამოვიდა. კაშიამ დეკემბერში ამერიკული „სან ხოსე“ დატოვა და თბილისურ გუნდში დროებით, ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს.

„ბორჯღალოსნებმა“ „დათვებს“ დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს: შედეგით ორივე მხარე კმაყოფილია

რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთს უმასპინძლა და ანგარიშით - 16:7 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარში გუნდებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ლინ ჯონსმა განაცხადა, რომ მიუხედავად წაგებისა ის მისი შეგირდებით კმაყოფილია.

Матч между сборными Грузии и России по регби 7 февраля 2021 года
© Sputnik / STRINGER
რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთს უმასპინძლა
„ვერც წარმოვიდგენდით პირველ ტაიმის ანგარიშს. ჩვენი გეგმით ჩამოვედით. ვიცით, რამდენად ძლიერია საქართველოს ნაკრები. უმძიმესი მატჩი ჩავატარეთ და კმაყოფილი ვარ. შესვენებაზე ვთქვით, რომ შეცდომები კიდევ გამოგვესწორებინა და ნაკლებად დაგვეშვა. საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი იყო კონტაქტებისა და შერკინების დროს. „ბორჯღალოსნებმა“ კი შეცდომები არ დაუშვეს და ქულები აიღეს“, - აღნიშნა ჯონსმა.

პირველი ტაიმის უქულოდ დამთავრებას არც საქართველოს ნაკრები მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მოელოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას „ბორჯღალოსნების“ თავკაცმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული ტაქტიკური შეცდომებისა მატჩის მიმდინარეობითა და შედეგით ისიც კმაყოფილია.

„უქულო პირველი ტაიმის მოლოდინი არ გვქონდა. ამ ტიპის მატჩებში მეტოქე უნდა გყავდეს წნეხში. თუ ამას ვერ მოახერხებ, პირიქით შენ ექცევი წნეხში. მომენტები იყო, სადაც ქულები უნდა აგვეღო, მაგრამ ეს ვერ შევძელით, რის გამოც რთული მატჩი გამოვიდა. ერთ-ერთზე ორთაბრძოლები უნდა მოგვეგო  - ეს ვუთხარი მორაგბეებს“ - განაცხადა მაისაშვილმა.

გასული კვირა ქართული რაგბისთვის ნაკლებად დატვირთული გამოდგა. ერთადერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ქართველების საყურადღებოდ გავრცელდა ნაკრების უცვლელი წევრი ბექა გიგაშვილის ახალი კონტრაქტია. მან ფრანგული TOP 14-ის ერთ-ერთ გრანდთან „ტულონთან“ კონტრაქტი გააგრძელა და კლუბის ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს.

ქართველი კალათბურთელები საზღვარგარეთ და ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ნატურალიზებული წევრი

NBA-ში მოასპარეზე „ინდიანა პეისერსის“ ქართველ ცენტრს კვლავ არ ენდობიან. გოგა ბითაძის გუნდმა გასულ კვირაში ორი შეხვედრა ჩაატარა და დიდი სათამაშო დრო არც ერთ შეხვედრაში არ მიეცა.

Центровой сборной Грузии по баскетболу Гога Битадзе
გოგა ბითაძის გუნდმა გასულ კვირაში ორი შეხვედრა ჩაატარა

პირველ შემთხვევაში „ინდიანა“ „ბრუკლინთან“ ანგარიშით 104-94 დამარცხდა. აღნიშნულ მატჩში გოგა ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 13 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზედიზედ ოთხი წაგებული თამაშის შემდეგ, „პეისერსმა“ გამარჯვება შეძლო და  „დეტროიტს“111:95 სძლია. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მან „პისტონსთან“ მხოლოდ 2 წუთი ითამაშა, რა დროშიც ერთადერთი შედეგიანი პასის გაკეთება მოასწრო.

ამერიკიდან ცოტა ევროპისკენაც გავიხედოთ, სადაც გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მორიგი მატჩი მოიგო. ესპანეთის საკალათბურთო თასის მეოთხედფინალში ტენერიფე საქართველოს ნაკრების წევრის თად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსს“ შეხვდა და მეტოქეს 87:76 სძლია, რითიც ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

Баскетболист сборной Грузии Георгий Шермадини
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მორიგი მატჩი მოიგო

ქართველი ცენტრი მსგავსად გასული მატჩებისა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23 წუთში 12 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. მეორე გუნდის მხრიდან საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა 27 წუთში მხოლოდ 9 ქულის მოპოვება შეძლო. გიორგის გუნდი ნახევარფინალურ დაპირისპირებაში რეალსა და ვალენსიას შორის გამარჯვებულს შეხვდება ნახევარფინალები 13 თებერვალსაა ჩანიშნული, ხოლო ფინალი – 14-ში გაიმართება.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს თად მაკფადენის შემდეგ კიდევ ერთი ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე შეუერთდება. Eurohoops-ის ცნობით, ჩვენი ნაკრების ახალი წევრი კონერ ფრენკამპია, რომელი ესპანური „მურსიას“ ღირსებას იცავს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრების ახალწვეულს ესპანეთის ჩემპიონატში ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს. სავარაუდოა, რომ ფრენკამპი თებერვლის საკვალიფიკაციო მატჩებში ვიხილოთ, სადაც ჩვენი ნაკრები სერბეთისა და ფინეთს ეროვნულ გუნდებს შეხვდება.

ბასილაშვილმა წაგებას მიგვაჩვია - ქართველი ჩოგბურთელი მელბურნს საბოლოოდ დაემშვიდობა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო პერიოდში სასურველ ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველივე მატჩი ამერიკელ ტომ პოლთან უშანსოდ დათმო.

Николоз Басилашвили
© photo: AFP 2020 / KOEN SUYK
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა ამერიკელ მეტოქესთან ვერაფერი მოახერხა და სამ სეტში– 4:6, 6:7 (0:7), 4:6 დამარცხდა. ცნობისთვის, ნიკოლოზი ამ ტურნირამდე მსოფლიო კლასიფიკაციაში 39-ე ნომერი გახლდათ, 23 წლის ტომ პოლი კი 53-ე პოზიციაზეა.

ბასილაშვილი წაგების მიუხედავად მელბურნში დარჩა და წყვილების თანრიგში იასპარეზა. ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელ მეწყვილე ანდრე გებემანთან ერთად მშვენივრად ითამაშა. მათ დიდი სლემის პირველი შეხვედრა კოლუმბიელებთან ხუან სებასტიან კაბალისთან და რობერტ ფარასთან გამართეს. კოლუმბიური წყვილი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი გახლდათ. მიუხედავად ამისა ბასილაშვილსა და მის მეწყვილეს სენსაციამდე ცოტა დააკლდათ.

ქართველმა და გერმანელმა ჩოგბურთელებმა პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგეს, მე-2 სეტის ტაი-ბრეიკზე კი 6:5 დაწინაურდნენ, მაგრამ ამის შემდეგ კოლუმბიელებმა ზედიზედ 3 გათამაშებაში იმარჯვეს და სეტი სათავისოდ დაასრულეს. საბოლოოდ, კაბალმა და ფარამ მატჩი, რომელიც თითქმის 3 საათს გაგრძელდა, 6:7 (5:7), 7:6 (8:6), 6:4 მოიგეს.

 

 

მთავარი თემები