16:47 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (97)
81 0 0

დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა უკავშირდება ფერმერების სტიმულირების სახელმწიფო პროგრამას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში გაიზარდა ფასები ნავთობპროდუქტებზე - ბოლო ორ თვეში ბენზინი და დიზელი საშუალოდ 40-50 თეთრით გაძვირდა.

ამავე დროს მომატებულია მოთხოვნა ავტომობილის საწვავზე - 2020 წლის დასაწყისიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,8%-ით გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტისა და საწვავის ფასების ზრდის მიზეზებზე, ასევე ახლო მომავალში მის შესაძლო კიდევ უფრო გაძვირებაზე Sputnik-საქართველოს ესაუბრა საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

რატომ გაიზარდა მოთხოვნა საწვავზე?

საწვავის იმპორტი ძირითადად დიზელის საწვავის შემოტანის ხარჯზე გაიზარდა, განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საქართველოში დიზელის იმპორტი 2020 წელს გასულ წელთან შედარებით 14,4%-ით გაიზარდა.

„დიზელის საწვავის იმპორტის გაზრდა უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მფლობელთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამას, დიდი მოცულობის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და საქართველოს გავლით ტრანზიტით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდას. 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე ეს მაჩვენებელი 13,3%-ით გაიზარდა“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება წელს ბენზინის იმპორტის შემცირებას 3,2%-ით - მთვრალაშვილის თქმით, ეს უკავშირდება პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს, მათ შორის სატრანსპორტო მიმოსვლის შემცირებას დისტანციური მუშაობისა და სწავლის გამო, ასევე ტურისტების რიცხვის მნიშვნელოვან შემცირებას.

რატომ გაიზარდა ფასები?

ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასები საშუალოდ 40-50 თეთრით გაიზარდა, განაცხადა მთვრალაშვილმა.

„საქართველოში საცალო ქსელში საწვავის ფასების ზრდა ფაქტობრივად ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო, მას შემდეგ, რაც Platt's-ის მიხედვით ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასებმა ზრდა დაიწყო. შესაბამისად, ივლისის დასაწყისიდან დღემდე ფასები საშუალოდ 40-50 თეთრითაა მომატებული. მიზეზი პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო ფასების ზრდას, რაც დროის სწორედ ამ ინტერვალში მნიშვნელოვანი მოცულობით დაფიქსირდა“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში დაფიქსირდა რეკორდულად დაბალი ფასები, და ასევე შეიძლება ითქვას, იმ პერიოდში საქართველოში არსებული ფასებიც, ყველაზე დაბალი იყო.

„მაგრამ მას შემდეგ, რაც მრავალ ქვეყანაში გაუქმდა კარანტინი და შეზღუდვები და ეკონომიკები გაიხსნა - ამან ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია და ამ პროცესის შედეგია ფასების მომატება, მათ შორის საქართველოშიც დიზელსა და ბენზინზე საცალო ქსელში“, - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ.

ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: პრემიუმის – 2,14-2,23 ლარი; რეგულარის – 1,97-2,13 ლარი; ევროდიზელის – 2,04-2,19 ლარი.

როდისაა მოსალოდნელი ფასების ზრდა?

სამომავლო პროგნოზი პესიმისტურია იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო თვეში ლარი დოლარის მიმართ უფასურდება და ამ ეტაპზე ვარდნა საკმაოდ მნიშვნელოვანია, სადღაც 20-22 პუნქტით, განაცხადა მთვრალაშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ საცალო ქსელში საწვავის ფასს მთლიანობაში განსაზღვრავს ორი მთავარი ფაქტორი - ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი Platt's-ის მიხედვით და ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ, რადგან ნავთობპროდუქტების შესყიდვა დოლარში ხდება.

„შესაბამისად, უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში, თუ საწვავის ფასების კორექტირება მოხდება, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული დოლარის მიმართ ლარის გაცვლით კურსზე, რომელიც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად გაუფასურდა და საწვავის ფასზე სერიოზულ ნეგატიურ ზეწოლას ახდენს. შესაბამისად ჩვენი მოლოდინები არ არის ოპტიმისტური. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გარკვეული დოზით ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით მოხდება“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (97)

მთავარი თემები