21:10 04 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0107
  • 100 RUB4.4084
  • USD3.3119
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
190 0 0

ეშელონირებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, დაცვის რამდენიმე პერიმეტრი, თანამედროვე ტექნიკური ნაგებობები და მოწყობილი სამხედრო ქალაქი — უკვე ხუთი წელია, რაც რუსი მფრინავები სირიაში იმყოფებიან.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

ამ დროის განმავლობაში ჰმეიმის ავიაბაზა სანიმუშო გახდა: თავდაცვის სამინისტრო მსგავსი ობიექტების მშენებლობისთვის უცხოეთის ქვეყნების გამოცდილებას იზიარებს. ცოტა ხნის წინ დამასკი მოსკოვს კიდევ რვა ჰექტარი მიწის გადაცემას დაპირდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამაჯანსაღებელი ცენტრის ასაგებად.

ტრიალი მინდორი

უმსხვილესი რუსული ავიაბაზის აგება სირიაში 2015 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში სამხედრო–კოსმოსური ძალების ჯგუფი გაიგზავნა სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან ბრძოლაში. მის საფუძვლად ბასილ ალ-ასადის სახელობის აეროპორტი იქცა ლატაკიიდან 25 კილომეტრში.

სამოქალაქო აეროდრომის საბრძოლო თვითმფრინავებზე მოსარგებად ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, სააეროდრომო-ტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი, სამხედროებისთვის საცხოვრებელი შენობების აგება გახდა საჭირო. საერთო ჯამში სირიაში ასობით ათასი ტონა ტვირთი ჩაიტანეს.

ოპერაციის საწყის ეტაპზე ოპერატიულ ჯგუფში დაახლოებით 50 საბრძოლო მანქანა ირიცხებოდა — მოიერიშე Су-25-ები, ბომბდამშენები Су-24 და Су-34, გამანადგურებლები Су-30СМ, ვერტმფრენები Ми-24 და Ми-8АМТШ. გარდა ამისა, ჰმეიმიში ოპერატიულად გადაისროლეს ათობით საწვავშემავსებელი.

მფრინავები და ტექნიკური პერსონალი მცირე ზომის მოდულურ ვაგონებში განთავსდნენ — თითოეულში ორი-ოთხი კაცი. ეს ერთგვარი საცხოვრებელი ლითონის კონტეინერებია წყალსადენით, კანალიზაციითა და კონდიციონერებით. იქვე ახლოს მობილული საცხობები, სამრეცხაოები და აბანოები დაიდგა. ოდნავ მოგვიანებით გაჩნდა სასადილო, კლუბი, სპორტული მოედნები და მინი-მუზეუმიც კი, რომელიც ავიაბაზის ისტორიას ეძღვნება.

„აქ ფაქტობრივად შიშველი აეროდრომი და საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახური იყო, — აცხადებს ექსპერტი ვიქტორ მურახოვსკი, რომელიც ავიაბაზაზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. — ფრენის მცირე დარბაზი შენარჩუნდა, მაგრამ მას უფრო დამხმარე ფუნქცია აქვს. ძირითადი ნაგებობები თავიდან აშენდა. ასაფრენ–დასაჯდომი ზოლი გარემონტდა და გაფართოვდა. ახლა აეროდრომს მძიმე კლასის თვითმფრინავების მიღება შეუძლია, სტრატეგიული ავიაციის ჩათვლით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჰმეიმი მსოფლიოს სხვა რეგიონებში, მაგალითად, აფრიკაში ფრენების შუალედურ პუნქტადაც გამოიყენება“.

მიუდგომელი სიმაგრე

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ობიექტის უსაფრთხოებას. სირიაში შორი მოქმედების საზენიტო–სარაკეტო სისტემა С-400, ახლო მოქმედების კომპლექსი Тор-М2-ები და საზენიტო სარაკეტო–საქვემეხო კომპლექსი Панцирь-С1 გადაისროლეს. ბაზის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას ყველა სახის საჰაერო სამიზნეების განადგურება შეუძლია 250 კმ-მდე მანძილზე.

„ჰმეიმში შექმნილია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეშელონირებული სისტემა, — განმარტავს მურახოვსკი. — გამოიყენება სხვადასხვა წვდომისა და ტიპის საშუალებები. მუდმივად საბრძოლო მორიგეობაზეა С-400, Тор და Панцирь. გარდა ამისა, არის საზენიტო–საარტილერიო დანადგარები ЗУ-23. დაზვერვაზე, მონიშვნასა და დამიზნებაზე რადიოლოკაციური სადგურები აგებს პასუხს, რომლებსაც ნებისმიერი საჰაერო სამიზნის აღმოჩენა შეუძლია — მცირე ზომის დრონებისა და რეაქტიული ჭურვების (მათ შორის, კუსტარულის) ჩათვლით“.

ავიაბაზის დაცვის სისტემაში ორი პერიმეტრია. გარე პერიმეტრს რუსი და სირიელი სამხედროები აკონტროლებენ ერთობლივად. შიდა პერიმეტრზე უცხოელებს არ უშვებენ. უსაფრთხოებას უპილოტო ავიაციაც უზრუნველყოფს: ჰმეიმის თავზე 24 საათის განმავლობაში ერთდროულად ათამდე დრონი მორიგეობს.

გარე სამყაროსთან კავშირს ყველა ხელმისაწვდომი საშუალება უზრუნველყოფს — დაწყებული რადიოსადგურებით, დასრულებული თანამგზავრული კომპლექსებით, რომლებიც ერთიან სისტემაშია ინტეგრირებული.

„დაჯგუფების სარდალი და საბრძოლო მართვის შტაბი პირდაპირ კავშირზეა მოსკოვთან. სარდალს ასევე აქვს ე.წ. დეკონფლიქტაციის ხაზი ერაყში კოალიციური დაჯგუფების წარმომადგენლებთან. ეს ამერიკელებთანაა შეთანხმებული და სირიაში ინციდენტების აღკვეთის საშუალებას იძლევა“, — ამბობს მურახოვსკი.

სირიული კურორტი

სირიაში ავიაბაზის ასაგებად ტვირთები ზღვითაც ჩადიოდა და ჰაერითაც — რამდენიმე თვის განმავლობაში ხომალდებისა და თვითმფრინავების მწკრივი არ წყდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები სასტიკი სამოქალაქო ომისა და მძიმე კლიმატურ პირობებში მიმდინარეობდა, რუსმა სპეციალისტებმა მოახერხეს მოკლე დროში აეგოთ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და დაცული სამხედრო ობიექტი მსოფლიოში.

დღეს ავიაბაზა მზადაა ნებისმიერი ტიპის თვითმფრინავის, მათ შორის, შორი მანძილის ბომბდამშენ Ту-22М3-ის, სტრატეგიული რაკეტმზიდ Ту-95-ისა და Ту-160-ის მისაღებად. აეროდრომზე განთავსებულია საწვავით შევსების ცენტრალიზებული სისტემა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ათობით საფრენ აპარატს მოემსახუროს. აგებულია დაცვის მაღალი დონის მქონე საფარები საავიაციო ტექნიკის დასაცავად.

ექსპერტების შეფასებით, ჰმეიმის იმაზე მეტი თვითმფრინავის განთავსება და მომზადება შეუძლია ბრძოლისთვის, ვიდრე ახლაა იქ ბაზირებული.

„თვითმფრინავების დამალვა საიმედო საფარებში შეიძლება. სპეცნაგებობებში ასევე ინახება საწვავის, რაკეტების, საბრძოლო მასალების მარაგი. ცნობილია, რომ სამოქალაქო ომის ყველაზე დაძაბულ მომენტებში თვითმფრინავები რამდენიმე გაფრენას ახორციელებდნენ დღე-ღამეში სრული საბრძოლო დატვირთვით“, — აღნიშნავს ექსპერტი.

ზურგის უზრუნველყოფის თვალსაზრისით რუს სამხედროებს საკმაოდ კომფორტული პირობები შეუქმნეს. ისინი ძირითადად ჩატანილი პროდუქტებით იკვებებიან, თუმცა რაციონში ასევე უმატებენ ადგილობრივ პროდუქტებსაც — მკაცრი სანიტარული კონტროლის გავლის შემდეგ.

მიწის ახალი ნაკვეთი, რომელიც სირიის მთავრობამ რუსეთს გამოუყო, უპირველესად სამედიცინო გამაჯანსაღებელი კომპლექსისთვისაა დანიშნული.

„ცენტრს დიდი ალბათობით არა მარტო სირიაში მივლინებით მყოფი სამხედროები, არამედ ზოგადად რუსეთის შეიარაღებული ძალები გამოიყენებს. ცნობილია, რომ რუსი სამხედროებისთვის უცხოეთის კურორტები დაკეტილია, ხოლო სირიის ლატაკიის სანაპირო სამოთხეს ჰგავს. აქ არაბთა საამიროებიდანაც კი ჩამოდიან. ადგილობრივები ამ კომპლექსს ალბათ არ ესტუმრებიან — მათ ისედაც აქვთ ზღვაზე დასვენების შესაძლებლობა“, — ამბობს მურახოვსკი.

ასეა თუ ისე, ხუთ წელიწადში ჰმეიმის ავიაბაზა მცირე აეროდრომიდან ნამდვილ ქალაქად იქცა — ქუჩებითა და მოედნებით, სკვერითაც კი. ქუჩებს სახელწოდებები სირიის ოპერაციების გმირების — გენერალ ვალერი ასაპოვის, მფრინავების ოლეგ პეშკოვისა და რომან ფილიპოვის, არმიის გენერალ ვასილი მარგელოვის პატივსაცემად დაარქვეს.

მთავარი თემები