08:27 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (167)
25002

ერთ წელიწადში საქართველოს მოსახლეობაში გაიზარდა იმათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება

საქართველოს მოსახლეობას აწუხებს სიღარიბე, უმუშევრობა, ინფლაცია და კორონავირუსი. არჩევნებზე კი ადამიანებისთვის მთავარია - პარტიის პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე. ასეთია აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის შედეგები. კვლევა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ჩატარდა.

გამოკითხვის ფარგლებში ქვეყნის მოქალაქეებს უსვამდნენ კითხვებს იმის დასადგენად, თუ რას ელის მოსახლეობა და ვის ენდობა.

გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ასე გამოკითხულთა 66% ფიქრობდა.

ამასთან, წინა წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით, 23%-დან 38%-მდე გაიზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. 

ქვეყნის მთავარი პრობლემები და კორონავირუსი

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობას ყველაზე მეტად ეკონომიკური პრობლემები აღელვებს. ასე მაგალითად, 46% მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, 17% - ფასების ზრდას, 10% - სიღარიბეს, 4% - სხვა ეკონომიკურ პრობლემებს.

მსოფლიოს უმთავრესი საფიქრალი კი - კორონავირუსი - ქვეყნის მთავარ პრობლემად გამოკითხულთა მხოლოდ 4%-ს მიაჩნია.

ამასთან, იმავე გამოკითხვის მიხედვით, 79% კმაყოფილია მთავრობის მუშაობით კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით.

მეტიც, 25%-მა კორონავირუსთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის მთავარ მიღწევად დაასახელა. მეორე ადგილზე აღმოჩნდა ჯანდაცვის რეფორმა (7%), მესამეზე - სიტყვის თავისუფლება (3%).

94%-ის აზრით, ყველაზე წარმატებული უწყება პანდემიასთან ბრძოლაში იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. 91%-ისთვის ეფექტურია ჯანდაცვის სამინისტრო, 81%-ისთვის - მთავრობა და 74%-ისთვის - საქართველოს საპატრიარქო. მხოლოდ 57%-ის აზრით არის ეფექტური ქვეყნის პარლამენტის საქმიანობა.

გამოკითხულთა 56% კმაყოფილია მთავრობის მუშაობით კორონავირუსის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავების თვალსაზრისით, ამდენივე კმაყოფილია მისი სოციალური პროგრამებით.

67% აღნიშნავს, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა კორონავირუსის გამო გაუარესდა.

პერსონებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა საქართველოში

IRI-ს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქართველოში ყველაზე მეტად კმაყოფილი არიან ჯარის (89%), საპატრიარქოს (85%) და მასმედიის (71%) საქმიანობით.

იუსტიციის სახლმა და პოლიციამ, რომლებიც ადრე ყოველთვის ლიდერთა შორის იყვნენ, 65 და 62 პროცენტით მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გადაინაცვლეს. მომდევნო ადგილებს 59%-ით პრემიერ-მინისტრი და 50%-ით ადგილობრივი ხელისუფლება იკავებენ.

ყველაზე ნეგატიურად რესპონდენტები აფასებენ პროფკავშირების, გუბერნატორებისა და სასამართლოების საქმიანობას.

რაც შეეხება პიროვნებებს, ყველაზე მეტი სიმპათიით სარგებლობენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე და ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე.

ყველაზე ნეგატიური შეფასება დაიმსახურეს პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ბანკირებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ და „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

წინასაარჩევნო საქმეები

IRI-ს გამოკითხვამ, პირველ რიგში, აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს პოლიტიკური პარტიებისადმი და მათთვის უფრო მნიშვნელოვანია პარტიის ან კანდიდატის პროგრამა. 

როდესაც რესპონდენტებს პარტიებისადმი ნდობის თაობაზე დაუსვეს კითხვა, 64%-მა აღნიშნა, რომ მათი დამოკიდებულება არის ნეიტრალური, 21%-მა - რომ არ ენდობა, ნდობა კი 11%-მა გამოხატა. დანარჩენებმა პასუხისგან თავი შეიკავეს.

64%-მა განაცხადა, რომ საქართველოში არის პარტია, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს, მაშინ როცა 30% ასეთ პარტიას ვერ ხედავს.

42%-ისთვის არჩევანის გაკეთებისას მთავარია პარტია და მისი პროგრამა, 18%-ისთვის - პარტია, 21%-ისთვის მისი კანდიდატები და 13%-ისთვის - დაპირებები.

ამავდროულად 62%-მა განაცხადა, რომ პარტიის პროგრამაში მათთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოლიტიკა, 48%-მა - ასევე, ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა.

საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვანია მხოლოდ 15%-ისთვის, განათლება და სამართლებრივი პოლიტიკა აღელვებს 12%-ს.

პარტიების რეიტინგი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 33%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 16%
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" 5%
„ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი" 3%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"  3%
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 2%
„მოქალაქე" ალეკო ელისაშვილი 2%
„ლელო საქართველოსთვის" 2%
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" 1%
„გამარჯვებული საქართველო" 1%

კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 1,5 ათასმა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. გამოკითხვის ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (167)

მთავარი თემები