გენიოსის ისტორია: ქართველი, რომელმაც „ოლიმპიური დათუნია“ მოიგონა

© photo: Sputnik / Dmitry Donskoy / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიური დათუნია
ოლიმპიური დათუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლიდან წლამდე მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც 1980 წლის მოსკოვის XXII ოლიმპიური თამაშები ახსოვს. მაგრამ მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის სიმბოლო და „დათუნიასთან დამშვიდობების“ საკულტო მომენტი მათთვისაც კი ცნობილია, ვინც მაშინ დაბადებულიც არ იყო.

ნათია ქვარცხავა

თუმცა ბევრმა არ იცის, რომ დათვის შექმნა და მისი ცაში გაშვება მოაფიქრდა ერთ ლეგენდარულ ქართველს — სსრკ-ის სახალხო არტისტ იოსებ თუმანიშვილს (თუმანოვს).

იოსებ თუმანიშვილი ცნობილი თეატრის რეჟისორი, პედაგოგი, კონცერტებისა და წარმოდგენების გამოცდილი დამდგმელი რეჟისორი იყო. სწორედ თუმანიშვილის დამსახურებით იქცა მოსკოვის ოლიმპიადა საუკუნის მოვლენად.

© photo: Sputnik / O. Ivanov / გადასვლა მედიაბანკშიიოსებ თუმანიშვილი
გენიოსის ისტორია: ქართველი, რომელმაც „ოლიმპიური დათუნია“ მოიგონა - Sputnik საქართველო
იოსებ თუმანიშვილი

იგი საქართველოში დაიბადა. მუშაობდა სტანისლავსკისთან. სჯეროდა, რომ მაყურებელს სჭირდებოდა არა მხოლოდ დრამა, არამედ აღტაცება და ძლიერი ემოციები. როგორც დღევანდელი ახალგაზრდობა იტყოდა, იგი „ღმერთის დონის“ მასობრივი დადგმების შემოქმედი იყო. ყველაფერი, რასაც ეხებოდა, განსაკუთრებულ აზრსა და სილამაზეს იძენდა.

საქართველო. დასაწყისი

ყველაფერი თბილისში დაიწყო. მაშინ, შორეულ 1909 წელს საქართველოს დედაქალაქს ტიფლისს უწოდებდნენ. სწორედ აქ ეზიარა იოსებ თუმანიშვილი პირველად თეატრის სამყაროს. ეს 1923 წელს მოხდა.

იოსებ თუმანიშვილმა წარმატებით დაამთავრა დრამატურგიული კურსი გამოჩენილი რეჟისორისა და პედაგოგის იური ზავადსკოის ხელმძღვანელობით. თუმანიშვილი ჯერ მისი სახელობის თეატრ-სტუდიის წამყვანი მსახიობი იყო. მალე მოსკოვის სამუშაო სამხატვრო თეატრის, მოგვიანებით კი - ახალი თეატრის მთავარი რეჟისორი გახდა.

1930-იან წლებში მრავალი შემოთავაზებიდან თუმანიშვილმა სტანისლავსკის სახელობის ოპერის თეატრი აირჩია, 40-იანებში მოსკოვის ოპერეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა, 50-იანებში კი - მოსკოვის პუშკინის სახელობის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი, 60-იანებში ერთდროულად მუშაობდა კრემლის ყრილობათა სასახლესა და დიდ თეატრში.

© photo: Sputnik / Leon Dubilt / გადასვლა მედიაბანკშიიოსებ თუმანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი დიდი თეატრის სცენაზე
გენიოსის ისტორია: ქართველი, რომელმაც „ოლიმპიური დათუნია“ მოიგონა - Sputnik საქართველო
იოსებ თუმანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი დიდი თეატრის სცენაზე

მისი ხელმძღვანელობით ყოველთვის იქმნებოდა ნამდვილი შედევრები, უმაღლესი კლასის წარმოდგენები. დადგმული აქვს მუსორგსკის ოპერა „ბორის გოდუნოვი“ ლა სკალას სცენაზე. იოსებ თუმანიშვილი დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით.

საქართველოში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, თუმანიშვილმა დადგა ორი ქართული ოპერა - ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1953) და თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“ (1958).

იოსებ თუმანოვს ანდობდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენების დადგმას. იგი იყო მოსკოვის არაერთი ნაციონალური დეკადის კონცერტების სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი რეჟისორი, მათ შორის, 1958 წელს ქართული ხელოვნების დეკადისა. მოგვიანებით კი ქართველმა რეჟისორმა პედაგოგობას მიჰყო ხელი და ნიჭიერი არტისტების მთელი პლეადა გამოზარდა.

რაც შეეხება კინოს, თუმანიშვილმა მხოლოდ ერთ მხატვრულ ფილმზე იმუშავა თავის თანამემამულეზე, პოეტ დავით გურამიშვილზე. მისი მთავარი გატაცება თეატრი იყო.

© photo: Sputnik / Alexander Makarov / გადასვლა მედიაბანკშისპექტაკლზე მუშაობის დროს
გენიოსის ისტორია: ქართველი, რომელმაც „ოლიმპიური დათუნია“ მოიგონა - Sputnik საქართველო
სპექტაკლზე მუშაობის დროს

სამწუხაროდ, რეჟისორის ერთ-ერთი ბოლო, მსხვილი და ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევარი იყო მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიები.

 „დათვები არ დაფრინავენ“

XXII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 1980 წლის 19 ივლისს ლუჟნიკების ლენინის სახელობის სტადიონზე გაიმართა. საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღო 16 ათასმა ადამიანმა, მათ შორის იყვნენ პროფესიონალი მოცეკვავეები, ათლეტები, სტუდენტები და მსახიობები.

ეს იყო ისტორიაში პირველი ოლიმპიური თამაშები აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, ასევე პირველი თამაშები, ჩატარებული სოციალისტურ ქვეყანაში. ამიტომ ყველაფერი უნაკლო, იდეალური უნდა ყოფილიყო. ვის, თუ არა თუმანიშვილს, ჰქონდა ამის უნარი.

 „მამას ბევრი სირთულის გავლა, წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა. მაგალითად, კომპარტიის მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის გრიშინის განცხადება იმის შესახებ, რომ დათვები არ დაფრინავენ, - ყვებოდა რეჟისორის შვილი, - ტრიბუნებზე მტრულ რეაქციას ელოდნენ, რადგან ეს იყო 1980 წელი, 1979 წელს კი ჩვენ ავღანეთში შევედით და მთელი მსოფლიო აგვიმხედრდა. მან ისე მოაწყო ყველაფერი, რომ ადამიანები ატირდნენ და უცებ ეს ქვეყანა შეიყვარეს“.

საინტერესოა, რომ თავდაპირველად თამაშების მთავარი რეჟისორობა იგორ მოისეევს შესთავაზეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, როდესაც უთხრეს, რომ უშუალოდ ბრეჟნევთან ურთიერთობა მოუწევდა.

© photo: Sputnik / А. Князев / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიადა-80-ის საზეიმო გახსნის ცერემონია მოსკოვში
გენიოსის ისტორია: ქართველი, რომელმაც „ოლიმპიური დათუნია“ მოიგონა - Sputnik საქართველო
ოლიმპიადა-80-ის საზეიმო გახსნის ცერემონია მოსკოვში

ახლა, 40 წლის შემდეგ, ნათელია, რომ იოსებ თუმანიშვილის მოფიქრებული დათვი - სრულიად გენიალური გამოგონებაა, რომელმაც ათასობით თვალი ააცრემლა. მაგრამ რომ არა იოსებ თუმანიშვილის სიჯიუტე, მისი დაუოკებელი სწრაფვა მშვენიერებისკენ, დათვი ალბათ ვერც გაფრინდებოდა თავის „ზღაპრულ ტყეში“, არამედ უბრალოდ შეძვრებოდა ბუნაგში, როგორც ეს დათვებს სჩვევიათ.

საქმე ისაა, რომ ეს ზღაპრული ფრენა შეიძლებოდა ჩაშლილიყო, ვინაიდან ჩინოვნიკები ერთხმად იმეორებდნენ: „დათვები არ დაფრინავენ!“, მაგრამ ოლიმპიადის დამდგმელმა რეჟისორმა განაცხადა, რომ შეუძლიათ და დაამტკიცა კიდეც.

როგორ?!

ახლა ყველაფერი შესაძლებელია, მაშინ კი, 80-იანებში, რობოტექნიკის სფერო იმ დონეზე განვითარებული არ იყო, რომ მიწიდან რვამეტრიანი დათვის მართვა მარტივად მოხერხებულიყო. ქართველი რეჟისორის გამოგონილი მფრინავი დათვის გამოცდას, სამწუხაროდ, ტრაგიკული ხასიათიც ჰქონდა.

როგორც თანამედროვეები იხსენებენ, იოსებ თუმანიშვილის მიერ დასახულ რთულ ამოცანას ინჟინერმა ტრუსოვმა ორიგინალური ვერსიით უპასუხა. მან ცაში ჰელიუმის ბუშტებით დათვის ფორმაში გამოწყობილი ადამიანის გაშვების წინადადება წამოაყენა.

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიადა 80-ის დახურვის საზეიმო ცერემონიალი - დათუნია გასაფრენად ემზადება
გენიოსის ისტორია: ქართველი, რომელმაც „ოლიმპიური დათუნია“ მოიგონა - Sputnik საქართველო
ოლიმპიადა 80-ის დახურვის საზეიმო ცერემონიალი - დათუნია გასაფრენად ემზადება

აპარატის გამოცდა თავადვე გადაწყვიტა. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელმა ქარმა ადამიანი თავისი ბუშტებით ცაში მაღლა აიტაცა. დადიოდა ჭორები... ამბობდნენ, რომ ტრუსოვი ცაში დაიკარგა, დაიღუპა ან მიწაზე დაშვებისას საზღვარგარეთ გაიქცა. ერთი რამ ცხადი იყო - მისი ვარიანტი ჩაიშალა.

ჰელიუმის ბუშტებით დათვის მართვის წინადადებით ამჯერად გამომგონებელი იური მალცევი გამოვიდა. უკანა თათში მოთავსებული იყო პილოტის კაბინა. მაგრამ გამოცდის დროს ყველაფერი ისევ ქარმა გააფუჭა და დათვი ოლიმპიური ცეცხლისკენ წაიღო. პილოტი დაიღუპა. ტრაგიკული ფრენის გარჩევისას გაჩნდა წონასწორობის შესანარჩუნებლად ბუშტების მხოლოდ ყურებსა და თათებზე მიბმის იდეა.

© photo: Sputnik / Okhmakevich / გადასვლა მედიაბანკშიკოსმონავტი ალექსეი გუბარევი ოლიმპიადის თილისმასთან ერთად
გენიოსის ისტორია: ქართველი, რომელმაც „ოლიმპიური დათუნია“ მოიგონა - Sputnik საქართველო
კოსმონავტი ალექსეი გუბარევი ოლიმპიადის თილისმასთან ერთად

შედეგად ცდა წარმატებით დასრულდა. დახურვის ცერემონიაზე „ოლიმპიური დათვის“ აეროსტატი კარგად იქცეოდა, ისე, როგორც მის შემქმნელ თუმანიშვილს სურდა. საჭირო დროს ის ლამაზად გამოცურდა, აფრინდა საჭირო სიმაღლეზე, გამოიწვია დიდი სიხარული და აღტაცება, შემდეგ კი ფრენის ტრაექტორია შეცვალა და მთებისკენ აიღო გეზი. სად და როდის დაეშვა მიწაზე, ცნობილი არ არის.

იოსებ თუმანიშვილის მთელი შემოქმედებითი გზა კაშკაშა და გამორჩეული იყო. იგი მასშტაბური თეატრის, გრანდიოზული დადგმების დახელოვნებული შემქმნელი იყო. რეჟისორს ჰქონდა განსაცვიფრებელი უნარი, დაენახა ერთი მთლიანობა დეტალების გარეშე - ეს მისი უმთავრესი ნიჭი იყო, ამიტომ იყო მისი ნამუშევრები გულში ჩამწვდომი და მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა.

ყველა ახალი ამბავი
0