13:46 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (639)
58 0 0

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2020 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა. ანგარიში მოიცავს იმ პერიოდს, როდესაც საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე იმყოფებოდა.

ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში ჯერ კიდევ გრძელდებოდა, მაგრამ პანდემია და კრიზისი უკვე აისახა მასზე. პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დადებითი იყო – 1.5%, იანვარში მაღალი ეკონომიკური ზრდის (5.5%) და თებერვალში გაგრძელებული პოზიტიური ტენდენციის (2.2%) გამო. მაგრამ მარტში უკვე ვარდნა დაიწყო – -2,7%-მდე .

„მიმდინარე შეფასებით, 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის შემცირება 4%-ით, და ეს გავლენას მოახდენს ისეთ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, როგორიცაა საბიუჯეტო დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, უმუშევრობა და ა.შ.“, – ნათქვამია განმარტებებში ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

პანდემიის ფონზე საქართველოში ინფლაცია, ნაცვლად მოსალოდნელი 3%-ისა, აღმოჩნდა 6,1%-ის დონეზე. საშუალო ინფლაციამ შეადგინა 5,8%. განსაკუთრებით გაიზარდა ფასები სურსათზე, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურებაზე, ასევე სხვადასხვა საქონელზე და მომსახურებაზე.

ამავე დროს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 2019 წლის დეკემბერთან შედარებით მარტში 14,5%-ით დაეცა.

პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაც 2,7%-ით შემცირდა და მან დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ექსპორტი დაეცა 5,9%-ით, იმპორტი – 1,4%-ით. 2020 წლის პირველ სამ თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი, რაც ამ პერიოდში სავაჭრო ბრუნვის 43,9%-ს შეადგენს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 17,6%-ით და, შესაბამისად, ტურიზმით მიღებული შემოსავლები 26,1%-ით. ამგვარად, პირველ კვარტალში ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ 427,7 მილიონი დოლარი შეადგინა.

იპოთეკური სესხი ბინის შესაძენად – ვინ მიიღებს დახმარებას მთავრობისგან >>

2020 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯერ კიდევ შეინიშნებოდა ფულადი გზავნილების მცირე ზრდა – 0,1%-ით. საქართველოში სულ 328,2 მილიონი დოლარია გადმორიცხული. თუმცა, ამასთან ერთად ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა რუსეთიდან (22,2%-ით) და თურქეთიდან (16,1%-ით), ხოლო გაიზარდა იტალიიდან (11,3%-ით), საბერძნეთიდან (9%-ით) და აშშ-დან (8,1%-ით).

როგორ სრულდებოდა ბიუჯეტი

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა შემოსავლების ნაწილში და ვერ შესრულდა ხარჯების ნაწილში.

პირველ კვარტალში ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა დაახლოებით 2,9 მილიარდი ლარი მოსალოდნელი 2,6 მილიარდის ნაცვლად, ხოლო ასიგნებებმა შეადგინა 3,5 მილიარდი (ნავარაუდევი იყო 3,7 მილიარდი).

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა დაახლოებით 2,7 მილიარდი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე 160,2 მილიონი ლარით მეტია.

შემოსულობები საშემოსავლო გადასახადის სახით საპროგნოზო მაჩვენებელს აღემატება 12,2%-ით, მოგების გადასახადის – 29,3%-ით, დღგ-ს – 8%-ით.

სახელმწიფო ბიუჯეტი და პანდემია

კორონავირუსის პანდემიის და 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო მიღებულია გადაწყვეტილებები დაუგეგმავი ხარჯების შესახებ.

მსგავს გადაწყვეტილებებს შორისაა მარტში აპრილის პენსიების გაცემა, ასევე კომპენსაციების გაცემა, გადახდების შეჩერებისთვის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად.

გარდა ამისა, პანდემიასთან საბრძოლველად პირველ კვარტალში განხორციელდა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, აღჭურვილობის შესყიდვები, დაიხარჯა სახსრები საკარანტინო ზონების მოსაწყობად და ეს ყველაფერი 4,6 მილიონი ლარი დაჯდა.

კიდევ 16 მილიონი ლარი დაიხარჯა 5 ათასი ტონა შაქრის, 500 ათასი ტონა მაკარონის და 1,5 მლნ ლიტრი ზეთის შესყიდვაზე.

ასევე 10 მილიონი ლარი პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების შენარჩუნებაზე გამოიყო.

კიდევ 28 მილიონი ლარი დაიხარჯა 121 ხელშეკრულებაზე იმ კომპანიებთან, რომლებმაც იზრუნეს კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების განთავსებაზე, ტრანსპორტირებაზე, კვებაზე, სივრცეების დალაგებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

კორონავირუსი რთველს ვერ შეაფერხებს – საქართველოს მთავრობა მეღვინეობის სფეროს დაეხმარება >>

გარდა ამისა, ამ პერიოდში მიღებულია გადაწყვეტილება გარკვეული სახის ბიზნესისთვის გადასახადების გადავადების შესახებ, შეწყდა რეგულარული ავიამიმოსვლა, დაიკეტა საბაჟო-გამშვები პუნქტების ნაწილი.

სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებები

გარდა ამისა, ამ პერიოდში გაიცა 705,8 მილიონი ლარის პენსიები და კომპენსაციები, კიდევ 195,2 მილიონი ლარი მოხმარდა სოციალური დახმარებების, დევნილების, შშმ პირთა, მარჩენალდაკარგულთა, მრავალშვილიანი ოჯახების და სხვა დახმარებების გაცემას.

კიდევ 14,4 მილიონი ლარი დაიხარჯა მაღალმთიანი სოფლების დახმარების პროგრამის ფარგლებში, საპენსიო და სოციალური დახმარებების დანამატებზე, მედპერსონალის ხელფასებზე და ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებაზე.

გარდა ამისა, 244,8 მილიონი ლარი საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზე დაიხარჯა.

ასევე, 2020 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფომ გასწია ხარჯები იძულებით გადაადგილებულთა და ავარიული სახლების მობინადრეებისათვის ბინების დაქირავების გამო. ამ პერიოდში საცხოვრებელი ფართის ქირა გადაუხადეს 2,5 ათას იძულებით გადაადგილებულ და 342 უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს.

ამ პერიოდში სახელმწიფომ 451 ოჯახს საკუთრებაში გადასცა ბინები და 255 სახლი შეუძინა სახელმწიფო პროგრამის „სახლი სოფლად“ ფარგლებში. ასევე სხვადასხვა რეგიონში გრძელდება სახლების მშენებლობა იძულებით გადაადგილებულთათვის.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (639)

მთავარი თემები